Veuve Clicquot სახელობის საქმიანი ქალის 2019 წლის დაჯილდოების ცერემონიალი 19 დეკემბერს მწერალთა სახლში გაიმართა. გამარჯვებულს, ქეთი ქვარცხავას (იურიდიული კომპანია BLC Law Office-ის პარტნიორი), საპატიო ჯილდო — სამახსოვრო თასი ინდივიდუალური გრავირებით დოროტეა შედვილმა, ევროპის ქვეყნებში Veuve Clicquot -ს სახლის ბიზნეს განვითარების მენეჯერმა გადასცა. ქეთი ქვარცხავა Veuve Clicquot-ს ბრენდის ელჩი იქნება ერთი წლის განმავლობაში.

ფოტო: GD Alco

საქმიანი ქალებისათვის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს — Veuve Clicquot Business Woman Award-ის მოსაპოვებლად ოთხი ნომინანტი შეირჩა: ნონა თორდია (გემუანის დამფუძნებელი), თინა მამულაშვილი ( ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის დირექტორი), ნინო კობახიძე (გლობალ ბენეფიტ ჯორჯიას გენერალური დირექტორი) და ქეთი ქვარცხავა (იურიდიული კომპანია BLC Law Office-ის პარტნიორი).

Veuve Clicquot საქმიანი ქალის ჯილდო 1972 წელს, შამპანურის სახლის დაარსებიდან 200 წლის იუბილეზე, შამპანურის La Grande Dame-ად წოდებული მადამ კლიკოს პატივსაცემად დაწესდა. 47 წლის განმავლობაში ჯილდოს მფლობელი მსოფლიოს 27 ქვეყანაში 350 ლიდერი ქალი გახდა, რომლებიც მადამ კლიკოს სულისკვეთებას, სამეწარმეო ტალანტს, ხასიათის სიმტკიცესა და ინოვაციურ ხედვას იზიარებენ; გამოირჩევიან თამამი გადაწყვეტილებებით, აქვთ უნარი, განაახლონ ინდუსტრიის დაწერილი თუ დაუწერელი კანონები, შეინარჩუნონ და განავითარონ ტრადიციები.

საზოგადოების ევოლუციის კვალდაკვალ წარმატებული ქალის მოდელი ბიზნესის სამყაროს საზღვრებს სცდება, ამიტომაც, კომპანიის გადაწყვეტილებით, 2019 წლიდან ტრადიციული ჯილდო ახალი სახელწოდებით Bold by Veuve Clicquot გაიცემა და იმავე სახელწოდების სამოქმედო პროგრამის ნაწილი ხდება, რომელიც მთელი წლის მანძილზე მეწარმე ქალების მხარდასაჭერად მრავალფეროვან ღონისძიებებს მოიცავს.

ფოტო: GD Alco

Bold Woman Award-ი თამამი იდეებისა და სტერეოტიპების ნგრევისათვის კვლავაც გამოავლენს ქალებს, რომელთა სახელი გამბედაობის სიმბოლოდ იქცა. Bold Woman Award-ის გამარჯვებულები საკუთარი ენერგიითა და გამოცდილებით ბიზნესის სამყაროში ნიჭიერი ქალების არსებობასა და გაძლიერებას უწყობენ ხელს, თავიანთი მაგალითით საკუთარი შესაძლებლობების რწმენას მატებენ ქალებს, რომლებიც რთულ სოციალურ და ეკონომიკურ პირობებში ცხოვრობენ.

ფოტო: GD Alco

Veuve Clicquot —კლიკოს ქვრივს ნიშნავს. ერთ-ერთი პირველი მეწარმე ქალი გახდა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც ქალებს მუშაობის ან საბანკო ანგარიშის გახსნის უფლებაც კი არ ჰქონდათ.

წლების განმავლობაში მადამ კლიკომ ინდუსტრიაში რევოლუცია მოახდინა, სრულყოფილების კულტურა შეიმუშავა და საკუთარ კრედოდ აქცია ფრაზა: "ერთადერთი ხარისხი – საუკეთესო". მადამ კლიკოს სახელს უკავშირდება რამდენიმე მნიშვნელოვანი ინოვაცია ღვინის სამყაროში, როგორიცაა: რემუაჟის მაგიდის გამოგონება (მოწყობილობა, რომელიც ხელს უწყობს შამპანურის ნალექისგან დაწმენდას); მან განაახლა პირველი ჩვენთვის ცნობილი ვინტაჟური შამპანური (1810) და შექმნა პირველი როზე (1818), რომელიც წითელი და თეთრი ღვინოების შერევით მიიღება. ბრენდს მისი გამბედაობისა და სრულყოფილების კვალი ამჟამადაც ეტყობა. Veuve Clicquot ლუქსკლასის შამპანურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ხარისხიანი ბრენდია.

ფოტო: GD Alco

1772 წელს დაარსებული შამპანურის სახლი Veuve Clicquot 1987 წლიდან LVMH Group-ის შემადგენლობაშია. კომპანიის ვენახები 515 ჰექტარზეა

გადაჭიმული, მარნების სიგრძე 24 კილომეტრს შეადგენს, პროდუქცია კი მსოფლიოს 150 ქვეყანაში იყიდება. საქართველოში Veuve Clicquot-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორია კომპანია GD ალკო.