NASA-მ ახალი როვერი წარადგინა, რომელიც მარსზე სიცოცხლის კვალს მოძებნის
2020 წლის ივლისში მარსზე როვერის გაშვება იგეგმება, რომელიც პლანეტას 2021 წლის თებერვალში მიაღწევს. რამდენიმე დღის წინ კი NASA-ს მეცნიერებმა როვერი წარადგინეს და განაცხადეს, რომ მისი მიზანი მხოლოდ წარსულში არსებული სიცოცხლის ნიშნების ძიება არ იქნება, იგი ასევე მნიშვნელოვან როლს ითამაშებს სამომავლო მისიებში.
მეცნიერები როვერზე ლოს-ანჯელესში, კერძოდ კი პასადენაში არსებულ რეაქტიული ძრავის ლაბორატორიაში, სტერილურ გარემოში მუშაობდნენ. წინა კვირაში კი ტესტირებები ჩატარდა, რომელიც წარმატებით დასრულდა. როვერი აღჭურვილია 23 კამერით, ორი "ყურით", რომელიც მარსის ქარების მოსმენის საშუალებას იძლევა და ლაზერებით, რომლებსაც ქიმიური ანალიზების ჩასატარებლად გამოიყენებენ. მას ასევე ორი მეტრის სიგრძის "ხელებიც" აქვს, ისევე როგორც ბურღი, რომელსაც როვერი ქვების დასამუშავებლად გამოიყენებს.
მარსმავალს ექვსი ბორბალი აქვს, რაც მას კლდოვან რელიეფზე გადაადგილებაში დაეხმარება. მეცნიერების თქმით, რობოტისთვის სიჩქარე პრიორიტეტული არ არის, შესაბამისად მას მარსზე დღეში დაახლოებით 180 მეტრის გავლა შეუძლია.
"ჩვენ მარსზე უძველესი მიკრობული სიცოცხლის კვალს ვეძებთ. საუბარია მილიარდობით წლის წინანდელ მარსზე, როდესაც იგი დედამიწას გავდა", — განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა მეთ ვოლისმა. მისი განმარტებით, წარსულში მარსს გარშემო მაგნიტური ველი ეკრა და სქელი ატმოსფეროც გააჩნდა.
როდესაც საჭირო ნიმუშები შეგროვდება, როვერი მათ ჰერმეტულად დალუქულ მილებში მოათავსებს და მარსის ზედაპირზე სხვადასხვა ადგილას დატოვებს. მომავალში კი მისია მილებს შესასწავლად დედამიწაზე ჩამოიტანს.
"ვიმედოვნებთ, რომ საკმაოდ სწრაფად ვიმოქმედებთ. იმედი მაქვს შემდეგ მისია 2026 წელს განხორციელდება და მარსიდან ნიმუშებს დედამიწაზე ჩამოიტანს", — აღნიშნა ვოლისმა.
იმისთვის, რომ უძველესი სიცოცხლის ნიშნების პოვნის შანსები გაიზარდოს, როვერი დაეშვება კრატერში, რომელიც ოდესღაც დაახლოებით 500 მეტრის სიღრმის ტბა იყო. ექსპერტები იმედოვნებენ, რომ იქ უძველესი ორგანული მოლეკულები იქნება შემორჩენილი.
ნასას ახალი როვერი მარსზე მინიმუმ ორი წლის განმავლობაში იქნება აქტიური.
კომენტარები