სულ მალე ადამიანებს მთვარისკენ გაგზავნიან — რა უნდა ვიცოდეთ მისია Artemis 2-ზე
Apollo-დან Artemis-ამდე
Apollo-ს უკანასკნელი მისიიდან 54 წელში ადამიანები დედამიწის ერთადერთ ბუნებრივ თანამგზავრს უბრუნდებიან.
1972 წლის შემდეგ პირველად, ასტრონავტები მთვარისკენ გაემგზავრებიან, რაც NASA-ს პროგრამა Artemis-ის ფარგლებში იგეგმება. მისია Artemis 2 ეკიპაჟიან ფრენას გულისხმობს, რომელიც ფლორიდაში მდებარე კენედის კოსმოსური ცენტრიდან განხორციელდება. ასტრონავტები დედამიწის ორბიტას გასცდებიან და მთვარეს გარშემო შემოუვლიან. შეიძლება ისინი იმაზე შორს წავიდნენ, ვიდრე ადამიანი ოდესმე ყოფილა.
ამჟამინდელი მონაცემებით, ფრენის უადრეს თარიღად 8 თებერვალი განიხილება, მაგრამ გაშვების ფანჯარა 11 თებერვლამდეა. ამისთვის NASA-ს რაკეტა და სპეციალური მოდული უკვე მზადაა, რაც ნიშნავს, რომ, თუ ამინდი ხელს შეგვიწყობს, მთვარისკენ ადამიანებს სულ მალე გავუშვებთ.
ასევე, იხილეთ: საიდან ვიცით, რომ ადამიანი მთვარეზე ნამდვილად იმყოფებოდა — კონსპირაციის უარყოფა
ეს ისტორიული მომენტია, რადგან, როგორც უკვე ვახსენეთ, Apollo-დან Artemis-ამდე რამდენიმე ათწლეული ისე გავიდა, რომ მთვარეზე მხოლოდ ზონდებს ვგზავნიდით. სამაგიეროდ, კოსმოსური სააგენტოები ამ ციური სხეულის ათვისების გეგმებს უკვე აქტიურად აწყობს და იქ ბაზების მოწყობა სურთ.
Artemis 2 ასეთი მომავლისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. წინამდებარე სტატიაში გიყვებით ყველაფერზე, რაც ამ მისიის შესახებ უნდა იცოდეთ.
როგორ მივდივართ მთვარისკენ
პროგრამა Artemis-ის მიზანი მთვარეზე კაცობრიობის დაბრუნება და იქ ბაზის შექმნაა, რათა მომავალი ეტაპისთვის მოვემზადოთ — მარსზე წასასვლელად. პირველი მისია Artemis I იყო, რომელიც 2022 წელს წარმატებით განხორციელდა, თუმცა უეკიპაჟოდ.
ასევე, იხილეთ: როგორ ვბრუნდებით მთვარეზე? — ყველაფერი, რაც მისია Artemis 1-ზე უნდა იცოდეთ
მისი მეშვეობით ის ტექნოლოგიები გამოცადეს, რომლებსაც ახლანდელი ფრენისას გამოიყენებენ, თუმცა ამჯერად მოდულში ოთხი ასტრონავტი მოთავსდება. ეს Apollo-ს სტრატეგიის მსგავსია, რადგან მაშინაც მთვარის ზედაპირზე ნილ არმსტრონგისა და ბაზ ოლდრინის გაშვებამდე (Apollo 11) ხომალდის სისტემები, ნავიგაცია და სხვა ტექნიკური კომპონენტები დატესტეს, ასევე ასტრონავტები ჯერ მთვარის გარშემო გაგზავნეს (Apollo 8).
სწორედ ასეთი ფაზები აქვს პროგრამა Artemis-საც. მის ფარგლებში რაკეტა Space Launch System (SLS)-სა და Orion-ის მოდულს გამოიყენებენ, რომელიც უშუალოდ ასტრონავტებისთვისაა განკუთვნილი.
SLS-ის სიმაღლე 98 მეტრია, ხოლო მისი წონა საწვავით სრულად მომარაგებისას დაახლოებით 2870 ტონას შეადგენს. რაკეტა შატლის პერიოდის ორი ამაჩქარებლითაა აღჭურვილი, რომლებიც RS-25 ტიპის ოთხი ძრავის ზემოთაა განლაგებული. საერთო ჯამში ისინი 39 მილიონი ნიუტონის ძალის ბიძგს წარმოქმნის, რომლის მეშვეობითაც აპარატი ჰაერში აიჭრება და დედამიწის ორბიტამდე მიაღწევს.
