ანტარქტიდაში სამი კილომეტრის სიღრმიდან 1.2 მილიონი წლის ყინულის ნიმუში ამოიღეს
საერთაშორისო სამეცნიერო ჯგუფმა ანტარქტიდის ძირეული ქანიდან 3.2 კილომეტრი გათხარა. მათ იქიდან ყინულის ნიმუში ამოიღეს, რომლის ასაკიც 1.2 მილიონ წელს უტოლდება.
Beyond EPICA პროექტში მომუშავე მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ამით დედამიწის კლიმატისა და ატმოსფეროს შესახებ სასარგებლო ინფორმაციას მიიღებენ. მათი თქმით, შეიძლება გაიგონ, თუ რატომ შეიცვალა კლიმატი უფრო ხშირი გამყინვარების პერიოდიდან.
"ყინულის ნიმუშის დახმარებით, ჩვენ შევძლებთ გავიგოთ, რა შეიცვალა ატმოსფეროში სათბურის აირების, ქიმიური ნივთიერებებისა და მტვრის თვალსაზრისით," — განაცხადა კარლო ბარბანტემ, იტალიელმა გლაციოლოგმა და ევროპის კავშირის დაფინანსებული პროექტის კოორდინატორმა Associated Press-თან საუბრისას.
ბირთვის დამუშავება
მკვლევრების თქმით, ყინულის ამ ფენაში პლანეტის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია მოქცეული.
ბარბანტემ აღნიშნა, რომ ეს არ არის ყინულის უძველესი ნიმუში, რომელიც კი აქამდე აღმოუჩენიათ. უმნიშვნელოვანესია ის ფაქტიც, რომ ყინულის ბირთვი უზრუნველყოფს დედამიწის წარსული კლიმატის ცვლილების ყველაზე ხანგრძლივ ჩანაწერს.
ყინულის ამოღებით, მეცნიერებმა ამ სფეროში 800 000 წლის განმავლობაში არსებული მნიშვნელოვანი ბარიერი დაძლიეს. აქამდე, უწყვეტი ყინულის ნიმუშების მიღება, რომლებიც მოცემულ ნიმუშზე ძველია, შეუძლებელი იყო, ვინაიდან ამ სიღრმეზე ყინული, როგორც წესი, ძირეული ქანის გამო დნება.
ბარბანტეს თქმით, Epica-ს მიერ ადრე ამოღებულმა ნიმუშებმა უკვე დაამტკიცა, რომ ბოლო 800 000 წლის განმავლობაში ატმოსფეროს სათბურის აირების კონცენტრაციები არასდროს გადააჭარბებდა ინდუსტრიული რევოლუციის (Industian Revolution) შემდეგ დაფიქსირებულ დონეებს.
"დღეს ჩვენ ვხედავთ ნახშირორჟანგის დონეს, რომელიც 800 000 წლის განმავლობაში დაფიქსირებულ უმაღლეს დონეზე 50%-ით მაღალია", — განაცხადა ბარბანტემ AP-სთან საუბრისას.
იმედია, რომ ახალი ნიმუში მოგვცემს შესაძლებლობას შევისწავლოთ შუა პლეისტოცენის გარდამავალი პერიოდი (Mid-Pleistocene Transition), რომელიც მოიცავს 900 000-დან 1.2 მილიონი წლის წინანდელ პერიოდს. სწორედ ამ პერიოდში გადავიდა დედამიწა უფრო ხანგრძლივ კლიმატურ ციკლებზე. მეცნიერებისთვის ჯერ კიდევ ამოუხსნელი მიზეზების გამო, გამყინვარების პერიოდები, რომლებიც 40 000 წელიწადში ერთხელ მეორდებოდა, გახანგრძლივდა და 100 000 წელიწადში ერთხელ დგება.
ყინულის ეს ბირთვი, სხვა ნიმუშებთან ერთად, უფრო დეტალური კვლევისთვის ევროპაში გაიგზავნება.
კომენტარები