პროპაგანდა და შემოქმედებითი ექსპერიმენტები საბჭოთა ფოტოგრაფიაში
საბჭოთა კავშირის ფოტოგრაფია ერთდროულად პოლიტიკური დაკვეთის შედეგიც იყო და — შემოქმედებითი ძიებისაც. ისტორიას შემონახული ეს კადრები იმ ბუნდოვან ზღვარზე გვაფიქრებს, რომელიც სიმართლისა და დადგმული მოვლენების მიჯნაზეა გავლებული.
1945 წლის 2 მაისს, როდესაც ბერლინი ფაშისტებისგან ახლადგათავისუფლებული იყო, წითელი არმიის სამი ჯარისკაცი ფოტოგრაფთან ერთად რაიხსტაგის სახურავზე ავიდა. ერთ-ერთმა ჯარისკაცმა, რომელიც მომცრო სვეტზე აძვრა, მაღლა საბჭოთა კავშირის დროშა ააფრიალა. ჯარისკაცის უკან ქვისაგან გამოქანდაკებული გერმანელი გმირების სილუეტები შემაძრწუნებლად გამოიკვეთა — თითქოს კიდედან უფსკრულში გადაშვების წამს სამუდამოდ გაიყინნენო. გადაღების მომენტიდან ფოტოსურათი ომის ფოტოგრაფიის კლასიკურ ნიმუშად იქცა და სინამდვილისა და ისტორიის შორის გამავალ ბუნდოვან ზღვარზე საინტერესო გაკვეთილად დარჩა.
ევგენი ხალდეის გამარჯვების ალამი ლონდონის ატლასის გალერეის გასული წლის გამოფენის, საბჭოთა ფოტოგრაფიის შედევრების ერთ-ერთი ექსპონანტი იყო. "ამ ფოტოს უკან საოცარი ისტორია იმალება და ის იდუმალებითაც კია მოცული", — ამბობს ატლასის თანადამფუძნებელი, ბენ ბურდეტი, — "ეს დადგმული კადრია, მაგრამ ამის კარგი მიზეზიც არსებობდა, რადგან როცა ალამი პირველად აღიმართა, რაიხსტაგის სახურავზე ფოტოგრაფი არ იმყოფებოდა. ამიტომ ამ მოვლენის აღსაბეჭდად ის მეორე დღეს ჯარისკაცებთან ერთად ავიდა იმავე ადგილას და სცენა გაათამაშებინა".
დროშის უქონლობის გამო ჯარისკაცებმა რაიხსტაგზე ნამგლისა და უროს გამოსახულებიანი ნაჭერი აღმართეს, რომელიც, როგორც შემდეგ გაირკვა, ფოტოგრაფის ბიძის მიერ მაგიდის სამი წითელი გადასაფარებლისაგან იყო შეკერილი. New York Times-ზე დაყრდნობით, ხალდეის მამა და დები ფაშისტებმა იმსხვერპლეს. როდესაც ხალდეიმ ამ მოვლენიდან ორი თვით ადრე ჯოუ როზენთალის ფოტოსურათი იხილა, სადაც აღბეჭდილი იყო, როგორ აფრიალებდნენ ამერიკელები თავიანთი ქვეყნის დროშას ივო-ჯიმას კუნძულზე, ამ კადრით შთაგონებულმა, მან ბიძამისს დროშის სახელდახელოდ შეკერვა სთხოვა. ხალდეიმ დროშა ბერლინში თან წაიღო, რათა საკულტო ფოტოს საკუთარი ვერსია შეექმნა.
"ეს ომის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოსურათი გახდა", — ამბობს ბურდეტი — "მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ ჯარისკაცები დახოცილ გერმანელებს ძარცვავდნენ, რის დასტურადაც სურათის წინა პლანზე გამოსახული კაცი მაჯაზე მოპარულ საათებს ატარებს. შემდგომში საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ამგვარი კადრის გამოჩენა მათ ხელს არ აძლევდათ, რადგან გამოსახულება ააშკარავებდა, როგორ პარავდნენ ჯარისკაცები გერმანელებს ძვირფასეულობებს. ფოტოსურათის შედარებით გვიანდელი ვერსია რეტუშირებული იყო. არსებობს ერთი ვერსია, რომელზეც ჯარისკაცი სამ საათს ატარებს — ორს ერთ მაჯაზე, ერთს მეორეზე — მაგრამ ფოტოს ყველაზე გავრცელებულ ვერსიებზე კაცს ან ერთი საათი უკეთია, ან — არც ერთი. კადრსმიღმა არსებული ისტორიით ეს ფოტო რობერტ კაპას მომაკვდავ ჯარისკაცს წააგავს; რაღაც კუთხით, ეს ამ ფოტოსურათის საბჭოთა ვერსიაა. და, ყველაფრის მუხედავად, ის ომის ამსახველ კლასიკურ ფოტოს წარმოადგენს".
ეს ფოტოსურათი ასახავს ერთგვარ ორაზროვნებას, რაც, თავის მხრივ, გამოფენის ყველა კადრს აკავშირებდა ერთმანეთთან. ამასთან, ყველა მათგანი გასულ წელს, 95 წლის ასაკში გარდაცვლილი ფოტოგრაფის, ლევ ბოროდულინის პირადი კოლექციის ნაწილი გახლდათ. ეს კადრები ერთდროულად საბჭოთა კავშირის ძლიერებას მიზანმიმართულად უსვამენ ხაზს და თან ექსპერიმენტული ტექნიკის ნიუანსებსაც გვთავაზობენ. "ზოგჯერ ფოტოს დანახვისგან მიღებული პირველი შთაბეჭდილება სრულიად იცვლება მას შემდეგ, რაც მისი შექმნის ისტორიას ეცნობი", — ამბობს გალერეის კურატორი მაია კაზნელსონი, — "საბჭოთა კავშირის ფოტოგრაფები ნამდვილ შედევრებს ქმნიდნენ მაშინ, როდესაც პარალელურად საბჭოურ ცივილიზაციაზე გრანდიოზული მითის წარმოქმნაში მონაწილეობდნენ. ვფიქრობ, მათი ღვაწლი გმირობის ტოლფასია. ერთი მხრივ, გადაიღო იდეოლოგიასთან მისადაგებული ფოტოსურათი, მეორე მხრივ კი, ცენზურის ვიწრო ჩარჩოებში მოძებნო მაქსიმალურად მხატვრული ექსპრესია, ნამდვილად არაა მარტივი".
"ბოროდულინი საბჭოთა პერიოდის ფოტოგრაფი იყო, რომელმაც რუსეთში ცხოვრებისას, 1950-იანი წლებიდან 1970-იან წლებამდე, მრავალი ცნობილი ფოტო გადაიღო. მათი უმრავლესობა სპორტულ ან ნებისმიერი ტიპის ათლეტურ ღონისძიებებს და, ზოგადად, გმირულ სულისკვეთებას ასახავდა. ეს კადრები იმ პერიოდის მემატიანეები არიან, როდესაც ხელოვნება საბჭოთა მკაცრ სოციალისტურ წესრიგს ემსახურებოდა", — ამბობს ბურდეტი.
ბოროდინულის კოლექცია 10 ათასამდე ფოტოსურათს ითვლის, რომლებსაც ის 70 წელზე მეტხანს აგროვებდა. კოლექცია დიდ პერიოდს, რუსეთის რევოლუციიდან 1960-იან წლებამდე მონაკვეთს მოიცავს და მასში შესულია ჟურნალებიდან, არქივებიდან და TASS-ის მსგავსი ახალი ამბების სააგენტოებიდან მოპოვებული ფოტოები.
