ციანიდის საქმეზე გასამართლებული, დეკანოზი გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე პროტესტის ნიშნად პარლამენტის წინ კარავს შლის. მისი თქმით, პატრიარქის თანამოსაყდრე დაჰპირდა, რომ თუ საპატრიარქოსთან პროტესტს შეწყვეტდა, გიორგი მამალაძეს გაათავისუფლებდნენ. მეუფე შიოსა და თორნიკე მამალაძეს შორის შუამავალი მამა ანდრია ჯაღმაიძე იყო.

"მოტყუებული დავრჩი ეკლესიის წარმომადგენლებისგან, რომლებიც გამოდიან ამბიონზე და ქრისტეს გზას მიგვასწავლიან, მაგრამ, სამწუხაროდ, თვითონ არიან აცდენილები... ამ აქტით, პირველ რიგში, ვაპროტესტებ ჩემი ძმის, უდანაშაულო ადამიანის საპყრობილეში გამოკეტვას. მინდა აქვე დავამატო, რომ მხარდაჭერას ვუცხადებ იმ უდანაშაულო ადამიანებს, რომელიც 20 ივნისს დაიჭირეს და დღემდე უკანონოდ იხდიან სასჯელს", — თქვა მთავარ არხთან საუბრისას თორნიკე მამალაძემ.

თორნიკე მამალაძის თქმით, პრეზიდენტი მკვლელებს იწყალებს, მაშინ, როცა მისი უდანაშაულო ძმა საპყრობილეშია. მისი თქმით, დეკანოზი გიორგი მამალაძე თებერვლიდან დღემდე პარალიზებულა და ციხის საავადმყოფოში წევს.

ციანიდის საქმე

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. დეკანოზის დაკავების შესახებ ინფორმაცია პროკურატურამ 13 თებერვალს გაავრცელა. მას პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად. შორენა თეთრუაშვილი, ილია მეორესთან ერთად, აღნიშნულ პერიოდში ბერლინში იყო, სადაც პატრიარქი მკურნალობდა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მას შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ კი დაუშვებლად სცნო.

გაიგეთ მეტი: