ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) ისტორიული მნიშვნელობის კოსმოსურ ტელესკოპ Gaia-ს დაემშვიდობა. ეს ობსერვატორია ჩვენს მშობლიურ ირმის ნახტომის გალაქტიკას 12 წლის განმავლობაში იკვლევდა, თუმცა 15 იანვარს ფუნქციონირება შეწყვიტა. ეს ნიშნავს, რომ ზონდი სამეცნიერო მონაცემებს აღარ შეაგროვებს.

მისი გათიშვის მიზეზი ცივი აირის საწვავის მარაგის ამოწურვა გახდა. Gaia მას 2013 წლიდან მოყოლებული ბრუნვისთვის იყენებდა, კერძოდ — დღეში 12 გრამს. მიუხედავად იმისა, რომ აპარატისგან ახალ ინფორმაციას ვეღარ მივიღებთ, აქამდე მოპოვებული ღირებული მონაცემები კიდევ გამოქვეყნდება.

"წინ Gaia-ს საუკეთესო მონაცემები გველის. მათ შორის ისეთი საკითხების შესახებ, რომლებითაც ყველაზე მეტად ვარ დაინტერესებული — ბინარული ვარსკვლავები და შავი ხვრელები", — აცხადებს ასტროფიზიკოსი კერიმ ელ-ბედრი.

1 დეკადაზე მეტი ხნის განმავლობაში Gaia-მ ჩვენს გალაქტიკაში მდებარე თითქმის 2 მილიარდი ვარსკვლავი და სხვა ობიექტები შეისწავლა. იგი მნათობთა მოძრაობას, სიკაშკაშეს, ტემპერატურასა და შედგენილობას იკვლევდა. ინფორმაციის პირველი წყება ამ კოსმოსური ტელესკოპისგან 2016 მივიღეთ, მეორე 2018-ში, მესამე და უკანასკნელი კი — 2022 წელს.

მისიაზე მომუშავე გუნდი მონაცემთა მორიგი ნაწილის გასაჯაროებისთვის ემზადება, რაც 2026 წლისთვისაა მოსალოდნელი. აქ იქნება ყველაფერი ის, რაც აპარატმა ხუთნახევარი წლის განმავლობაში შეაგროვა. ამის შემდეგ საბოლოო გამოშვებაზე მუშაობა დაიწყება, რომელიც ვარსკვლავებზე 10.5-წლიანი დაკვირვებების შედეგებს გააერთიანებს. საზოგადოება მას 2020-იანი წლების მიწურულს იხილავს.

Gaia-ზე ახლა მეცნიერები ტექნიკურ ცდებს ჩაატარებენ, რათა კოსმოსში აპარატის გაკონტროლება გააუმჯობესონ. ამას რამდენიმე კვირა დასჭირდება, სანამ ტელესკოპი დედამიწასა და მზეს შორის გრავიტაციულად სტაბილურ ორბიტაზე, ლაგრანჟის წერტილზე, სტაბილურად შენარჩუნდება.

შემდეგ ის გადაინაცვლებს ორბიტაზე, სადაც დედამიწასა და მთვარეს საფრთხეს არ შეუქმნის. ბოლოს, 2025 წლის აპრილში, ობსერვატორია პლანეტის გრავიტაციული გავლენიდან გავა და სხვა ზონდებისთვის ხელის შეშლის რისკს აგვაცილებს თავიდან.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.