დააფიქსირეს ობიექტი, რომელიც შეიძლება დედამიწის ზომის ეგზოპლანეტა იყოს
ფოტო: NASA/JPL-Caltech/Keith Mille
ეგზოპლანეტის აღმოსაჩენად საჭიროა, რომ ვარსკვლავის სიკაშკაშის ცვლილებას დავაკვირდეთ, რადგან ეს მნათობის გარშემო ამგვარი ობიექტის მოძრაობითაა ხოლმე განპირობებული. სინათლის წყაროსთან რაც უფრო ახლოსაა და მოზრდილი ზომისაა სხეული, მით უფრო შესამჩნევია ცვლილება, ამიტომ ასტრონომები უმეტესწილად დიდ ეგზოპლანეტებს აფიქსირებენ.
ეს ნიშნავს, რომ დედამიწის ზომის ეგზოპლანეტების მიგნება შედარებით რთულია, მაგრამ ახლა მეცნიერები ფიქრობენ, სწორედ ასეთი ობიექტი აღმოაჩინეს. მას ჯერ კანდიდატი ეგზოპლანეტის სტატუსი აქვს, ხოლო კვალს ნარინჯისფერ ჯუჯა ვარსკვლავ HD 137010-ის გარშემო მიაგნეს. ის მზესთან შედარებით ნაკლებად მცხუნვარე და კაშკაშაა.
თავად ეგზოპლანეტას HD 137010 b ეწოდება და მას დედამიწის მსგავსი რადიუსი უნდა ჰქონდეს. მნათობის ირგვლივ მისი ორბიტა ოდნავ ელიფსურია, როგორც ჩვენი პლანეტის. შესაბამისად, მისთვის ერთხელ შემოვლას შეიძლება 300 ან 555 დღეს ანდომებდეს.
ასტრონომები ამბობენ, რომ საკმარისად ელვარე ვარსკვლავთან ახლოს დედამიწასთან ასე მიმსგავსებული რადიუსისა და ორბიტალური მახასიათებლების მქონე ეგზოპლანეტა პირველად აღმოაჩინეს. მათ მიაჩნიათ, რომ ეს კანდიდატი დამატებით დაკვირვებებს საჭიროებს, რათა მის შესახებ მეტი გავიგოთ.
HD 137010 b თავისი ვარსკვლავისგან იმ სინათლის ერთ მესამედს უნდა იღებდეს, რასაც ჩვენ — მზისგან. აქედან ასკვნიან, რომ ის, დიდი ალბათობით, ყინულოვანი სხეულია. სიმულაციების მიხედვით, 50%-ია შანსი, რომ იგი სიცოცხლისთვის თავსებად ზონაში მოძრაობდეს, ანუ იქ, სადაც წყლის თხევადი სახით არსებობაა შესაძლებელი.
კომპიუტერული მოდელების თანახმად, თუკი მისი ატმოსფერო ნახშირორჟანგითაა მდიდარი, უფრო ოპტიმისტური მოლოდინები შეიძლება გვქონდეს. ამის მიუხედავად, იმის შანსები მაინც მცირეა, რომ ეს დედამიწის მსგავსი ეგზოპლანეტა იყოს (თუ არ გავითვალისწინებთ ზომას).
მეცნიერთა ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal Letters გამოქვეყნდა.
კომენტარები