"ამ კოლექციამ მრავალი სურათი განადგურებისაგან იხსნა. ეს საბჭოთა ფოტოგრაფიის ერთ-ერთი პირველი კოლექცია იყო", — ამბობს კაზნელსონი. იმის მიუხედავად, რომ კოლექცია რამდენიმე ათწლეულს მოიცავს, მისთვის მეორე მსოფლიო ომის ამსახველი სურათები გამორჩეულად შთამბეჭდავია, — "ეს იყო დრო, როდესაც ფოტოჟურნალისტები სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე შედევრებს ქმნიდნენ. ზოგიერთი ნამუშევარი მთელი ქვეყნისათვის იმედის გაღვივებას ემსახურებოდა; ზოგი მათგანი არქივებში დიდი ხსნის განმავლობაში იყო დამალული და დღის შუქი ომის დასრულებიდან ათობით წლის თავზე იხილა".
ბოროდულინი ამ ფოტოსურათებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ხედავდა. "ჩემთვის ეს ძალიან პირადულია", — განაცხადა ფოტოგრაფმა, რომელმაც ცხოვრების ბოლო წლები თელ-ავივში გაატარა, — "ბევრი ნათესავი მომიკლეს, თუ ყველა არა. თავად მე ორჯერ დავშავდი. იმ განაყოფში ვიმყოფებოდი, რომელიც მოსკოვიდან ბერლინამდე ბრძოლით ჩავიდა. ამ ომმა შეცვალა ჩემი, მთელი ქვეყნის და ყველა ჩემი ნაცნობის ცხოვრება. მსურს, რომ ხალხმა არ დაივიწყოს ამის შესახებ". როდესაც ხალდეიმ ბერლინის დაცემა ერთ კადრში ჩაატია, რაიხსტაგში ჯერ კიდევ ჯვარედინი ცეცხლი იყო გახსნილი. ბოროდულინის მიხედვით, ხალდეიმ ფოტოსურათისათვის სიცოცხლე რისკის ქვეშ ჩაიგდო. ორი ფოტოგრაფი მოგვიანებით დაახლოვდნენ: "ხალდეი ჩემი ახლო მეგობარი იყო. ჩვენ ბევრი დრო გაგვიტარებია ერთად ომის მოგონებებში... და ყოველთვის, როდესაც მივიდოდი იმ პატარა ფოტოსტუდიაში, სადაც ის ცხოვრობდა, მის ამ ფოტოსურათს ვხედავდი — სადღაც ერთი მეტრის სიგანისა თუ იქნებოდა და ჩვენ მის წინ ვსხდებოდით".
კოლექცია საბჭოთა ისტორიის განსხვავებული რაკურსით აღქმას გვთავაზობს. "ის არის ვრცელი, მოიცავს სტალინის მმართველობის ეპოქას, მთელ საბჭოეთის პერიოდს, მეორე მსოფლიო ომს, ცივ ომს და პარალელურად სხვა მოვლენებსაც", — ამბობს ბურდეტი, — "ზოგი მათგანი გადაღებულია სტალინის მმართველობის ყველაზე ბნელ ეპოქაში. ისტორიული გადმოსახედიდან, ეს ფოტოსურათები საოცარ რესურსს წარმოადგენს იმისათვის, რათა დავინახოთ თანამედროვე რუსეთის შექმნისა და განვითარების ეტაპები; განსაკუთრებით, ინდუსტრიისა და სოფლის მეურნეობის კუთხით".
თუმცა ბურდეტი და კაზნელსონი კოლექციის იმ ასპექტზე ამახვილებენ განსაკუთრებულ ყურადღებას, რომელიც ისტორიული ღირებულების მიღმა მიდის. "ჩვენ ყველაზე მეტად საბჭოთა კავშირის ფოტოგრაფიის ესთეტიკის განვითარება და მხატვრული მიდგომები გვაინტერესებდა. კონსტრუქტივისტები, კერძოდ კი ჯგუფი ოქტომბერი, ბაუჰაუსის რუსული ეკვივალენტია", — ამბობს ბურდეტი, — "ჩვენ ვარჩევდით ფოტოგრაფიის ისეთი ოსტატების კადრებს, როგორებიც არიან არკადი შაიხეტი, იაკოვ ხალიფი, ალექსანდრე როდჩენკო და ბორის იგნატოვიჩი".
