მზად არის თუ არა ქართველი მოსწავლე სტუდენტობისთვის
ფრაზა, "სტუდენტობა ცხოვრების საუკეთესო პერიოდია", ყველასთვის კარგად ნაცნობია. მოსწავლე თორმეტი წლის განმავლობაში ისმენს იმ სანუკვარი პერიოდის შესახებ, რასაც სტუდენტობის წლები ჰქვია. ისიც ხშირად, თავისდაუნებურად, იზიარებს უფროსების წარმოდგენებს და ერთი სული აქვს, დაამთავროს სკოლა და თვითონაც გამოსცადოს ეს თავგადასავლებითა და სიხარულით სავსე წლები.
თუმცა მშობლები თუ მასწავლებლები იშვიათად თუ ამახვილებენ იმ სირთულეებზე ყურადღებას, რომლებსაც მოსწავლეები ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლისას აწყდებიან. ეს კი ადაპტაციის პროცესს კიდევ უფრო ართულებს.
ქვემოთ იმ სამ ძირითად დაბრკოლებაზე წაიკითხავთ, რომელთა შესახებაც წინასწარი ინფორმაციის ქონა, შესაძლოა, ახალბედა სტუდენტებს უნივერსიტეტში სწავლის პირველ თვეებში გარემოსთან მორგებაში დაეხმაროს.
1. ახალ გარემოში ადაპტირება
სტუდენტობის პირველივე დღეს დაძაბული დადიხარ უნივერსიტეტის ფართო დერეფანში. გარშემო უამრავი კიბე და გასასვლელია. შენ კიდევ 314-ე აუდიტორიაში მოხვედრა გჭირდება. ლოგიკურია, ფიქრობ, რომ აუდიტორია მესამე სართულზე უნდა იყოს. მაგრამ რაღაც ჯადოქრობით, რომლის ადგილი მხოლოდ ჰოგვორტსის მსგავს სასწავლო დაწესებულებაში თუა, ოთახი დაგულებულ სართულზე არ გხვდება.
და ამ დროს გახსენდება ყველა ის დამცინავი კომენტარი, რასაც სოციალურ ქსელში კითხულობდი: "ივლით ახლა პირველკურსელები პინგვინებივით"... კარგი, კომენტარს დაივიწყებ, მაგრამ ახლა სხვა დაბნეულ სახეებსაც ხედავ და უკვე მიმი გახსენდება, სადაც პინგვინები ჯგუფად დადიან უნივერსიტეტის დერეფნებში. და იმის გარდა აღარაფერი დაგრჩენია, რომ საკუთარ თავზე გაგეცინოს.
იმგვარი გამოძიების შემდეგ, შერლოკსაც რომ შეშურდებოდა, როგორც იქნა მიხვდები, რა პრინციპითაა აუდიტორიები გადანომრილი და 314-ე აუდიტორიაში ისე შედგამ ფეხს, თითქოს შუა წარღვნაში თავშესაფარი იპოვე. პირველი გაკვეთილიც მიღებულია: შენ უკვე იცი აუდიტორიების მოძებნის ლოგიკა.
აი, 211-ში კი გეუბნებიან, რომ სემესტრის განმავლობაში 4 პრეზენტაციაა ჩასატარებელი და შენ იაზრებ, რომ ცხოვრებაში თაბახის ფურცლებზე შესრულებული პრეზენტაციის გარდა, არაფერზე გიმუშავია. და ბოლოს, 205-ე აუდიტორიაში ძუნწად მოგიგდებენ, რომ ყველაფერი სილაბუსში წერია და კურსის მოთხოვნებზე საუბარში დროს არ დაკარგავენ.
დღის ბოლოს ხვდები, რომ ეს ის სამი აუდიტორიაა, რომელმაც შენი წარმოდგენები სტუდენტობის შესახებ მთლიანად შეცვალა.
2. ახალი სოციალური წრე
ყველას არ აქვს იმის ბედნიერება, რომ სკოლის მეგობრებთან ერთად გააგრძელოს უნივერსიტეტში სწავლა. მაგას ვინ ჩივის, ბევრს იმის ფუფუნებაც კი არ აქვს, რომ ყველა ლექციაზე ერთსა და იმავე სტუდენტებთან ერთად მოუწიოს ყოფნა. ის, თუ რამდენად მოახერხებ სოციალიზაციას, იმაზეა დამოკიდებული, თუ ადამიანთა რომელ ტიპს განეკუთვნები. სოციალიზაციის მიხედვით ადამიანები, ზოგადად, ექსტროვერტებად და ინტროვერტებად იყოფიან. პირველისთვის ხალხთან კომუნიკაცია და მათთან აზრების გაცვლა ჰაერივით აუცილებელია. აი, ინტროვერტებისთვის კი საკუთარი აზრები და გრძნობები მეტად მნიშვნელოვანია და მათ კეთილდღეობისთვის სულაც არ სჭირდებათ დიდი სანაცნობო წრის ყოლა.
ამიტომ არსებობენ ისეთი ახალბედა სტუდენტებიც, რომლებიც თვლიან, რომ უნივერსიტეტში ახალი მჭიდრო ურთიერთობების დაწყება საჭიროა არაა და უკვე არსებულ სოციალურ წრეს აღარ აფართოებენ. მაგრამ ახალ სივრცეში ბოლომდე ადაპტირებისთვის კონკრეტულად იმ გარემოში არსებულ ხალხთან სოციალური ურთიერთობების დამყარება მრავალი მიზეზის გამოა აუცილებელი.
სოციალური ფსიქოლოგიის ექსპერტი, რობერტ ვაისი სოციალიზაციის სარგებელზე საუბრისას 6 ძირითად პოზიტიურ შედეგს ჩამოთვლის: 1) მჭიდრო ურთიერთობები უშიშროებისა და კომფორტის გრძნობას იწვევს; 2) სოციალური ურთიერთობები აყალიბებს სოციუმისადმი მიკუთვნების გრძნობას, რადგან სოციალური ინტეგრაცია საერთო ინტერესებისა და დამოკიდებულებების მოძებნასა და გამომუშავებას გულისხმობს; 3) სოციალური ურთიერთობები უზრუნველყოფს ჩვენი ღირსების დაცვას; 4) ინდივიდს ეუფლება განცდა, რომ იგი საჭიროა სხვა ადამიანებისთვის; 5) სოციალური ურთიერთობა ინდივიდს უზრუნველყოფს ახალი რჩევებითა და ინფორმაციით; 6) სოციალური ურთიერთობის დახმარებით ადამიანები ერთმანეთის კეთილდღეობაზე იღებენ პასუხისმგებლობას. როგორც ხედავთ, სოციალიზაცია ბევრ ასპექტში ეხმარება ადამიანს. ამიტომ, მიუხედავად ჩვენი შინაგანი მიდრეკილებებისა, ახალი სოციალური ურთიერთობების დამყარებისთვის ძალისხმევის გაწევა ყოველთვის ღირს.
გარკვეულწილად, ის, რომ ახალი ურთიერთობების დაწყება აშინებს სტუდენტს, გამომდინარეობს იქიდან, რომ სკოლაში ყოფნის თორმეტი წლის განმავლობაში მას ერთსა და იმავე ადამიანებთან უწევდა ურთიერთობა. ზოგიერთ შემთხვევებში ბავშვებს უყალიბდებათ კომფორტის ზონა, რომლის დარღვევის საჭიროებაც სკოლის ასაკში თითქმის არასოდეს დგება. უნივერსიტეტში კი ისინი უკვე იძულებულები არიან, გამოვიდნენ ამ კომფორტის ზონიდან და დაიწყონ ახალი ურთიერთობები.
