დაახლოებით ერთდღიანი გათიშვის შემდეგ აშშ-ში TikTok ბრუნდება. კომპანია ამას დონალდ ტრამპის ძალისხმევას მიაწერს. მომხმარებლებს აპლიკაციით სარგებლობა ისევ შეუძლიათ, თუმცა სერვისი კვლავ მიუწვდომელია Apple-ისა და Google-ის მარკეტებზე.

ამერიკელი მომხმარებლებისთვის TikTok 18 იანვარს, ფედერალური კანონის მიღების წინა ღამით, დაიბლოკა. ეკრანებზე კი შეტყობინება გაჩნდა, რომლის მიხედვითაც სერვისი "დროებით მიუწვდომელი" იყო. TikTok-ის მობილური აპლიკაციისა და ვებგვერდის აღდგენა 19 იანვარს, დაახლოებით საღამოს 9 საათისთვის დაიწყო.

კომპანია TikTok-მა განაცხადა, რომ "სერვისის აღდგენის პროცესშია" და პრეზიდენტ ტრამპს მადლობა გადაუხადა საამისოდ "საჭირო სიცხადის უზრუნველყოფისთვის".

"ჩვენს პროვაიდერებთან შეთანხმებით TikTok სერვისის აღდგენის პროცესშია. მადლობას ვუხდით პრეზიდენტ ტრამპს, რათა საჭირო სიცხადე და გარანტია მისცა ჩვენი სერვისის პროვაიდერებს იმის თაობაზე, რომ არ დაისჯებიან, თუკი 170 მილიონ ამერიკელს TikTok-ს მიაწვდიან და 7 მილიონზე მეტ მცირე ბიზნესს განვითარების საშუალებას მისცემენ", — 19 იანვარს დაწერა კომპანიამ X-ზე — "ეს მტკიცე პოზიციაა პირველი შესწორების დაცვისა და მბრძანებლური ცენზურის წინააღმდეგ. პრეზიდენტ ტრამპთან ერთად ხანგრძლივ გამოსავალზე ვიმუშავებთ, რათა TikTok აშშ-ში დარჩეს".

ამერიკელ მომხმარებლები ამჯერად შემდეგ შეტყობინებას ხედავენ: "კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება! მადლობა მოთმინებისა და მხარდაჭერისთვის. პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევის შედეგად აშშ-ში TikTok დაბრუნდა. შეგიძლიათ განაგრძოთ შექმნათ, გააზიაროთ და აღმოაჩინოთ ყველაფერი ის, რაც TikTok-ზე გიყვართ".

ფოტო: The Verge

ტრამპმა 19 იანვრის დილას განაცხადა, რომ აღმასრულებელ ბრძანებას ორშაბათს, თანამდებობის დაკავების შემდეგ, გასცემდა და TikTok-ის გაყიდვისთვის ვადას გაახანგრძლივებდა. კანონი მანამდე ძალაშია, მისი დარღვევა კი მეტისმეტად დიდ ჯარიმას ითვალისწინებს. მეორე მხრივ, ტრამპმა ისიც თქვა, რომ TikTok-ის მხარდამჭერ კომპანიებს ბრძანების ამოქმედებამდეც კი არანაირი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებოდათ.

TikTok-ის დაბრუნება იმაზე მიანიშნებს, რომ აპლიკაციის ჰოსტინგის პროვაიდერები, Oracle და Akamai, ტრამპის დაპირებას ეყრდნობიან. ამის მიუხედავად, აპლიკაცია კვლავაც მიუწვდომელია App Store-სა და Google Play-ზე, Apple-ისა და Google-ის პლატფორმებზე, ანუ აქედან მისი გადმოწერა ისევ შეუძლებელია.

ორივე აპლიკაცია მომხმარებლებს ატყობინებს, რომ კანონიერი მოთხოვნის გამო TikTok ხელმისაწვდომი არაა, თუკი მის მოძებნას ცდილობენ.

ფოტო: iOS App Store

TikTok, როგორც ჩანს, დარწმუნებულია, რომ დაბრუნდება. კომპანიამ რეკლამის განმთავსებლებს კვირას შუადღით აცნობა, რომ სერვისი მალე "აშშ-ის მომხმარებელთა უმრავლესობისთვის" გახდებოდა ხელმისაწვდომი, სარეკლამო კამპანიები კი პირდაპირი ეთერის კამპანიებზე "გარკვეული შეზღუდვებით" გაგრძელდებოდა.

ბაიდენის ადმინისტრაციამ ადრე განაცხადა, რომ კანონის აღსრულება შემდეგი ადმინისტრაციის პასუხისმგებლობა იქნებოდა. ამის მიუხედავად, ტრამპმა 19 იანვარს თქვა, რომ TikTok-ის აკრძალვას შეაყოვნებდა. მისი თქმით, ამისათვის საჭიროა, რომ აპლიკაცია გაიყიდოს და, პოტენციურად, წილის ნახევარი ახლანდელ/ახალ მფლობელებს ერგოთ, ნახევარი კი — აშშ-ს.

ტომ კოტონმა და პიტ რიკეტსმა, რესპუბლიკელმა სენატორებმა, კვირას ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს. თქვეს, რომ 19 იანვრის მიღმა აკრძალვის ვადის გასახანგრძლივებლად "ლეგალური საფუძველი" არ არსებობდა. მათ Amazon, Apple, Google და Microsoft შეაქეს იმის გამო, რომ ამ კომპანიებმა TikTok თავიანთი მარკეტებიდან წაშალეს. The New York Times-ის ცნობით, სენატორები წინა დღეებში მოწინავე ტექნოლოგიურ კომპანიებს დაუკავშირდნენ და მათ კანონთან დამორჩილებისკენ მოუწოდეს.

ცნობისთვის, მომხმარებლებისთვის ასევე დაიბლოკა ByteDance-თან დაკავშირებული სხვა აპლიკაციები, იქნება ეს CapCut თუ Marvel Snap. ჯერჯერობით უცნობია, იქონიებს თუ არა გავლენას მათზე TikTok-ის აღდგენა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.