საბჭოური ფოტოგრაფიის ესთეტიკაზე პოლიტიკა ბატონობდა და ფოტოგრაფებსაც რეჟიმისთვის უწევდათ მუშაობა. "მრავალი ფოტოსათვის საერთო დამახასიათებელი ნიშანი ადამიანების სახეებზე ისეთი გამომეტყველების დაჭერა იყო, რომელზეც ფრიად ყალბი ტრიუმფი იკითხებოდა. ეს ფოტოსურათების იმდენად ცხადი ასპექტია, რომ პროპაგანდისეული ელემენტები ყველასთვის თვალსაჩინო ხდება. ასეთი ესთეტიკა ერთობ მოდური გახდა იმიტომ, რომ ის უცნაურ და ძალიან მელოდრამატულ ეფექტს იძლევა".
თუმცა საბჭოთა ფოტოგრაფიის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი ტოტალიტარული სახელმწიფოს გაზვიადებული განდიდებისგან შორს დგას. "მეტწილად, ამ ფოტოხელოვნებისთვის დამახასიათებელი ნიშანი ექსპერიმენტებისა და იმპროვიზაციის ისეთი ხარისხია, როგორსაც დასავლეთში ვერ ვხვდებით", — ამბობს ბურდეტი, — "საბჭოთა ფოტოგრაფებმა გამოიმუშავეს სპეციფიკური ფოტოგრაფიული ხედვა, რომელიც მოიცავდა ისეთ განსხვავებულ მიდგომებს, როგორებიცაა კადრის კიდეების უჩვეულო ჩამოჭრა და კამერის ასევე უჩვეულო რაკურსების არჩევა. ხშირ შემთხვევაში, კადრის კუთხეები კუბურის ნაცვლად დიაგონალურადაა შემოსაზღვრული; კამერა გადასაღებ სცენას პირდაპირ კი არ უყურებს, არამედ — ზემოდან ან ქვემოდან; ხშირადაა გამოყენებული ფოტომონტაჟი და კოლაჟები".
კაზნელსონის მიხედვით, კონსტრუქტივისტები თავიანთ თავს პოლიტიკურ რევოლუციონერებად და ინოვაციურ ხელოვანებად აღიქვამდნენ, რომელთა მიზანიც ახალი სამყაროს აშენება იყო. ოქტომბრის ჯგუფმა პრესა რადიკალურად შეცვალა: "ათი წლის განმავლობაში, 1925-დან 1935 წლამდე, საბჭოთა პრესის ფოტოგრაფია მსოფლიოში ყველაზე ავანგარდული იყო".
მას შემდეგაც კი, რაც ავანგარდული ხედვა პარტიისთვის მიუღებელი გახდა, ფოტოგრაფები მაინც აგრძელებდნენ ახლებური მეთოდების შემუშავებას. "ეს სოციალისტური რეალიზმის ეპოქა იყო", — ამბობს კაზნელსონი, — "ეს ნიშნავდა ფორმით რეალისტურს და შინაარსით სოციალისტურს... და პორტრეტს უნდა ესხივებინა ოპტიმიზმი, გამარჯვების ნება და გონების სიძლიერე".
"პროპაგანდის მოთხოვნები გარკვეულწილად ექსპერიმენტაციას ახალისებდა კიდეც", — ამტკიცებს ბურდეტი, — "ფოტოგრაფები გამოწვევის წინაშე იდგნენ, შეექმნათ ტრიუმფითა და პოზიტივით სავსე ნამუშევარი. შესაბამისად, მრავალი ფოტოსურათი ცხოვრებას დრამატულ ელფერში აჩენს, რაც ნაწილობრივ კამერის უჩვეულო რაკურსის გამოყების დამსახურებაცაა. საგანთა თუ ადამიანთა ზედხედით ან ქვედხედით გადაღება სურათებს დრამატულ იერსახეს სძენს".
