ცნობილ გერმანელ მწერალსა და მოაზროვნეს, იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს ძვირფასი ქვების პირადი კოლექციაც ჰქონდა. ამ მემკვიდრეობის ერთ-ერთი ნაწილი, ქარვის ნაკრები, ამჟამად გოეთეს ეროვნულ მუზეუმში (ვაიმარში) ინახება. ეს 40 ნიმუშს გულისხმობს ბალტიის რეგიონიდან.

იენის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ამ ნაკრების 4 ნიმუში შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ მათში 3 ცხოველის ნამარხი იყო. ისინი იმდენად მკრთალად ჩანს, რომ გოეთეს, სავარაუდოდ, ბუნებისადმი დიდი ინტერესის მიუხედავად, ნამარხები არასდროს შეუმჩნევია.

მეცნიერები დაინტერესდნენ, თუ კონკრეტულად რომელი სახეობა იყო ფისში. ამისთვის მათ სამედიცინო გამოსახულებაზე დაფუძნებული მიდგომა აირჩიეს. DESY გერმანული ელექტრონული სინქროტრონია, რომელიც ჰამბურგში მდებარეობს. ამ ხელსაწყოთი (კონკრეტულად, სინქროტრონული მიკროგამოთვლითი ტომოგრაფიით) ქარვა დაასკანერეს, რითაც დეტალური სამგანზომილებიანი გამოსახულებები მიიღეს. ნამარხი ცხოველები სოკოს კოღო, ქინქლა და ჭიანჭველა აღმოჩნდნენ.

ამ სამიდან 40 მილიონი წლის წინანდელმა ჭიანჭველამ განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო, რადგან იგი უჩვეულოდ ინფორმატიული აღმოჩნდა.

"ჭიანჭველა გადაშენებულ სახეობას, †Ctenobethylus goepperti-ს მიეკუთვნება, რომელიც ქარვაში ხშირადაა შემონახული", — განმარტავს იენის უნივერსიტეტის მკვლევარი, ბერნჰარდ ბოკი — "გოეთეს კოლექციის ნიმუშში ეს სახეობა განსაკუთრებით კარგად აღმოჩნდა შემონახილი, ამიტომ მისი აღწერა უფრო დეტალურად მოვახერხეთ და ამ სახეობის შესახებ ახალი ინფორმაცია მივიღეთ".

სკანირებამ ბევრად მეტი აჩვენა, ვიდრე სხეულზე არსებული ბუსუსები და მსგავსი ზედაპირული დეტალები. მკვლევრებმა პირველად შეძლეს ჭიანჭველას თავისა და გულმკერდის არეალის შიდა ჩონჩხის სტრუქტურის ვიზუალიზება. ეს იშვიათი ანატომიური მტკიცებულებაა, რომელიც მეცნიერებს ჭიანჭველების ევოლუციის უკეთ გაგებაში დაეხმარება.

ეს სახეობა ჭიანჭველათა გვარის Liometopum-ის მსგავსი აღმოჩნდა, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპის თბილ რეგიონებშია გავრცელებული. ამიტომ მეცნიერებმა გადაშენებული ჭიანჭველას ცხოვრების წესზე სხვადასხვა დასკვნა გამოიტანეს. მაგალითად, ისინი ხეებში დიდ ბუდეებს აშენებდნენ.

აღსანიშნავია, რომ თავად გოეთესთვის კონკრეტულად ქარვის კოლექცია განსაკუთრებით საინტერესო არ ყოფილა. მეორე მხრივ, მწერლის კოლექციის ნიმუშების კვლევა ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში დაიწყეს; ადრეული სამეცნიერო ნაშრომები მის ბიბლიოთეკაშიცაა შენახული.

ახალი კვლევა ცხადყოფს, რომ მსგავსი ისტორიული კოლექციები მეცნიერებისთვის ღირებული და ინფორმატიულია. ნაშრომი გამოცემაში Scientific Reports გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.