SLS უკვე გამშვებ პლატფორმაზეა; ამჟამად (2 თებ.) მისი სისტემების შემოწმება მიმდინარეობს, რაც სიმულირებულ დროის ათვლასაც გულისხმობს. თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, 8 თებერვლისთვის მისიის განხორციელების შანსები გაიზრდება. გაშვების მომდევნო ფანჯარა ჯერ მარტში იქნება, შემდეგ კი — აპრილში.
რაც შეეხება Orion-ის მოდულს, ესაა საეკიპაჟო კაფსული, რომლითაც ასტრონავტები მთვარის გარშემო იმოგზაურებენ. მას არამხოლოდ ახლა გამოიყენებენ, არამედ მომავალშიც, როცა მთვარის ორბიტაზე კოსმოსური სადგური აშენდება. შესაძლოა, მისი მეშვეობით მარსზეც წავიდეთ.
ეს ფორმით Apollo-ს მსგავსი აპარატია, თუმცა გაუმჯობესებულია და მას სიდიდითაც აღემატება. Orion-ის სიმაღლე 15 მეტრია, ხოლო დიამეტრი 5.2 მეტრს უტოლდება. იგი ოთხკაციან ეკიპაჟზეა გათვლილი, კოსმოსში მაქსიმუმ 21 დღის გასატარებლადაა გამოსადეგი და 7770 კილოგრამს იწონის.
უნდა აღინიშნოს, რომ ტექნოლოგიური წინსვლის მიუხედავად, ასეთ მისიებთან დაკავშირებული რისკები ისევ გასათვალისწინებელია. კოსმოსური ფრენა უსაფრთხო ნამდვილად არაა, რასაც 1986 წლის ტრაგედიაც მოწმობს, როცა Space Shuttle Challenger აფრენიდან 73 წამში აფეთქდა და შვიდი ასტრონავტი იმსხვერპლა. ასეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად ყველა დეტალი წინასწარ გათვლილი და შემოწმებული უნდა იყოს.
რა იგეგმება მისიის განმავლობაში
Artemis 2 ათდღიანი მისიაა და რამდენიმე მნიშვნელოვან ეტაპს მოიცავს; პირველი, რა თქმა უნდა, რაკეტის აფრენაა, რის შემდეგაც დაახლოებით რვა წუთში მას მეორე, ცენტრალური საფეხური და Orion გამოეყოფა, პირველი საფეხური კი ატლანტის ოკეანეში დაეშვება (ჩაიძირება).
მომდევნო რამდენიმე საათის განმავლობაში აპარატი დედამიწის გარშემო თავის სამიზნე ორბიტამდე მიაღწევს. ეს ტრაექტორია სპეციალურადაა ისე შერჩეული, რომ რაიმეს არასწორად წარმართვის შემთხვევაში ასტრონავტები უკან მარტივად დაბრუნდნენ. თუ ასე არ მოხდა (და, იმედია, არ მოხდება), ეკიპაჟი იქ მომდევნო დღემდე დაყოვნდება.
პირველ და მეორე დღეს ასტრონავტები სხვადასხვა კომპონენტის შემოწმებაში გაატარებენ, მათ შორის ისინი ხელით მართვის სისტემასა და კომუნიკაციებს გამოცდიან. როგორც კი ყველაფრის გამართულად ფუნქციონირება დადასტურება, რაკეტის მეორე საფეხური ძრავებს კიდევ ერთხელ აამუშავებს და Orion-ს მთვარის მიმართულებით გაგზავნის, თავად კი მას ჩამოცილება.
მესამიდან მეხუთე დღემდე პერიოდი მთვარემდე მისაღწევადაა გამოყოფილი, რადგან 362 000 კილომეტრი მანძილია დასაფარი. შედარებისთვის, დედამიწის ორბიტაზე მოძრავი საერთაშორისო კოსმოსური სადგური მხოლოდ 402 კილომეტრ დისტანციაზეა. ამ დროის განმავლობაშიც ეკიპაჟი სხვადასხვა ტესტირებას ჩაატარებს და ტექნოლოგიებს გამოცდის.
მეექვსე დღეს Orion უკვე დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ორბიტაზე შევა და მას ერთხელ შემოუვლის. ასე მოხვდება იგი მთვარის შორეულ მხარეს, რა დროსაც დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში პლანეტასთან კავშირი გაწყდება. ეს იმიტომ, რომ აღნიშნული ნახევარსფერო დედამიწასთან მუდმივად "ზურგშექცევითაა", ანუ, პირდაპირი მნიშვნელობით, შორსაა.
