ნახეთ: როგორ გამოიყურება ქვიშის გაყინული დიუნები მარსზე
მარსის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში უჩვეულო წარმონაქმნებია, რომლებიც ლობიოს მარცვლებს მოგვაგონებს. სინამდვილეში, ეს ქვიშის გაყინული დიუნებია, რომლებიც NASA-ს ზონდმა Mars Reconnaissance Orbiter (MRO) წითელი პლანეტის ორბიტიდან გადაიღო.
აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ აპარატის მიერ დაფიქსირებული კადრი 2024 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა. მსგავსი მონაცემები მეცნიერებს ეხმარება გამოიკვლიონ, იყო თუ არა ჩვენს მეზობელ ციურ სხეულზე ოდესმე სიცოცხლისთვის თავსებადი პირობები.
გაყინული დიუნების ფოტო 2022 წლის სექტემბერშია გადაღებული. გამოსახულებაზე ქვიშის გროვები ერთ ადგილზე ფიქსირებულად გამოიყურება, მაგრამ, ჩვეულებრივ, დიუნები მარსზეც და დედამიწაზეც საკმაოდ ცვალებადია. ეს იმიტომ, რომ ქარს ქვიშის მარცვლები ერთი ადგილიდან მეორემდე გადააქვს.
წითელი პლანეტის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზამთრის პერიოდში დიუნები ნახშირორჟანგის გაყინული ფენით, ერთგვარი თრთვილითაა, დაფარული. ის ქარს ქვიშის გადაადგილებაში უშლის ხელს და დიუნებს გაზაფხულამდე ინარჩუნებს.
ამ დიუნების შესწავლა მეცნიერებს იმის გარკვევაში ეხმარება, არსებობდა თუ არა წყალი მარსზე საკმარისად დიდხანს იმისთვის, რომ იქ სიცოცხლე განვითარებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ თრთვილი ნახშირორჟანგისაგან შედგება და არა წყლისგან, ეს წითელი პლანეტის წყლიან წარსულზე მაინც მიანიშნებს.
მილიონობით წლის განმავლობაში მარსის ღერძული დახრილობის ცვალებადობის გამო მისი სეზონებიც განსხვავებულია. როდესაც მარსი საკმარისად იხრება, ნახშირორჟანგის ყინული აირად იქცევა იმდენად დიდი ოდენობით, რომ სქელ ატმოსფეროს ქმნის. შესაძლოა. ასეთ გარსს დიდი ხნის განმავლობაში ზედაპირზე თხევადი წყლის არსებობისთვის შეეწყო ხელი.
ეს ზრდის შანსს, რომ ოდესმე ამ ობიექტზე მიკრობული სიცოცხლე განვითარებულიყო და კვალი დღემდე დაეტოვებინა.
კომენტარები