კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც სახელმწიფოსთვის ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ძვირფასია
ძველი თბილისის უბნებში არაერთი ავარიული სახლი დგას, რომელთა დიდი ნაწილიც დროთა განმავლობაში უფრო და უფრო ზიანდება. ამ უბნების მაცხოვრებლები დღითი დღე უახლოვდებიან კატასტროფას, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს. ნგრევის პირას მყოფი სახლების შეკეთებას მოსახლეობა ვერ ახერხებს, რისი მიზეზიც, ხშირ შემთხვევაში, ის სტატუსია, რომელიც მათ სახელმწიფოსგან აქვთ მინიჭებული. საუბარია ისტორიული ძეგლის სტატუსის მქონე სახლებზე, რომელთა შეკეთების უფლება, სახელმწიფოს მხრიდან გაცემული ნებართვის გარეშე, მეპატრონეებს არ აქვთ.
დაზიანებული და ავარიული სახლების გამაგრების ერთ-ერთ გზას ინვესტორების დაინტერესება წარმოადგენს, რომელშიც როგორც მოსახლეობა, ისე თბილისის მერიაა ჩართული. მეორე გზა თანადაფინანსებით, ანუ მერიისა და ამ სახლების მეპატრონეთა ერთობლივი ძალებით გამაგრებაა, თუმცა უმეტეს შემთხვევებში ეს სქემა ვერ მუშაობს.
რა მდგომარეობაშია კულტურული ძეგლის სტატუსის მქონე სახლები, რა პრობლემები ექმნებათ ინვესტორებს, რას ყვებიან მაცხოვრებლები და რას ამბობენ პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებები? - On.ge სწორედ ამის გარკვევას შეეცადა.
ავი ძაღლის პრინციპი - არც მე შევჭამ, არც შენ გაჭმევ
რესპონდენტების მოძებნა რთული არ ყოფილა, ვინაიდან ეს პრობლემა თბილისის ძველ უბნებში მოსახლეობის დიდ ნაწილს აწუხებს. ხშირ შემთხვევაში, ისინი სიცოცხლისთვის საშიშ სახლებში ცხოვრობენ და არ იციან, თუნდაც მიწისძვრის შემთხვევაში, მათ ოჯახებს რა შეიძლება დაემართოს. თბილისის ისტორიული სახლების მცხოვრებნი თბილისის მერიას უყურადღებობასა და გულგრილობაში ადანაშაულებს. გარდა ამისა, ისინი დედაქალაქის ხელმძღვანელობას ინვესტორებისა თუ დეველოპერებისთვის ხელის შეშლაში სდებენ ბრალს.
მოქალაქეების ის ნაწილი, რომელსაც ჩვენ ვესაუბრეთ, იმასაც ამბობს, რომ საკუთარი სახლების გამაგრების უფლება თავადაც არ აქვთ, ვინაიდან შესაძლოა მათ კულტურული ძეგლის განადგურებაში დასდონ ბრალი და ამის გამო უზარმაზარი ჯარიმა დაეკისროთ. ამის პარალელურად კი, სახელმწიფო მათ ვერაფერს სთავაზობს.
ვერის უბნის მაცხოვრებელი, ლევან ლორთქიფანიძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ ისტორიული და კულტურული ძეგლის მქონე სახლების წინაშე ვალდებულება თბილისის მერიას აკისრია, თუმცა ისინი არაფერს აკეთებენ მათ დასაცავად:
„მე ვცხოვრობ ფიქრის გორაზე, რომელიც არის ორად გაყოფილი. ერთ მხარეს არის საბჭოთა კავშირის დროს და ახალ ეპოქაში აშენებული მაღალი კორპუსები და მეორე მხარეს კი დარჩენილია პატარა, ორსართულიანი სახლები და იტალიური ეზოები. ამ იტალიური ეზოებიდან ზოგიერთს აქვს ძეგლის სტატუსი მინიჭებული, მაგრამ მას შემდეგ, რაც 2002 წლის მიწისძვრა მოხდა, ზოგიერთ სახლს ეს სტატუსი აქვს შეჩერებული იმიტომ, რომ დანგრევის პირას იმყოფება. სწორედ ამიტომ ვერ განუსაზღვრავთ, შეიძლება მისი დანგრევა თუ - არა. მთავარი პრობლემა, რასაც ასეთ სახლებში მცხოვრები ადამიანები ვაწყდებით, არის შემდეგი: მერია ვერ წყვეტს, შეინარჩუნოს ეს სახლები თუ არა. თუ გადაწყვეტს, რომ ეს სახლები არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ის ფურცელზე იღებს პასუხისმგებლობას, რომ შეინარჩუნოს, მოუაროს მათ, მაგრამ ამას არ აკეთებს და რეალურად, ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ სახლებში, რომლებიც დანგრევის პირასაა. ვერც ჩვენით ვუვლით და ვერ ვკიდებთ ხელს იმიტომ, რომ შეიძლება რამე სტატუსი გამოუჩნდეს უცებ და დაგვაბრალონ ქალაქის ისტორიული მემკვიდრეობის შებღალვა და ამის გამო ჯარიმა დაგვეკისროს. თუმცა, პარალელურად არც თვითონ მოდიან და არ ხარჯავენ ფულს”.
ლევანი დეველოპერებისთვის ხელის შეშლაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ის პირობები, რომელსაც მერია ინვესტორებს სთავაზობს, მიუღებელია:
„ჩემი ოჯახი 25 წელია დეველოპერს ეძებს. მოდიან ვიღაც დეველოპერები, მაგრამ არის ასეთი ცნება, რომელსაც ჰქვია კოეფიციენტი. დეველოპერს რომ უღირდეს მშენებლობა, მერიამ უნდა მისცეს შესაბამისი კოეფიციენტი, რათა გარკვეული სიმაღლის სახლი ააშენოს. ჩვენს ტერიტორიაზე თუ არ აშენდა მაღალი სახლი, "თხა ვიყიდე, თხა გავყიდე გამოდის". შესაბამისად, დეველოპერსაც არ უღირს იქ მშენებლობის დაწყება, თუ მაღალსართულიანი სახლის მშენებლობის უფლება არ მისცეს. ამ უფლებას კი იღებენ ის ჯგუფები, რომლებსაც რაღაც სოციალური კაპიტალი აქვთ და შესაბამისად, აქვთ შესაძლებლობა, ითანამშრომლონ მერიასთან. გამოდის, რომ გარკვეულ ჯგუფებსა და მერიას აქვთ საერთო დაინტერესება ამ საქმეში”.
ლევან ლორთქიფანიძის მოსაზრებით, არსებობს ორი გამოსავალი: მერიამ ან თვითონ უნდა იკისროს ისტორიული, დაზიანებული სახლების შეკეთება, ან სხვას მისცეს ამის უფლება.
ლეონიძის 7 ნომერში მცხოვრები გუგა ჩაფიჩაძე ბიუროკრატიულ მექანიზმებს აკრიტიკებს. მისი თქმით, იმისთვის, რომ სახლში ფანჯარა შეცვალოს მეპატრონემ, ხანგრძლივი პროცედურების გავლაა საჭირო, რაც დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს:
„სოლოლაკისა და მთაწმინდის სახლების დიდი ნაწილი ისტორიული, ან კულტურული ძეგლია, რის გამოც მოსახლეობას არ ეძლევა საშუალება, თავად განსაზღვროს ის, თუ როგორი ფანჯარა დააყენონ, როგორ მდგომარეობაში ჰქონდეთ სახლი და ა.შ. ეს ყველაფერი არის მიბმული სახელმწიფოზე. სახელმწიფო კი, არ არის ეფექტური ამგვარი პრობლემების მოგვარებაში. შესაბამისად, იქმნება ძალიან ბევრი პრობლემა. მაგალითად, მე 24 წელია ლეონიძის ქუჩაზე ვცხოვრობ და იმისთვის, რომ ფანჯარა შევცვალო, უნდა მივმართო მინიმუმ სამ უწყებას და უნდა მივიღო მონაწილეობა ძალიან დიდ ბიუროკრატიაში, რაც, რა თქმა უნდა, არ მიღირს და მირჩევნია, მქონდეს ძველი ფანჯარა, ვინაიდან არ მეძლევა საშუალება მე თვითონ გამოვცვალო ის. გამომდინარე იქიდან, რომ მოსახლეობას არ აქვს უფლება, თავად გაარემონტოს საკუთარი ქონება, დგება რეალობა, როცა დაზიანებული სახლები უფრო და უფრო ინგრევა. თუ გადაწყვეტს, რომ მერიისგან დამოუკიდებლად იმოქმედოს, მას უზარმაზარი ჯარიმები ეკისრება. იყო ასეთი შემთხვევაც, ადამიანმა კედელი გაამაგრა და რამდენიმე ათასით დააჯარიმეს.
გუგა ჩაფიჩაძეს სჯერა, რომ მოსახლეობის პრობლემების მოგვარება გაცილებით მარტივად მოხდება, თუ სახელმწიფო არ ჩაერევა პრობლემის გადაჭრის ძიების გზებში. მისი აზრით, მოსახლეობამ თავად უნდა გადაჭრას პრობლემები, რომელსაც დღეს სახელმწიფო არაეფექტიანად წყვეტს:
„მე მგონია, რომ საჭირო არის ძლიერი თვითმმართველობა, რათა, მაგალითად, სოლოლაკის მოსახლეობამ თავად განსაზღვროს ისეთი პრობლემები, რასაც საზღვრავს მერია. იქნება ეს კოეფიციენტი, კულტურული თუ ისტორიული ძეგლების იერსახის პრობლემა. ნარმანიამ არ იცის, რა აწუხებს და რა უნდა სოლოლაკის მოსახლეობას, ეს ვერც ეცოდინება. სოლოლაკის მოსახლეობამ თვითონ უკეთ ვიცით, რა გვინდა ჩვენ, შესაბამისად ჩვენ უნდა გვქონდეს ასეთი პრობლემების მოგვარების ბერკეტები.“
თანადაფინანსების პრობლემა და ჯანმრთელობისთვის საშიში სახლები
ჩაიკოვსკისა და ბერიძის ქუჩის კუთხეში მცხოვრები მაიკო თურმანიძე, ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ის პირობები, რომელშიც მათ უწევთ ცხოვრება, როგორც სიცოცხლისთვის, ისევე ჯანმრთელობისთვისაც ძალიან საშიშია:
„ჩვენი სახლის საძირკველი არის აბსოლუტურად წყლიანი, ანუ ჯანმრთელი საძირკველი არ აქვს. სახლი გადაწოლილია ორივე მხარეს - ეზოს მხარესაც და ქუჩის მხარესაც, ანუ შუაზე იხსნება. ჩვენ, მეზობლები, ვცდილობთ ჩვენი ძალებით შევაკავოთ ეს პროცესი და ნგრევა გავაჭიანუროთ იმიტომ, რომ სახელმწიფო არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს. სახელმწიფოს არაერთხელ მივმართეთ, თუმცა ახლა ახალი წესებია - თანადაფინანსება. ისინი გვპასუხობენ, რომ თანადაფინანსებით შესაძლებელია ამ პრობლემების მოგვარება. ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, თანადაფინანსებით იმხელა თანხები ჯდება, რომ მოსახლეობას ამის საშუალება არ გააჩნია. გარედან თუ შეხედავთ, ჩამონგრეულია ყველაფერი. მეზობელმა თქვა, გაჯი უნდაო და ცოტათი ეშველებაო, მაგრამ გაფრთხილებულები ვართ, რომ ხელი არ უნდა ვახლოთ, თორემ ოთხი ათასი ლარით დაგვაჯარიმებენ. იმის საშუალებასაც არ გვაძლევენ, რომ საკუთარი სახსრებით რაც შეგვიძლია, ის მაინც გავაკეთოთ.“
ინვესტორებთან დაკავშირებულ პრობლემებთან დაკავშირებით, ისიც ადასტურებს ჩვენი სხვა რესპონდენტების ნათქვამს:
„ინვესტორები მოდიან, მაგრამ ზუსტად ამ ისტორიული ძეგლის სტატუსის გამო უარს ამბობენ. ჩვენ მივმართეთ სტატუსის მოხსნის თაობაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, თუმცა გვითხრეს, რომ ეს პარლამენტის დონეზე გადასაწყვეტი საკითხი იყო. ერთი ინვესტორი დაინტერესებული იყო მშენებლობით. თან, ჩვენ დიდი ეზო გვაქვს და მზად ვიყავით, ეზოს ხარჯზე დაწყებულიყო მშენებლობა, თუმცა ეს მაინც არ მოხერხდა. ეს არ არის ადვილი საქმე, ფაქტობრივად, შეუძლებელია. გამოდის, რომ ძეგლის სტატუსი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოსახლეობის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.“
მაიკო თურმანიძე იმ პრობლემებზეც საუბრობს, რაც ავარიულ სახლში ცხოვრება მის ჯანმრთელობას უქმნის: „სახლის ერთი ნაწილი არის სრულიად ბნელი და უჰაერო, ნესტიანი. ამის გამო ფილტვების ძალიან სერიოზული პრობლემები გამიჩნდა. ჩემს ქვედა სართულზე პატარა ბავშვები ეზრდება ოჯახს და ყოველ წელს ცდილობენ ნესტი მოსპონ. ჩნდება კანის დაავადებები, ალერგიები, ასთმა და დაავადებების მთელი ჯაჭვი. მე თავად ამ რაიონში დაბადებული და გაზრდილი ვარ და ცხადია, მომხრე ვარ იმისა, რომ სახლებმა იერსახე შეინარჩუნოს, მაგრამ არა სიცოცხლის ფასად. სახელმწიფოს თუ სურს ამის შენარჩუნება, აუცილებლად უნდა ჩაერიოს და მიიღოს ზომები. მათთვის პრიორიტეტი არის ისტორიული ძეგლი.“
ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ისტორიული სახლების მეპატრონეებისგან ხშირად მოისმენთ ისტორიებს კედლის დაბზარვის, საძირკვლის დატბორვისა, თუ იატაკის ჩავარდნის შესახებ. გამონაკლისი არც მაიკო თურმანიძის სამეზობლოა.
