7 დეკემბერს აშშ-ს შტატ მერილენდში გამართულ უძრავი ქონების ერთ-ერთი სააგენტოს კორპორაციული წვეულება იმაზე გასაოცარი აღმოჩნდა, ვიდრე კომპანიის თანამშრომლები ან შენ, მკითხველი ახლა წარმოიდგენდი.

კომპანია St. John Properties-ის დამფუძნებელმა, ედვარდ ჯონმა წვეულებაზე თავის თანამშრომლებს მოულოდნელად განუცხადა, რომ 10 მილიონი დოლარის ოდენობის პრემიებს დაურიგებდა.

ფოტო: St. John Properties

პრემია კომპანიის ყველა, 198 თანამშრომელს გადაეცა და მიღებული თანხის ოდენობა მათი სამუშაო გამოცდილებითა და დამსახურებით განისაზღვრა. მაგალითად, ყველაზე ცოტა — $100 იმ თანამშრომელმა მიიღო, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ აიყვანეს სამსახურში და მუშაობას შემდეგი ორშაბათიდან იწყებდა, ხოლო ყველაზე მეტი, $270,000 მან, ვინც ყველაზე დიდხანს მუშაობდა კომპანიაში.

ფოტო: St. John Properties

კომპანიის პრეზიდენტის, ლოურენს მეიკრანცის განცხადებით, კომპანიის მესვეურებს სურდათ, რომ ბოლო წლებში ბიზნესის განვითარებაში მიღწეული წარმატებისათვის თავიანთი თითოეული თანამშრომლის ღვაწლი დაეფასებინათ:

"რაღაცის გაკეთება გვსურდა, რათა სათანადო მადლობა გადაგვეხადა ჩვენი თანამშრომლებისთვის, რომლებიც დაგვეხმარნენ დასახული მიზნების მიღწევაში", — განაცხადა მეიკრანცმა.

ფოტო: St. John Properties

სიურპრიზი იმდენად მოულოდნელი იყო (ბოლო წუთამდე მის შესახებ მხოლოდ ოთხმა პირმა იცოდა), რომ თანამშრომლებმა აღარ იცოდნენ ბედნიერებისგან როგორ მოქცეულიყვნენ: ისინი იცინოდნენ, ტიროდნენ და ერთმანეთს ეხუტებოდნენ.

"თვალებს არ ვუჯერებდი. სიტყვები არ მეყოფა იმის აღსაწერად, რაც მაშინ ვიგრძენი. ეს უბრალოდ წარმოუდგენელი რამ იყო და ახლაც ჯერ კიდევ შოკში ვარ", — განაცხადა ერთ-ერთმა თანამშრომელმა.