3. სწავლის ახლებური მეთოდიკა
რაც შეეხება სემესტრის განმავლობაში შესასრულებელ დავალებებს, ისინი ზოგიერთი სტუდენტისგან ახალი უნარების ჩამოყალიბებას მოითხოვს. მაგალითად, კომპიუტერული პროგრამების გამოყენება საქართველოს დიდ ქალაქებში რეგიონებიდან ჩასული მოზარდებისთვის ხშირად პრობლემატურია. ჩემ მიერ ჩატარებულ კვლევაში, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 120 სტუდენტი, რეგიონიდან ჩამოსული სტუდენტების 50 პროცენტზე მეტმა აღნიშნა, რომ მათი სკოლა ტექნიკურად უზრუნველყოფილი კი იყო, მაგრამ ბავშვებს არ აძლევდნენ ისეთ დავალებებს, რომლებიც კომპიუტერული პროგრამების გამოყენების შესაძლებლობას მისცემდათ. ამიტომ მათთვის პრეზენტაციების აწყობა, რეფერატის აკრეფა Word-ში და შემდეგ Word-ის ფაილის PDF ვერსიად გადაყვანა ახალი უნარების გამომუშავებას და, შესაბამისად, დამატებითი დროის დახარჯვას მოითხოვდა.
ასევე, ქართულ სკოლებში გაბატონებული სწავლების მეთოდიკის თანახმად, გაკვეთილების მიმდინარეობისას ძირითადად მასწავლებლები საუბრობენ და ისინი მოსწავლეებისგან ჩართულობასა და აზრის დაფიქსირებას იშვიათად მოითხოვენ. ეს კი საგრძნობლად განსხვავდება ლექცია-სემინარის მიმდინარეობისგან. შესაბამისად, სტუდენტს სჭირდება ისეთი უნარების განვითარება, როგორიცაა საპირისპირო თუ პირადი აზრის თამამად გამოთქმა, რთულ საკითხში ბოლომდე ვერგარკვევის შემთხვევაში კითხვის დასმა და ლექტორთან თავისუფლად ურთიერთობა.
პრობლემას წარმოადგენს ასევე დროის მენეჯმენტი. გამომდინარე იქიდან, რომ სკოლის დავალებებს მოსწავლეები, ძირითადად, მეორე დღისთვის ამზადებენ ხოლმე, ისინი მიჩვეულები არიან წინა დღით მეცადინეობას. ეს კი განსხვავდება უნივერსიტეტისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოებისგან, რადგან დავალებათა სრულფასოვნად შესრულება სტუდენტისგან გაცილებით მეტი გონებრივი და დროითი რესურსის დახარჯვას მოითხოვს. შესაბამისად, ხშირად არის შემთხვევები, როდესაც სტუდენტები სწორად ვერ საზღვრავენ დროს და სამუშაოს ბოლო დღისთვის მოიტოვებენ, რადგან ეყრდნობიან იმდროინდელ გამოცდილებას, როცა სკოლის დავალებებს ერთ დღეში ამზადებდნენ. ეს, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხსა და, საბოლოოდ, მათ აკადემიურ მოსწრებაზეც.
ამ პრობლემების შემსუბუქება ისეთი საგანმანათლებლო რეფორმებითაა შესაძლებელი, რომლებიც სკოლისა და უნივერსიტეტის სასწავლო პროცესს მაქსიმალურად დაუახლოებს ერთმანეთს. მაგრამ იქამდე პირველ კურსზე მოხვედრილებისათვის სოციალიზაციასთან ერთად სწავლის თავისებურებების ათვისებაც შეიძლება იქცეს გამოწვევად.
როგორც ხედავთ, პირველივე წლიდან რთულია მიხვდე, რომ სტუდენტობა ყველაზე ბედნიერი ეტაპია ცხოვრებაში. მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ ყველა პრობლემა, რომელიც სტატიაშია განხილული, დაძლევადია. და როდესაც პირველკურსელი ადაპტირდება და მიეჩვევა საუნივერსიტეტო გარემოს, ის იმასაც მიხვდება, თუ რატომ საუბრობენ უფროსები ასე ტკბილად სტუდენტობის პერიოდზე.
კომენტარები