მომდევნოდან მეცხრე დღემდე Orion დედამიწისა და მთვარის გრავიტაციის გამოყენებით შინ დასაბრუნებელ ტრაექტორიაზე გადაინაცვლებს. მეათე დღეს იგი უკვე პლანეტაზე დაბრუნდება — ატმოსფეროში მაღალი სიჩქარით შემოვა (ამისთვის ის გაუმჯობესებული თბოდამცავითაა აღჭურვილი) და ეკიპაჟი წყნარ ოკეანეში პარაშუტების მეშვეობით დაეშვება. მათ იქიდან აშშ-ის საზღვაო ძალების წარმომადგენლები გამოიყვანენ.
გაიცანით ასტრონავტები
ახლა კი გავიცნოთ ის ასტრონავტები, რომლებიც ამ ისტორიულ მისიაში მონაწილეობენ და ამდენხნიანი პაუზის შემდეგ მთვარისკენ პირველები წავლენ. ესენი არიან: რიდ ვაისმანი, ვიქტორ გლოვერი, ქრისტინა კოხი და ჯერემი ჰანსენი.
- რიდ ვაისმანი 50 წლის ასტრონავტია, აშშ-ის შტატ მერილენდიდან. მან ინჟინერიის ბაკალავრის დიპლომი ნიუ იორკში მდებარე რენსელერის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში აიღო, მაგისტრის წოდება კი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში მოიპოვა. ის 1999 წლიდან აშშ-ის სამხედრო ძალების ავიატორი იყო, ხოლო პილოტად იგი ახლო აღმოსავლეთში ორჯერ გაიწვიეს, ბოლოს 2003 წელს.
NASA-მ რიდი 2009 წელს ასტრონავტთა მოსამზადებელ გუნდში მიიღო. სწავლება 2011 წლამდე გაგრძელდა, 2014-ში კი ის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაუშვეს. იქ მან 165 დღე გაატარა. მას შემდეგ ვაისმანი კოსმოსში არ ყოფილა. 2020 წლის დეკემბრიდან 2022 წლის ნოემბრამდე ის აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს ასტრონავტთა ოფისს ხელმძღვანელობდა; - ვიქტორ გლოვერი 49 წლისაა. მან კალიფორნიის შტატის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ინჟინერიის ბაკალავრის დიპლომი აიღო, შემდეგ კი სამაგისტრო სწავლება სამ საგანმანათლებლო დაწესებულებაში გაიარა: ედვარდსის საჰაერო ძალების ბაზის უნივერსიტეტში, საზღვაო საასპირანტო სკოლასა და საჰაერო ძალების უნივერსიტეტში. ვაისმანის მსგავსად, ის აშშ-ის სამხედრო ძალების პილოტია. მან 40 აპარატით საერთო ჯამში 3 000 საათი იფრინა და 24 საბრძოლო მისიაში მიიღო მონაწილეობა.
გლოვერი NASA-ს 2013 წლის ასტრონავტთა გუნდში მოხვდა და სწავლა 2 წელში დაასრულა. ის SpaceX-ის მიერ NASA-სთვის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე განხორციელებული პირველი მისიის Crew-1 ეკიპაჟის წევრი იყო. გლოვერი კოსმოსში ამ ერთხელ გაფრინდა და ორბიტაზე 168 დღე გაატარა, ხოლო იქ ყოფნისას ღია კოსმოსში 4-ჯერ გავიდა; - 47 წლის ქრისტინა კოხი ჩრდილოეთ კაროლინიდანაა, მან ინჟინერიის ბაკალავრისა და მაგისტრის დიპლომები სწორედ ჩრდილოეთ კაროლინის შტატის უნივერსიტეტსა და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში აიღო. ასევე, მუშაობდა NASA-ს მისიებისთვის მნიშვნელოვან სამეცნიერო ხელსაწყოებზე, მათ შორის ზონდ Juno-სა და Van Allen-ის აპარატებზე. კოხს აშშ-ის ანტარქტიკული პროგრამისა და ოკეანური და ატმოსფერული კვლევების სახელმწიფო ადმინისტრაციის სამეცნიერო სამუშაოებშიც აქვს წვლილი შეტანილი.
ის ანტარქტიდის, გრენლანდიისა და ჩრდილოეთ ალასკის ექსპედიციების წევრი იყო, ხოლო ასტრონავტების მოსამზადებელ სწავლებაში 2013 წელს ჩაერთო. ქრისტინა კოხი კოსმოსში 2019 წლის მარტში გაფრინდა და დედამიწაზე 2020 წლის თებერვალში დაბრუნდა. მან საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 328 დღე გაატარა — იმაზე მეტი, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ქალმა ასტრონავტმა. გარდა ამისა, ის კოლეგა ჯესიკა მეიერთან ერთად ღია კოსმოსში გავიდა, რაც მხოლოდ ქალების მონაწილეობით პირველად მოხდა. მან ხანგრძლივი მისიის განმავლობაში ღია კოსმოსში გასასვლელად ISS სულ 6-ჯერ დატოვა; - 50 წლის ჯერემი ჰანსენი ონტარიოდანაა. მან კოსმოსური მეცნიერებების ბაკალავრის დიპლომი და ფიზიკაში მაგისტრის წოდება კანადის სამეფო სამხედრო კოლეჯში აიღო. ის კანადის საჰაერო ძალების პოლკოვნიკია და 2004-დან 2009 წლამდე იქ პილოტად მსახურობდა. ის 2009 წელს კანადის კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტთა მესამე ნაკადისთვის აირჩიეს. მომზადება მან 2011 წელს დაასრულა და 2013-ში CAVES-ის პროგრამაში, 2014-ში კი NEEMO-ს მიწისქვეშა ექსპედიციაში მონაწილეობდა.
2017 წელს ჰანსენი NASA-სა და კანადის კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტობის კანდიდატების მოსამზადებელი პროგრამის ხელმძღვანელად დაინიშნა და პირველი კანადელი გახდა, რომელმაც ეს პოზიცია დაიკავა. ეს კოსმოსური ფრენა ჰანსენისთვის სადებიუტო იქნება.
მოსალოდნელია, რომ აღნიშნული ოთხეული დისტანციის ახალ რეკორდსაც დაამყარებს და იმაზე შორს წავა, ვიდრე 1970 წელს Apollo 13-მა შეძლო. ისინი პლანეტას 400 171 კილომეტრ მანძილზე დაშორდნენ, საიდანაც მთვარეცა და დედამიწაც მოჩანს.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ კოხი გახდება პირველი ქალი, რომელიც მთვარისკენ წავა, ვიქტორ გლოვერი პირველი ფერადკანიანი, ხოლო ჯერემი ჰანსენი — პირველი არაამერიკელი. უნდა აღინიშნოს, რომ თითოეული მათგანი თაობა X-ის წარმომადგენელია, ანუ მათგან ჯერ დაბადებული არცერთი იყო, როცა ასტრონავტები 1968-72 წლებში მთვარეზე მიფრინავდნენ.
სამომავლო გეგმები
ზემოთ ჩამოთვლილი ასტრონავტები გზას გაუკვალავენ პროგრამის მომდევნო მისიას, რომელსაც Artemis 3 ეწოდება. სწორედ მის ფარგლებში დაეშვებიან ადამიანები მთვარის ზედაპირზე პირველად ამდენი წლის განმავლობაში.
ეს მისია 2027 წლისთვისაა ჩანიშნული, თუმცა, დიდი ალბათობით, 2028 წელზე ადრე ვერ განხორციელდება. მიზეზი ისაა, რომ ილონ მასკის კომპანიის მიერ შექმნილი რაკეტა Starship, რომლითაც ასტრონავტები უნდა გაუშვან, ჯერ კიდევ ტესტირების ეტაპზეა. შესაბამისად, რამდენად მოასწრებენ მის ეფექტიანობასა და უსაფრთხოებაში დროულად დარწმუნებას, უცნობია.
გეგმის მიხედვით, Artemis 3-ის ეკიპაჟი მთვარის სამხრეთ პოლარულ რეგიონში დაეშვება. ორი მათგანი ციური სხეულის ზედაპირზე დაახლოებით ექვს დღეს გაატარებს. ამ დროის განმავლობაში ისინი დედამიწის თანამგზავრის გრუნტზე გაივლიან და მეცნიერულ დაკვირვებებს განახორციელებენ. დანარჩენი ორი ასტრონავტი Orion-ში დარჩება.
Artemis 4-ისა და Artemis 5-ის ფარგლებში მთვარის ორბიტაზე უკვე კოსმოსური სადგური, სახელად Lunar Gateway, გაეშვება. ის მზის ენერგიაზე მომუშავე საკომუნიკაციო ჰაბის, სამეცნიერო ლაბორატორიისა და ასტრონავტთა საცხოვრებელი მოდულის ფუნქციას შეასრულებს.
ესაა ყველაფერია ის, რაც დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე ბაზის შესამქნელადაა საჭირო. ასე დაიწყება სრულიად ახალი, მთვარის ათვისების ეპოქა, მაგრამ კაცობრიობა აქ სულაც არ გაჩერდება — შემდეგი დანიშნულების წერტილი მარსია.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.




კომენტარები