ფუკუშიმა მზისა და ქარის ენერგიის ჰაბად უნდა იქცეს, თუმცა მანამდე ბირთვული რეაქტორების გაცოცხლება იგეგმება
ტრაგედიიდან 9 წლის შემდეგ ფუკუშიმა გეგმავს, განახლებადი ენერგიის ჰაბად იქცეს. ადგილობრივი ხელისუფლება აპირებს, რომ 2040 წლისათვის რეგიონი 100%-ით განახლებადი ენერგიით უზრუნველყოს. დღეს ეს მაჩვენებელი 40%-ია.
ძლიერი მიწისძვრითა და ცუნამით გამოწვეულმა რადიაციულმა კატასტროფამ ტერიტორიიდან 150 000-ზე მეტი მაცხოვრებლის განდევნა გამოიწვია.
$2,75 მილიარდიანი პროექტი, რომელსაც ხელისუფლების კუთვნილი იაპონიის ბანკი და მიზუჰო ბანკი აფინანსებენ, მიტოვებულ მიწებზე მზისა და ქარის "ფერმების" განთავსებას ითვალისწინებს. ინფრასტრუქტურა 2024 წლისთვის მზად უნდა იყოს.
დასრულების შემდეგ ფუკუშიმას 80-კილომეტრიანი ზოლი 600 მეგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც საშუალო ატომური რეაქტორის ეფექტიანობის 2/3-ია.
მიუხედავად 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი რადიაციული კატასტროფისა, იაპონიის მთავრობა მაინც აპირებს, რომ შეჩერებული რეაქტორები გააცოცხლოს. გეგმის მიხედვით, ატომურმა ენერგიამ, რომელიც უბედურ შემთხვევამდე ქვეყნის ენერგოსაჭიროების მესამედს ავსებდა, 2030 წლისთვის ელექტროენერგიის 20-22% უნდა შეადგინოს.
ამ გადაწყვეტილებას გარკვეული წრეებისგან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. მათი თქმით, ტრაგედია შეიძლება კვლავაც განმეორდეს, თუ იაპონიის გეოგრაფიულ მდებარეობას გავითვალისწინებთ.
2011 წლის შემდეგ იაპონიაში 54 რეაქტორი დაიხურა. მკაცრი შემოწმებების სერიის შემდეგ ცხრა მათგანი ისევ ამოქმედდა.
ამჟამად განახლებადი ენერგია იაპონიის ენერგორესურსების 17,4%-ს შეადგენს. იაპონიის პრემიერმინისტრი შინზო აბე ამბობს, რომ ბირთვული ენერგია იაპონიას დაეხმარება, გამონაბოლქვის რაოდენობა შეამციროს და ნაკლებად დამოკიდებული იყოს იმპორტულ გაზზე. გარემოს დაცვის მინისტრის, შინიჯირო კოიზუმის აზრით კი, ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა თქვას უარი ატომურ რეაქტორებზე, რათა მორიგი უბედური შემთხვევა თავიდან აიცილოს.
"ჩვენი ბედი გადაწყვეტილი იქნება, თუ კიდევ ერთი ატომურ კატასტროფას დავუშვებთ. არავინ იცის, როდის უნდა ველოდოთ შემდეგ მიწისძვრას", - თქვა კოიზუმიმ სექტემბერში.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიმდინარე პროტესტისა და იურიდიული წინააღმდეგობების ფონზე ხელისუფლებამ 2030 წლისთვის 30 რეაქტორის "გაცოცხლება" შეძლოს. მეორე მხრივ კი, იაპონიის მიმართ საერთაშორისო კრიტიკა დიდი რაოდენობით გაზისა და ქვანახშირის იმპორტის გამო მხოლოდ ძლიერდება.
იაპონია ინდოეთისა და ჩინეთის შემდეგ ქვანახშირის ყველაზე დიდი იმპორტიორია. იაპონურ უმსხვილეს ბანკებს საერთაშორისო საზოგადოება სთხოვს, დაასრულონ ქვანახშირზე მომუშავე ქარხნების დაფინანსება ვიეტნამსა და აზიის სხვა განვითარებად ქვეყნებში.
კომენტარები