"საბჭოთა ფოტოგრაფიით შეგიძლიათ კვალდაკვალ მისდიოთ არა მხოლოდ ქვეყნის ისტორიას, არამედ იმის შესაძლებლობაც გეძლევათ, რომ დაინახოთ იდეოლოგიური პრიორიტეტების ცვლა; რისი და როგორ გადაღება დაიშვებოდა", — ამბობს კაზნელსონი. როგორც ბოროდულინი იგონებდა, 1960-იანებს, შედარებითი თავისუფლების პერიოდსაც კი ჰქონდა თავისი შეზღუდვები. კითხვაზე, მისი გადაღებული სურათებიდან განსაკუთრებით რომელი მოსწონდა, მისი პასუხი ასეთი იყო: "ალბათ ერთ-ერთი ფავორიტი ის ფოტოა, რომელსაც არაოფიციალურად მყვინთავის მფრინავი უკანალით მოიხსენიებენ. ის 1960 წელს, რომში, ჩემს პირველ ოლიმპიურ თამაშებზე გადავიღე. ამასთან ერთად, მაშინ პირველად მომეცა შანსი, კაპიტალისტურ ქვეყანაში აღვმოჩენილიყავი. ძალიან ბედნიერი ვიყავი. ფოტოგრაფიული კარიერა ახლადდაწყებული მქონდა ჟურნალ ოგონიოკში... და ჩემი სურათი ყდისთვის აარჩიეს".
ფოტომ მიხეილ სუსლოვისგან, რომელიც არაოფიციალურად კომუნისტური პარტიის მთავარი იდეოლოგი იყო, კრიტიკა დაიმსახურა. ბოროდულინის მიხედვით, მან ჟურნალ პრავდაში დაწერა, რომ "ოგონიოკისთვის ასეთი ტიპის ფოტოსურათის გამოქვეყნება ცუდი იდეაა, რადგან ის ზედმეტად ავანგარდული და ფორმალისტურია". მიუხედავად ამისა, ფოტოგრაფმა ეს სიტყვები შექებად მიიღო. "ამ პატარა სტატიაში ოსტატად ვიყავი მოხსენიებული", — განაცხადა მან, — "ასე ეწერა, ფოტოგრაფიის ისეთ დიდ ოსტატს, როგორიც ლევ ბოროდულინია, ამგვარი ტიპის სურათის გადაღება არ შეშვენისო".
კოლექციის უახლესი ფოტო ნათელს ხდის საბჭოთა საზოგადოების ევოლუციას 1920-იანი წლებიდან მოყოლებული და ააშკარავებს იმასაც, თუ როგორ ახერხებენ ეს კადრები, ისტორიაზე განსხვავებული პერსპექტივები შემოგვთავაზონ.
"მსგავსი ტიპის ამერიკული ან ინგლისური კოლექციებისგან განასხვავებით, აქ ვარსკვალვების ფოტოებს ვერ შეხვდებით", — ამბობს ბურდეტი, — "აქ ვერ ნახავთ ვერც მერლინ მონროს, ვერც ელვისის ფოტოსურათებს, რადგან საბჭოთა კავშირში ვარსკვლავური კულტურა არ არსებობდა. ეს იცვლება 1961 წელს, როცა იური გაგარინის ამ ფოტოსურათამდე მივდივართ. აქამდე რუსეთს საყოველთაოდ პოპულარული ვარსკვლავი ფაქტობრივად არ ჰყოლია. უზომოდ სიმპატიური და გმირული იერის მქონე გაგარინი პირველი იყო. ის, ამასთან, პირველი ადამიანი გახლდათ, რომელიც კოსმოსში გაფრინდა, შესაბამისად იგი საბჭოთა კავშირში ყველასათვის ცნობილ, გმირულ ფიგურას წარმოადგენდა. შეგახსენებთ, რომ ეს 1961 წელი იყო — ვარსკვლავური კულტურის შექმნის მხრივ საბჭოთა კავშირმა ამერიკასა და ბრიტანეთთან შედარებით საგრძნობლად დაიგვიანა. ეს კოლექციის ერთ-ერთი უახლესი სურათია, რომელიც, გარკვეულწილად, ერთი ეპოქის დასასრულს წარმოაჩენს".
კომენტარები