კვლევის თანახმად, ტომას ედისონმა შეიმუშავა მასალა, რომელიც ოფიციალურად მხოლოდ 125 წლის შემდეგ შექმნეს
ფოტო: Getty Images
გამომგონებელი ტომას ედისონი თავის დროს უსწრებდა და ახალმა კვლევამ, შესაძლოა, ეს კიდევ ერთხელ დაადასტუროს.
რაისის უნივერსიტეტის მკვლევრების თქმით, 1879 წელს ედისონმა უნებლიეთ შექმნა გრაფენი — "სასწაული მასალა", რომელიც ოფიციალურად 125 წლის შემდეგ დაამზადეს.
გრაფენი ნახშირბადის ორგანზომილებიანი ალოტროპიული მოდიფიკაციაა, რომელიც წარმოიქმნება ერთი ატომის სისქის ნახშირბადის ატომების ფენით. ის ძალიან გამძლე, მსუბუქი და მოქნილია. გრაფენს აქვს თვისებები, რომლებიც მას ეგზოტიკური კვანტური მდგომარეობების შესაბამისს ხდის.
გრაფენის შესახებ პირველად თეორია 1947 წელს წამოაყენეს. თეორიის ავტორი კანადელი ფიზიკოსი ფილიპ უელსი იყო. გრააფენის წარმატებით იზოლირება 2004 წელს მოხდა — ეს ფიზიკოსებმა ანდრე გეიმმა და კონსტანტინ ნოვოსელოვმა შეძლეს. ამ მიღწევისთვის მათ 2010 წელს ნობელის პრემია გადაეცათ.
და, აი, ახლა ახალი კვლევის თანახმად, მათ ედისონმა დაასწრო, თან ისე, რომ თავადაც ვერ შენიშნა.
გრაფენის წარმოების მეთოდს ჯოულისეული გახურება ეწოდება. ესაა რეზისტენტული ნახშირბადის ბაზაზე დამზადებული მასალის 2000°C-მდე გახურება.
"მსურდა დამედგინა, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ისეთი ყველაზე პატარა და მარტივი მოწყობილობა, რომელსაც ჯოულის გახურებისთვის გამოვიყენებდი. შემდეგ გამახსენდა, რომ ძველებური ნათურების შემთხვევაში ნახშირბადზე დაფუძნებულ ძაფებს იყენებდნენ", — ამბობს რაისის უნივერსიტეტის მასალების მეცნიერი ლუკას ედი.
რაისის ჯგუფმა ისეთივე ნათურები გამოიყენა და მათზე ნახშირბადით გამდიდრებული ბამბუკის ძაფები დააყენა — ყველაფერი ისე, როგორც ედისონის დროს. ნათურები 110-ვოლტიან დენის წყაროზე შეაერთეს და 20 წამის განმავლობაში ჩართეს.
ფოტო: ACS Nano
მიკროსკოპის ქვეშ ჯგუფმა შენიშნა, რომ ძაფმა ფერი იცვალა (ნაცრისფრიდან ვერცხლისფერში). სპექტროსკოპიამ დაადასტურა, რომ ძაფის ნაწილები გრაფენად გარდაიქმნა.
მეორე მხრივ, თუ მას მალევე არ აფხეკდნენ, მასალა ძველებურ გრაფიტად გარდაიქმნებოდა.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ედისონმა გააცნობიერა, რა დაამზადა, ამ პერიოდში გრაფენი მისთვის დიდად გამოსადეგი ვერ იქნებოდა.
"ეს გვაფიქრებს იმაზე, თუ რა სახის საიდუმლოებები შეიძლება იმალებოდეს ძველ ექსპერიმენტებში. საინტერესოა, თუ რას ფიქრობდა ამაზე თავად ედისონი", — ამბობენ მკვლევრები.
ACS Nano ჟურნალ ACS Nano-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები