აფრიკული ცხელების გამო, შესაძლოა, მსოფლიოში ღორების მეოთხედი მოკვდეს
ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) თქმით, ღორის აფრიკული ცხელების ეპიდემიის შედეგად, შესაძლოა, მსოფლიოში ღორების პოპულაციის მეოთხედი დაიღუპოს.
გასული წლის შემდეგ ჩინეთში 100 მილიონზე მეტი ღორი მოკვდა, რის გამოც მსოფლიოში ღორის ხორცის ფასი სტაბილურად იმატებს. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩინეთმა ქვეყანაში ღორის ხორცის იმპორტისთვის არა ერთი ნებართვა გასცა. აშშ-დან ჩინეთში ღორის ხორცის გაყიდვები გაორმაგდა, ევროპული ღორის ხორცის ფასებმა კი ბოლო ექვსი წლის მაქსიმუმს მიაღწია.
OIE-ს ვიცე-პრეზიდენტის, მარკ სჩიპის თქმით, ბოლო წლის განმავლობაში დაავადება სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელდა, მათ შორის ჩინეთშიც, სადაც მსოფლიოს ღორების პოპულაციის ნახევარი ცხოვრობს. ამან კი კრიზისი მნიშვნელოვნად გაამწვავა.
სჩიპი აცხადებს, რომ მსოფლიოს მასშტაბით ვეტერინარები ვაქცინის შექმნაზე აქტიურად მუშაობენ, თუმცა ვირუსის კომპლექსურობიდან გამომდინარე ეს მარტივი დავალება არ არის. დაავადება ადამიანებზე არ გადადის, თუმცა მას შემდეგ, რაც ვირუსი ღორის ორგანიზმში მოხვდება, დაავადება ყოველთვის ფატალური შედეგით სრულდება.
აფრიკული ცხელება დაავადებულ ცხოველებთან კონტაქტით გადადის. ასევე, ვირუსი დამუშავებულ ხორცში რამდენიმე თვის განმავლობაში ძლებს. ფინანსური სერვისების კომპანია Rabobank, რომელიც საკვებისა და სოფლის-მეურნეობის სფეროში სპეციალიზირდება ვარაუდობს, რომ წელს ქვეყანა ღორების პოპულაციის 20-70 პროცენტს დაკარგავს. მკვდარი ღორების რაოდენობამ კი, შესაძლოა, 350 მილიონს მიაღწიოს, რაც, მსოფლიო ღორების პოპულაციის მეოთხედია.
კომენტარები