ეს ფოტოშოპი არ არის — ინდონეზიაში ცა გაწითლდა
შაბათ-კვირის განმავლობაში ინდონეზიის ერთ-ერთ პროვინციაში ცა გაწითლდა, რაც ქვეყანაში ფართოდ გავრცელებული ტყის ხანძრების შედეგია. სურათის ავტორის თქმით, წითელმა ნისლმა მას თვალები და ყელი ატკინა.
ყოველ წელს ინდონეზიაში ტყის ხანძრები ბურუსის სქელ ფენას ქმნის, რომელიც ხშირად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ამ რეგიონს სრულად ფარავს ხოლმე. ექპსერტების თქმით, წითელი ფერის ცა მეტეოროლოგიური ფენომენის, რელეისეული გაბნევის შედეგია.
ეს ფოტოები ეკა ვულანდარმა ინდონეზიაში, ჯამბის პროვინციაში, შაბათს, დაახლოებით შუა დღეს გადაიღო. მისი თქმით, ამ დღეს ნისლი განსაკუთრებით სქელი იყო.
ფოტოები პირველად ფეისბუქზე გავრცელდა, სადაც ის უკვე 34 000-ჯერ გააზიარეს. ვულანდარის თქმით, ინტერნეტში მისი ფოტოები უამრავმა ადამიანმა ეჭვქვეშ დააყენა. თუმცა ის აცხადებს, რომ ფოტოები და ვიდეო მან საკუთარი ტელეფონით გადაიღო.
ინდონეზიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ თანამგზავრული ფოტოებით ჯამბის პროვინციის გარშემო რამდენიმე ცხელი წერტილი და სქელი კვამლის კერები დააფიქსირა.
"კვამლით გამოწვეულ ნისლში ყველაზე დიდი რაოდენობით 1 მიკრომეტრის ზომის ნაწილაკებია, თუმცა ესენი ფერზე გავლენას ვერ ახდენენ. ნისლში ასევე ვხვდებით 0.05 მიკრომეტრის ზომის ნაწილაკებს. ამ ზომის ნაწილაკების რაოდენობა ნისლში შედარებით მცირეა, თუმცა დღის გარკვეულ პერიოდებში მათი რიცხვი იმატებს, რაც საკმარისია იმისთვის, რომ ატმოსფეროში შემოსული წითელი ფერის სხივები ერთი მიმართულებით გარდატყდეს, რაც საბოლოოდ წითელ ცას გვაძლევს", — აცხადებს სინგაპურის უნივერსიტეტის პროფესორი კო თი იო.
ნისლი ინდონეზიაში ამჟამად მიმდინარე ტყის ხანძრების შედეგია. როგორც წესი, ხანძრების რაოდენობა ამ რეგიონში მაქსიმუმს ივლისიდან ოქტომბრამდე აღწევს. ინდონეზიის კატასტროფების ეროვნული სააგენტოს თქმით, 2019 წლის პირველ 8 თვეში ქვეყანაში ხანძრების შედეგად უკვე 328 724 ჰექტარი განადგურდა.
კომენტარები