იაკუტსკში 18000 წლის გაყინული ლეკვი აღმოაჩინეს, ფუმფულა ბეწვით
რუსმა მეცნიერებმა აღმოსავლეთ ციმბირში, ქალაქ იაკუტსკთან ახლოს გაყინულ ნიადაგში განამარხებული ლეკვი აღმოაჩინეს, რომლის ბეწვი, ცხვირი და კბილები საოცრად კარგადაა შემონახული.
ლეკვის ნეკნის ძვლის რადიონახშირბადით დათარიღების შემდეგ შვედეთის პალეოგენეტიკის ცენტრის ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ლეკვი 18 000 წლის წინ გაიყინა. თუმცა, დნმ-ის ანალიზის მიუხედავად მეცნიერებმა ვერ დაადგინეს, ცხოველი ძაღლია, თუ მგელი.
"როგორც წესი, ამ ორი ცხოველის გარჩევა მარტივია. თანაც, ჩვენ ამ ნამარხისგან დიდი ინფორმაციის მიღება შევძელით და ყველა მოელოდა, რომ დავადგენდით, ძაღლთან გვაქვს საქმე თუ მგელთან, თუმცა ის ფაქტი, რომ ამას ვერ ვახერხებთ, შესაძლოა, მიუთითებდეს, რომ ლეკვი ძაღლებისა და მგლების წინაპრების პოპულაციიდანაა", — აცხადებს პალეოგენეტიკის ცენტრის მკვლევარი დეივიდ სტენტონი.
"ჩვენ არ ვიცით, ზუსტად როდის მოიშინაურეს ძაღლები. ძაღლებისა და მგლების ევოლუციის კუთხით ლეკვი ძალიან საინტერესო პერიოდიდანაა", — ამბობს სტენტონი.
ახალი ამბავი არ არის, რომ ძაღლების წინაპრები სწორედ მგლები არიან, თუმცა ზუსტად როდის მოხდა მათი მოშინაურება, უცნობია. 2017 წელს ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ძაღლები ადამიანებმა მგლების ერთი პოპულაციიდან დაახლოებით 20-40 ათასი წლის წინ მოშინაურეს.
შვედეთის პალეოგენეტიკის ცენტრის ტვიტში ნათქვამია, რომ ლეკვი ხვადია. მეცნიერებმა მას დოგორი შეარქვეს, რაც იაკუტურ ენაზე მეგობარს ნიშნავს.
ექსპერტები იმედოვნებენ, რომ ლეკვის წარმომავლობას დამატებითი გენეტიკური კვლევები ფარდას ახდის.
კომენტარები