ხის ბოჭკოების და ობობის ქსელის კომბინაცია, შესაძლოა, პლასტმასის კონკურენტი გახდეს
მასალების ინჟინერიაში საკმარისად ძლიერი და ამავდროულად წელვადი მატერიის მიღება დიდი ხანია გამოწვევაა. მასალის სიძლიერის მატება, როგორც წესი, დრეკადობის კლებასთანაა ხოლმე კავშირში და პირიქით.
აალტოს მეცნიერებმა ცელულოზას ბოჭკოებისა და ობობის ქსელში არსებული ცილის ერთმანეთთან შერევით ახალი მასალა მიიღეს, რომელიც მომავალში, შესაძლოა, სხვადასხვა მიზნისთვის პლასტმასის ნაცვლად გამოიყენონ.
აღსანიშნავია, რომ მასალა სრულად ბუნებრივი ინგრედიენტებისგანაა მიღებული. აალტოს უნივერსიტეტის პროფესორის, მარკუს ლინდერის თქმით, ბუნება მრავალ სხვადასხვა ნივთიერებას გვთავაზობს, რომლის გამოყენებაც ჩვენ უსაფრთხოდ შეგვიძლია. ამ ინგრედიენტების ბუნებრივი წარმომავლობა განაპირობებს იმას, რომ მიღებული მასალა ბიოდეგრადირებადია და ის გარემოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
"ჩვენ არყის ხის პულპა გამოვიყენეთ, ის ნანობოჭკოებად დავშალეთ და მისგან კარკასი შევკარით. რომელიც ობობის ქსელში არსებული აბრეშუმის ნარევით ამოვავსეთ", — აცხადებს კვლევაში მონაწილე ერთ-ერთი მეცნიერი.
აბრეშუმი ცილოვანი ბოჭკოა, რომელსაც მწერები გამოიმუშავებენ, მას ასევე ვხვდებით ობობის ქსელშიც. თუმცა, კვლევაში გამოყენებული აბრეშუმი არა ობობისგან, არამედ ბაქტერიისგან იყო მიღებული, რომელშიც მეცნიერებმა აბრეშუმის წარმოებაზე პასუხისმგებელი დნმ ჩააშენეს.
"ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ გენური ინჟინერიის გამოყენებით სასარგებლო და მრავალფეროვანი ბიოლოგიური ინგრედიენტების მიღება შეიძლება, რომლებსაც შემდეგ ახალი მასალების საშენ ბლოკებად გამოვიყენებთ", — აცხადებენ მკვლევარები.
კვლევა ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები