ნასა InSight-ის გაჭედილი ბურღის გადარჩენას ცდილობს
უკვე რამდენიმე თვეა, რაც NASA-ს რობოტის, InSight-ის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, სენსორული ბურღი მარსის რეგოლითშია ჩაჭედილი.
ბურღს, რომელიც სეისმური და სხვა ტიპის სენსორებითაა აღჭურვილი, პრობლემა 28 თებერვალს შეექმნა. გეგმის მიხედვით, ბურღი მარსის რეგოლითში 5 მეტრის სიღრმეზე უნდა ჩავიდეს, თუმცა ის ამჟამად 35 სანტიმეტრის სიღრმეზეა გაჭედილი.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მსგავსი ოპერაციის ჩატარების პირველი მცდელობაა. მარსის რეგოლითში ამ სიღრმეზე ამ დრომდე არც ერთი მისია არ ჩასულა, ხოლო რეგოლითის შემადგენლობის წინასწარმეტყველება არც ისე მარტივია. NASA და გერმანიის კოსმოსური სააგენტო, რომელმაც ბურღი დაამზადა, პრობლემის გადაჭრას უკვე მე-4-ე თვეა ცდილობს.
ერთ-ერთი ბოლო იდეის თანახმად, მეცნიერები შეეცდებიან, რომ ბურღის დასახმარებლად InSight-ის მეორე ინსტრუმენტი, ნიჩაბი გამოიყენონ. მისი საშუალებით ისინი ბურღს მისივე გათხრილი ხვრელის კედლებზე შეძლებისდაგვარად მიაბჯენენ. ბურღი რეგოლითში უფრო ღრმად ჩასვლას იმიტომ ვერ ახერხებს, რომ ის სრიალებს. კედელზე მიწოლამ კი, შესაძლოა, გაამართლოს.
"ამან, შესაძლოა, ხახუნი გააძლიეროს და დარტყმების მომენტში ბურღი ერთ კონცენტრირებულ წერტილზე დააკავოს", — აცხადებს InSight-ის მისიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი სიუ სმრეკარი.
ბურღის მიზანი მარსის "შინაგანი ტემპერატურის" განსაზღვრაა, ამ მონაცემებით მეცნიერები შეძლებენ დაადგინონ, არის თუ არა წითელი პლანეტა ვულკანურად აქტიური და თუ რა გეოლოგიური საერთო აქვს მარსს დედამიწასთან.
გეგმის მიხედვით, ბურღს რეგოლითი ავტომატურად უნდა გაეთხარა, ასევე, მისი რეგოლითში ჩაჭედების შემდეგ ის უკან ამოღებისთვის გათვლილი არ არის.
რამდენიმე თვის წინ ინჟინრებმა ბურღის დამჭერი სტრუქტურის მოცილება სცადეს. ეს იმიტომ გახდა საჭირო, რომ რეგოლითის ზედა ფენას უკეთ გაცნობილიყვნენ. რობოტის მიერ გამოგზავნილი ფოტოებით გაირკვა, რომ ამ კონკრეტულ ადგილას ე.წ. "ცემენტირებული რეგოლითია." ამ დრომდე მსგავსი "ნიადაგი" არც ერთ მარსის მისიას არ შეხვედრია, შესაბამისად, ბურღი ამაზე გათვლილი არ არის.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამ საქმის შესრულებისთვის არც InSight-ის ნიჩაბია გათვლილი. ბურღი რობოტის სხეულიდან განცალკევებითაა განთავსებული, ეს იმისთვის, რომ რობოტის ჩრდილს მგრძნობიარე ინსტრუმენტისთვის ხელი არ შეეშალა. ამის გამო ნიჩაბს მუშაობა ისეთი კუთხით უწევს, რომლითაც ის საკმარისად ეფექტური ვერ არის.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენად წარმატებული იქნება გუნდის ახალი მიდგომა. ამას მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ შევიტყობთ.
ამავე თემაზე:
კომენტარები