NASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრ იოზე უდიდესი ვულკანური ამოფრქვევა დააფიქსირა
ფოტო: NASA / JPL / University of Arizona/ NASA/JPL-Caltech
NASA-ს ზონდმა "ჯუნომ" იუპიტერის ბუნებრივ თანამგზავრ იოსთან ჩავლისას 65 000 კვადრატულ კილომეტრ ფართობზე რამდენიმე ერთობლივი ვულკანური ამოფრქვევა დააფიქსირა. ეს მისი ზედაპირის ქვეშ მაგმის ურთიერთდაკავშირებული რეზერვუარების არსებობაზე მიანიშნებს.
ამ ამოფრქვევების სიმძლავრემ, სავარაუდოდ, 140-იდან 260-ამდე ტერავატს მიაღწია (1 ტერავატი=ტრილიონი ვატი). შედარებისთვის, აქამდე იოს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაახლოებით 80 ტერავატი იყო (ვულკანი სურტი, 2001 წელი).
ახლანდელ შემთხვევაში მხოლოდ ერთი ვულკანი არ ამოფრქვეულა, არამედ ის რამდენიმე აქტიურ წყაროსთან დააკავშირეს. მათმა სიკაშკაშემ ამ დროს სინქრონულად ჩვეულებრივზე ათასზე მეტჯერ მოიმატა, რაც მიუთითებს, რომ ამოფრქვევა ასობით კილომეტრ სიღრმეში მიმდინარე სართო გეოლოგიური პროცესით იყო პროვოცირებული.
ამოფრქვევა 2024 წლის 27 დეკემბერს მოხდა, რაც იოსთან ახლოს "ჯუნოს" ჩავლის პერიოდს დაემთხვა — მას ამ ობიექტისგან 74 400 კილომეტრი აშორებდა. უნდა აღინიშნოს, რომ ის მთელს მზის სისტემაში ყველაზე ვულკანური ციური სხეულია, რომელზეც 400 ასეთი აქტიური გეოლოგიური წარმონაქმნია. ამოფრქვევებს იუპიტერის გრავიტაციული გავლენა განაპირობებს, რომელიც იოს შიგნით სითბოსა და მაგმის შენარჩუნებას უწყობს ხელს.
უკანასკნელი მოვლენის მიხედვით მეცნიერები ვარაუდობენ, რომ იოს ზედაპირქვეშა რეგიონი და მანტია ფოროვანი სტრუქტურისაა და ეს ღრუები მაგმითაა სავსე. საინტერესოა, რომ ამ რეგიონში ყველა ვულკანი არ ამოფრქვეულა, ანუ ზოგი მათგანი ზემოხსენებულ რეზერვუარებთან დაკავშირებული არაა. სამაგიეროდ, შეიძლება ისინი სხვა არხებს უერთდებოდეს.
მაღალი სიმძლავრის მოვლენა "ჯუნოს" კამერამ JIRAM დააფიქსირა, რომლის მთავარი დანიშნულებაც იუპიტერის ატმოსფეროს თერმულ გამოსხივებასა და ციალებზე დაკვირვებაა. ის ინფრაწითელი სინათლის მიმართ მგრძნობიარეა, ამიტომ ვულკანური ამოფრქვევების აღსაბეჭდადაც გამოსადეგია.
მეცნიერთა ნაშრომი გამოცემაში Geophysical Research: Planets გამოქვეყნდა.

კომენტარები