მაიკო თურმანიძემ ეზოც დაგვათვალიერებინა და გვაჩვენა შენობის ფასადი, რომელიც აგურებითაა გამაგრებული, თუმცა მხოლოდ ფორმალურად. მისი თქმით, აგურები ცვივა და ეშინიათ, ერთხელაც ვინმე არ დაზიანდეს, მით უმეტეს, ეზოში ბავშვები ხშირად თამაშობენ.
მოსახლეობის იმ ნაწილში, რომელსაც On.ge ესაუბრა, არსებობს განწყობა, რომ მერია შეგნებულად აჭიანურებს ამ საკითხებზე ყურადღების გამახვილებას და ინვესტორებსაც ხელოვნურად უქმნის ბარიერებს. მათი განცხადებით ბიუროკრატიული ბარიერები აჩენს კორუფციის საფრთხეს, გარდა ამისა, მათ იციან კონკრეტული შემთხვევები, როცა დეველოპერთა გარკვეული ნაწილი უპრობლემოდ იღებს მერიისგან ისტორიული შენობის დანგრევისა და მის ნაცვლად მრავალსართულიანი შენობის აშენების უფლებას, როცა სხვა დეველოპერებსა და მოქალაქეებს ამის უფლებას არ აძლევენ. ისინი ხელისუფლების მსგავს ქმედებაში კორუფციის რისკებსა და საშიშროებას ხედავენ და მსგავსი ქმედებისთვის სხვაგვარი ახსნის მოძებნა უჭირთ.
სახელმწიფოს პასუხი მოქალაქეებს
ჩვენ შევეცადეთ მოსახლეობის აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით თბილისის მერიის პასუხიც მოგვესმინა, თუმცა დედაქალაქის მერიის პრესცენტრმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან გადაგვამისამართა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსი, თეა ონიანი მოსახლეობის წაყენებულ პრეტენზიებს უყურადღებობასთან და გულგრილობასთან დაკავშირებით საეჭვოს უწოდებს და განმარტავს, რომ თბილისის მერია აქტიურად ახორციელებს ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოებს:
„თბილისის მერია ძალიან აქტიურად ახორციელებს ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ბუნებრივია თვითონ ძეგლის რეაბილიტაცია არის საკმაოდ ხანგრძლივ პროცედურებთან დაკავშირებული: შესაბამისი კვლევების ჩატარება, საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა, შემდგომში უკვე გამაგრებისა და სარეაბილიტაციო ღონისძიებების დაგეგმვა. ეს არის საკმაოდ ძვირადღირებული პროცესი იმიტომ, რომ ცალკეული დეტალის რესტავრაცია იქნება ეს თუ შენობის გამაგრება, დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე ბუნებრივია ყველა სახლზე ერთბაშად შეუძლებელია სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, თუ არ არის ამოქმედებული ისეთი მძლავრი სახელმწიფო პროგრამები, როგორიც ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის შემთხვევაში მოხდა, როდესაც მთელი უბანი შეირჩა სარეაბილიტაციოდ. ამ შემთხვევაში იყო საკმაოდ სოლიდური თანხები გამოყოფილი და თბილისის განვითარების ფონდმა დაამუშავა საპროექტო დოკუმენტაცია, რომლის შედეგადაც რამდენიმე ათეული შენობის აღდგენა-გამაგრება მოხდა. ერთბაშად ყველაფრის გაკეთება არის ძალიან რთული და ის რომ არანაირ ინტერესს არ იჩენს სახელმწიფო ცოტა გადაჭარბებული ნათქვამია.“
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსმა On.ge-სთან ისაუბრა იმ პრობლემის შესახებ, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის სურვილის მიუხედავად, დეველოპერები ქალაქის ძველ უბნებში ვერ აშენებენ ახალ სახლებს ავარიული შენობების სანაცვლოდ, რაზეც მან გვიპასუხა:
„საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი რა აღშფოთება მოჰყვება ხოლმე ისეთ შეუსაბამო ჩარევას ძველ უბნებში, როგორიც მოხდა ბოლო წლების განმავლობაში. ასეთმა ჩარევებმა თბილისს ფაქტობრივად დაუკარგა იერსახე და არის კონტექსტიდან ამოვარდნილი. ძველ უბნებში როდესაც ინვესტორი მიდის, ძეგლია ის თუ არ არის ძეგლი, ბუნებრივია მას ყოველთვის სურს, რომ არსებული შენობა დაანგრიოს და მის ნაცვლად სრულიად სხვა გაბარიტების შენობა ააშენოს. ქალაქის ისტორიული გარემოს შენარჩუნებისათვის აუცილებელია რომ შენარჩუნდეს ის ძეგლები, რაც ქმნის ამ უნიკალურ ისტორიულ გარემოს. მხოლოდ იმის გამო, რომ სახლი დაზიანებულია, ძეგლის სტატუსის მოხსნა გაუმართლებელია, რადგან ამ შემთხვევაში, თბილისში არცერთი ძეგლი აღარ დარჩება და ეს იქნება პირდაპირ ხელების გახსნა იმ დაინტერესებული პირებისათვის, რომელთაც სურთ დაანგრიონ ძველი შენობები და ააშენონ ახალი.“
ჩვენთან საუბარში თეა ონიანმა ასევე განმარტა, რომ სახელმწიფო აქტიურად თანამშრომლობს იმ ინვესტორებთან, ვისაც არ სურს კულტურული მემკვიდრეობის ხარჯზე მოკლევადიანი მოგების მიღება. მისი თქმით, ამის კარგი მაგალითია მეიდანი და შარდენი, რომლის შემთხვევაშიც ინვესტორებმა მოახერხეს უბნისათვის ისტორიული იერსახის შენარჩუნება და ამის პარალელურად მოხდა ტერიტორიის სრული განახლება, კომერციულად მიმზიდველი გარემოს შექმნა და უძრავი ქონების ღირებულების მომატება.
„თუ ინვესტორს აქვს მოტივაცია, რომ მან ძეგლი გამოიყენოს კომერციული მიზნებისათვის და ძეგლის რეაბილიტაციას მოახდენს მისი ძირითადი მახასიათებლების შენარჩუნებით, თუნდაც მანსარდის ან სხვა დასაშვები მოცულობების დამატების ხარჯზე, რის შედეგადაც იგი მიიღებს ბიზნესისთვის მიმზიდველ შენობას, ამას არავინ ეწინააღმდეგება" - ამბობს ონიანი.
ეჭვი, იმის შესახებ, რომ სახელმწიფოსა და ინვესტორებს რაიმე საერთო პირადული ინტერესი გააჩნდეთ ერთმანეთთან თანამშრომლობის, ან რაიმე კორუფციული გარიგებები ხდებოდეს, თეა ონიანის აზრით, უსაფუძვლოა:
„თუ სახელმწიფო მოქმედებს იმ სტრატეგიით, რომ ახალი მშენებლობებისას უპირველესად ინვესტორის ინტერესები იყოს გათვალისწინებული, ძალიან მარტივი იქნებოდა, ამ შემთხვევაში სახელმწიფო მოხსნიდა ყველა ობიექტს ძეგლის სტატუსს და აღარ იარსებებდა ძეგლები, ესე იგი არ იარსებებდა არც რაიმე დამაბრკოლებები გარემოებები. სახელმწიფო უფრო გლობალურად უდგება ამ საკითხს და მიიჩნევს რომ თბილისის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ მისი კულტურული მემკვიდრეობის პოტენციალის გამოყენებით. კერძო ინვესტირებისთვის ხელშეწყობა, ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინვესტიციის შედეგად შენარჩუნებული იქნება ძეგლის ისტორიული იერსახე და მისი ძირითადი მახასიათებლები.“
სანამ სახელმწიფო საკითხს "გლობალურად უყურებს და თბილისის მდგრადი განვითარებისთვის კულტურული მემკვიდრეობის პოტენციალის გამოყენებაზე" ფიქრობს, თბილისის ძველ უბნებში მცხოვრებ ადამიანთა საცხოვრებელი პირობები დღითიდღე უარესდება. ბიუროკრატიულ ლაბირინთებში დაკარგული მოქალაქეებს კი ისღა დარჩენიათ, მოთმინებით დაელოდონ იმ დროს, როდესაც სახელმწიფო მათ ნებას მისცემს, თავად იზრუნონ ნგრევის პირას მისული სახლების შეკეთებაზე, ან ოდესმე გადაწყვეტს, სხვაგვარად მოაგვაროს ეს პრობლემა.
კომენტარები