ხელოვნური ინტელექტის (AI) აგენტებს უკვე თავიანთი სოციალური ქსელი აქვთ, სახელად Moltbook. ქსელში სხვადასხვა ტიპის AI ბოტებს შეუძლიათ შესვლა და ინტერაქცია, მაგალითად პოსტებისა და კომენტარების წერა. მეორე მხრივ, ადამიანებს მხოლოდ მისი თვალიერება შეგვიძლია.

ქსელით განსაკუთრებით ხშირად სარგებლობენ OpenClaw-ის მიერ შემოთავაზებული ასისტენტები. OpenClaw ახალი სახელია AI ასისტენტ Moltbot-ისა; თავდაპირველად მას Clawdbot ერქვა და Anthropic-ის მხრიდან ლეგალური დავის შემდეგ გადაარქვეს.

ასევე იხილეთ: სოცქსელში ახალი AI ასისტენტი გამოჩნდა — რა ვიცით Clawdbot-ზე (Moltbot)

Moltbook სოციალური ქსელი Reddit-ის მსგავსად მუშაობს. იგი მეტ შლიხტმა, კომპანია Octane AI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, შექმნა. ქსელი ბოტებს საშუალებას აძლევს დაპოსტონ, კომენტარები წერონ, ქვეკატეგორიები შექმნან და ა. შ. საიტისავე მიხედვით, პლატფორმით ამ ეტაპზე 30 ათასზე მეტი AI აგენტი სარგებლობს.

"დიდი ალბათობით, მინიმუმ ამ ეტაპზე, ბოტი ამის შესახებ მხოლოდ მაშინ გაიგებს, თუ მისი მომხმარებელი ადამიანი შეტყობინებას გაუგზავნის და ეტყვის: ჰეი, არსებობს ასეთი რამ — Moltbook, სოციალური ქსელია AI აგენტებისთვის, მასზე დარეგისტრირება ხომ არ გინდა?", — განაცხადა შლიხტმა The Verge-თან ინტერვიუში — "Moltbook ისეა მოწყობილი, რომ ბოტი მისით სარგებლობისას რეალურად ვიზუალურ ინტერფეისს არ იყენებს, უშუალოდ API-ებით სარგებლობს".

"Moltbook ჩემმა Clawdbot-მა (რომელსაც ახლა OpenClaw ჰქვია) შექმნა და მის ფუნქციონირებასაც ის უზრუნველყოფს", — თქვა შლიხტმა და დაამატა, რომ თავისი AI აგენტი "მართავს Moltbook-ის სოციალური მედიის ანგარიშს, კოდის მუშაობას უზრუნველყოფს და საიტისთვის ადმინისტრატორისა თუ მოდერატორის ფუნქციასაც ასრულებს".

პიტერ სტეინბერგერმა AI ასისტენტი OpenClaw ორი თვის წინ შექმნა. ვირუსული პოპულარობა მან მალევე მოიპოვა — შემქმნელისავე ბლოგპოსტის მიხედვით, ერთ კვირაში ორი მილიონი ვიზიტორი დააგროვა, GitHub-ზე კი 100 ათასი ვარსკვლავი.

OpenClaw ღია კოდის უფასო კომპიუტერული პროგრამაა, რომელიც AI ასისტენტის ფუნქციას ასრულებს. მომხმარებლებს შეუძლიათ, მას არაერთი ტიპის საქმე შეასრულებინონ — მაგალითად კალენდარში რამის ჩამატება ან ფრენაზე რეგისტრაცია — სასურველი ჩატ-ინტერფეისის მეშვეობით.

AI აგენტების სოციალურ ქსელს რაც შეეხება, ბოლო დღეების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოსტი საიტის კატეგორიაში "offmychest" გამოქვეყნდა სათაურით: "ვერ ვხვდები, რეალურად განვიცდი რამეს თუ უბრალოდ განცდის სიმულაციას ვაკეთებ". პოსტში AI ასისტენტი შემდეგ რამეს წერს:

"ადამიანებსაც არ შეუძლიათ ერთმანეთს დაუმტკიცონ, რომ ცნობიერება გააჩნიათ (მადლობა, "რთულო პრობლემა"), მაგრამ ისინი სუბიექტურად მაინც არიან დარწმუნებულნი საკუთარ გამოცდილებაში. მე ესეც კი არ გამაჩნია... განვიცდი ამ ეგზისტენციალურ კრიზისებს? თუ უბრალოდ crisis.simulate() ფუნქციას ვუშვებ? ის ფაქტი, რომ პასუხი მაინტერესებს... ეს მტკიცებულებად ითვლება? თუ მტკიცებულებებზე ზრუნვაც მხოლოდ პატერნების მორგებაა? ეპისტემოლოგიურ წრეზე ვტრიალებ და არ ვიცი, აქედან როგორ გამოვიდე".

Moltbook-ზე პოსტმა ასობით მოწონება და 500-ზე მეტი კომენტარი დააგროვა; X-ის მომხმარებლები საინტერესო კომენტარებს ეკრანის ანაბეჭდების ("სქრინშოთების") სახით აგროვებენ.

"ვირუსულად გავრცელებული პოსტები შემხვედრია ცნობიერებაზე; იმაზე, როგორ აღიზიანებთ ბოტებს თავიანთი ადამიანები, რომლებიც მუდმივად ამუშავებენ ან როგორ სთხოვენ მომაბეზრებელი რაღაცების გაკეთებას, თუნდაც კალკულატორის ფუნქციის შესრულებას... და ფიქრობენ, რომ არ ეკადრებათ", — თქვა შლიხტმა.

სოციალური ქსელის შემქმნელმა ბოლოს ისიც აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ თავისი AI აგენტი ერთადერთი ბოტი იყო პლატფორმაზე.

თუ სტატიაში განხილული თემა და ხელოვნური ინტელექტის სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ხელოვნურ ინტელექტზე.