თრომბი კოსმოსში — ორბიტაზე მყოფ ასტრონავტს დედამიწიდან პირველად უმკურნალეს
როცა ასტრონავტებს სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ, დედამიწიდან 350 კილომეტრის სიმაღლეზე ექიმის გამოძახება მაინცდამაინც მარტივი რამ არაა. ამიტომ, როცა ნასას მკვლევარებმა იეჭვეს, რომ ერთ-ერთ ასტრონავტს სისხლძარღვში თრომბი უვითარდებოდა, მათ იცოდნენ, რომ გამოსავალი რაც შეიძლება სწრაფად უნდა ეპოვათ.
ასტრონავტის სხეულში თრომბი მაშინ აღმოაჩინეს, როცა საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ეკიპაჟი გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამოკვლევას იტარებდა. მეცნიერებს სურდათ იარემულ ვენაზე უწონადობის გავლენა შეესწავლათ და ამისათვის გამოკვლევა 11 ასტრონავტს ჩაუტარდა.
კვლევის მიხედვით, 6 ასტრონავტს სისხლის მოდუნებული, ან უკუქცევითი მოძრაობა აღენიშნებოდა, ორ ასტრონავტს სისხლის თრომბიც აღმოაჩნდა, აქედან ერთს — სრული, ერთს კი არასრული. დარღვევის აღმოჩენა კვლევის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა, რადგან ასტრონავტებს სიმპტომები გამოხატული არ ჰქონდათ.
გამოკვლევას მსვლელობას ნასას სამედიცინო პერსონალი და რადიოლოგები დედამიწიდან აკვირდებოდნენ. კოსმოსში ჯანმრთელობის მსგავსი პრობლემა ასტრონავტებს არასდროს ჰქონიათ. ნულოვანი მიზიდულობის, ანუ უწონადობის პირობებში ადამიანის სხეული განსხვავებულად იქცევა, შესაბამისად ნასას ექიმებს სისხლის თრომბის მიერ გამოწვეული რისკის შეფასება სხვაგვარად მოუხდათ. ნასას ექიმებს ასევე მოუწიათ განესაზღვრათ, როგორ ემკურნალათ ასტრონავტისთვის სრულ უწონადობაში და, რაც მთავარია, ასე შორს ნებისმიერი საავადმყოფოდან.
ნასა დაუკავშირდა სისხლის შედედების ექსპერტს, ექიმ სტეფან მოლს, რადგან მსგავსი განსაკუთრებული შემთხვევისთვის ექსპერტის შეფასების მიღება აუცილებელი იყო.
"როცა ნასა დამიკავშირდა, პირველი ის ვიკითხე, შეიძლებოდა თუ არა ჩემი გაგზავნა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე. ნასამ მიპასუხა, რომ ხომალდზე საკმარისად სწრაფად ვერ გამიშვებდნენ, ამიტომ პაციენტის შეფასება და მკურნალობა დისტანციურად მომიწევდა", — ამბობს მოლი
"ზოგადი პროტოკოლის მიხედვით, როცა პაციენტს ღრმა ვენური თრომბოზი აქვს საჭიროა, რომ მან სისხლის გამათხელებლები მინიმუმ სამი თვის განმავლობაში მიიღოს, რათა შენადედი ზომაში არ გაიზარდოს ან/და არ გადაადგილდეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებში. სისხლის გამათხელებლების მიღებისას თუ პაციენტმა რაიმე ტრამვა მიიღო, ამან შეიძლება შინაგანი სისხლჩაქცევა გამოიწვიოს, რომლის შეჩერებაც ძალიან რთულია. კოსმოსში კი რეანიმაცია არ არის, ამიტომ მკურნალობა ძალიან ფრთხილად უნდა დაგვეწყო", — თქვა მოლიმ.
მოლი ასტრონავტს დისტანციურად დაუკავშირდა. მისი ინსტრუქციით, ასტრონავტმა დაიწყო სისხლის შედედების საწინააღმდეგო წამლის მიღება, რომელიც კოსმოსურ სადგურზე მოიპოვებოდა. 33 დღის განმავლობაში ასტრონავტი მედიკამენტს მაღალი დოზებით იღებდა. ექიმის ინსტრუქციით, ასტრონავტი მისაღებ დოზას დროთა განმავლობაში ამცირებდა. 47 დღის შემდეგ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე სხვა ტვირთთან ერთად წამალი აპიქსაბანიც გაგზავნეს, რათა ასტრონავტს მკურნალობა გაეგრძელებინა.
მკვლევარები აკვირდებოდნენ როგორ მცირდებოდა თრომბი ზომაში, თუმცა სისხლძარღვის სრული გაწმენდა ასტრონავტის კოსმოსში ყოფნის მანძილზე მაინც ვერ მოხერხდა.
თრომბი ასტრონავტის დედამიწაზე დაშვებიდან 24 სააათში სრულიად გაუჩინარდა, რაც საკმაოდ უცნაურია. ასტრონავტთა სისხლძარღვების კვლევის ავტორის, ერენა ა. კანცლერის თქმით, "კოსმოსში ადამიანის ფიზიოლოგიის და სხეული ქცევაზე ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით."
მეცნიერის თქმით, ახლა ერთი მთავარი კითხვა არსებობს, როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ასეთი შემთხვევა, მაგალითად, მარსზე მიმავალ ხომალდზე მოხდება?
ამაზე კი პასუხი ჯერჯერობით არ გვაქვს.
კომენტარები