პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა მზის შიდა სტრუქტურის ასახვა შეძლეს
ფოტო: NASA/SDO/AIA/LMSAL
მზეზე ცვლილებები ხშირად ხდება: მაგალითად, პერიოდულად ლაქების გაჩენა და შემდეგ ისევ გაქრობა ან კორონალური მასის გამოფრქვევა კოსმოსში. ამ ცვლილებების გამომწვევ ძირითად მიზეზად ბევრს მაგნეტიზმი მიაჩნია, თუმცა მთავარი პროცესები მზის სიღრმეში ხდება. ამ დრომდე ეს რეგიონი მიუწვდომლად მიიჩნეოდა: მეცნიერებს მასზე პირდაპირ დაკვირვების საშუალება არ ჰქონიათ.
ახალი კვლევის ავტორებმა მზის შიდა მაგნიტური ველის სამგანზომილებიანი გამოსახულება აღადგინეს. ამისთვის მათ ათწლეულების განმავლობაში შეგროვებული სატელიტური მონაცემები გამოიყენეს. ეს ნიშნავს, რომ ახლა უკვე მეცნიერებს მზის მაგნეტიზმის ზედაპირის ქვეშ დაკვირვებაც შეუძლიათ. როგორც მკვლევრები ამბობენ, სხვა ვერცერთი ტექნიკით (მათ შორის, ვერც ჰელიოსეისმოლოგიით) მზის შიდა მაგნიტურ ველს ვერ აკვირდებიან.
ზოგადად, ჩვენი ვარსკვლავის მაგნიტურ ველს მასში ცხელი, ელექტრულად დამუხტული აირის მოძრაობა წარმოქმნის. ეს პროცესი მზის სიღრმეში ხდება. პრობლემა ისაა, რომ მაგნიტური ველების შიდა ფენების პირდაპირ გაზომვა შეუძლებელია. სატელიტები მხოლოდ იმას ამჩნევს, თუ რა ხდება მზის ხილულ ზედაპირზე, დანარჩენი კი ინტერპრეტაციის საგანია.
კვლევის ავტორებმა განსხვავებული მიდგომა აირჩიეს. ნაცვლად მოდელის ვარაუდებზე აგებისა, მათი ნაშრომი რეალურ დაკვირვებებს ეყრდნობა. მათ მზის სატელიტების მიერ აღბეჭდილი მაგნიტური ველის დღიური რუკები შეაგროვეს: სატელიტები ამ მონაცემებს 1996-იდან 2025 წლებში აგროვებს.
ეს რუკები გვიჩვენებს, კონკრეტულად სად ჩანს მაგნიტური ველები ზედაპირზე და როგორ იცვლება ისინი დროთა განმავლობაში. ამის შემდეგ მკვლევრებმა ეს ინფორმაცია სამგანზომილებიან კომპიუტერულ მოდელს მიაწოდეს, რომელმაც მზის შიდა მაგნიტური პროცესების სიმულაცია შეძლო. აღსანიშნავია, რომ მოდელი რეალურ დროში მუშაობდა: მზის ზედაპირიდან მიღებული მონაცემების განახლებისთანავე მოდელიც შესაბამისად იცვლებოდა.
პროგრამის სიზუსტის შესამოწმებლად მეცნიერებმა მას მზის გასული ციკლების აღდგენა დაავალეს. ეს ციკლები დაახლოებით 11 წელიწადს გრძელდება და მზის აქტივობის მატებისა და კლების პერიოდებს აღნიშნავს. კომპიუტერულმა მოდელმა ამოცანას თავი წარმატებით გაართვა.
საბოლოო გამოცდა პროგნოზირება იყო. მკვლევრებმა მოდელისთვის ახალი მონაცემების მიწოდება შეწყვიტეს და დააკვირდნენ, თავად რამდენად განსაზღვრავდა მზის აქტივობას. მოდელმა ამ მხრივაც გაამართლა: მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში მზის ძირითადი აქტივობა სწორად იწინასწარმეტყველა.
მეცნიერებს ამ მიდგომის კიდევ უფრო მეტად დახვეწა სურთ. მათ იმედი აქვთ, რომ მოდელი იმის პროგნოზსაც შეძლებს, თუ სად გაჩნდება მზის ზედაპირზე აქტიური რეგიონები.
ეს შედეგები მნიშვნელოვნად ცვლის იმას, თუ როგორ შეეძლებათ მეცნიერებს მზის გამოკვლევა. ნაცვლად იმისა, რომ მზის შიდა ფენები მიუღწეველ რეგიონებად აღიქვან, ახლა მათ ამ ნაწილების უწყვეტი მონიტორინგი შეეძლებათ.
გარდა ამისა, მზის აქტივობის უფრო ზუსტად პროგნოზირება სატელიტების დაცვასა და სანავიგაციო სისტემების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეიძლება დაგვეხმაროს. მეორე მხრივ, ამჟამინდელი მოდელი გრძელვადიან სატელიტურ მისიებზეა დამოკიდებული; თუ მათ რამე მოუვათ, აღნიშნული მიდგომა ეფექტიანი აღარ იქნება.
კვლევა გამოცემაში The Astrophysical Journal Letters გამოქვეყნდა.
კომენტარები