90 მილიონი წლის წინ ანტარქტიდა გამწვანებული იყო და იქ დინოზავრები ცხოვრობდნენ

ფოტო: Alfred-Wegener-Institut/James McKay
90 მილიონი წლის წინ, ანტარქტიდა რადიკალურად განსხვავებული ადგილი იყო. პოლარული უდაბნოს ნაცვლად, რომელსაც ყინულის სქელი ფენები და მყინვარები ახასიათებს, დიდი ალბათობით აქ ტყეები და ჭაობიანი მიწა იყო. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ანტარქტიდაზე ოდესღაც გვიმრები და წიწვოვანი ხეები დომინირებდა.
ამის მტკიცებულებას გერმანიის ალფრედ ვეგენერის ინსტიტუტისა და ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მეცნიერები ჯერ კიდევ 2020 წელს წააწყდნენ. მაშინ მკვლევრებმა დასავლეთ ანტარქტიდაში, სამხრეთ პოლუსიდან დაახლოებით 900 კილომეტრში ყინული გაბურღეს და საინტერესო მასალა მოიპოვეს.
დაახლოებით 90 მილიონი წლის წინანდელი, უძველესი ნიადაგის ნიმუში მდიდარი იყო შემონახული ფესვებით, მტვრითა და სპორებით. ეს მიუთითებდა იმაზე, რომ კონტინენტზე ოდესღაც უხვად იყო მცენარეები.
აღმოჩენა განსაკუთრებით გასაკვირი იყო, რადგან ანტარქტიდაზე ზამთარი ბნელია. აქაურობას მზე ოთხი თვის განმავლობაში არ ანათებს. მიუხედავად ამისა, კონტინენტზე მცენარეებს მაინც გაუხარიათ.
"ეს გასაოცარი იყო. როგორც ჩანს, თვეების სიბნელის მიუხედავად აქ ჭაობიანი ტყეები მაინც შეგვხვდებოდა. ოდესღაც აქ ბევრად უფრო თბილი ამინდი იყო, ვიდრე ეს ჩვენ წარმოგვედგინა", — თქვა პროფესორმა თინა ვან დე ფლიერდტმა, კვლევის თანაავტორმა დედამიწის მეცნიერებისა და ინჟინერიის დეპარტამენტიდან.

ფოტო: Alfred-Wegener-Institut
მკვლევრები თვლიან, რომ 90 მილიონი წლის წინ ანტარქტიდაზე 12 გრადუსი ცელსიუსი იყო და რეგიონში ზომიერი ტროპიკული ტყეებიც შეგხვდებოდათ. საუბარია დაახლოებით ისეთ ტყეზე, როგორიც ახლა ახალ ზელანდიაშია.
ესაა შუა ცარცული პერიოდი, რა დროსაც ყველაზე თბილი კლიმატი იყო ბოლო 140 მილიონი წლის განმავლობაში. ამ პერიოდში ზღვის დონე ძალიან მაღალია — ოკეანე დაახლოებით 170 მეტრით უფრო მაღალი იყო, ვიდრე დღეს.
ცარცული პერიოდი (145-დან 66 მილიონი წლის წინ) ასევე ცნობილია, როგორც დინოზავრების აყვავების ხანა. სწორედ დროის ამ კონტინუუმში იყო დინოზავრების სახეობების ყველაზე დიდი მრავალფეროვნება. ცარცულ პერიოდში შეხვდებოდით ისეთ საკულტო დინოზავრებს როგორებიც იყვნენ ტირანოზავრები და ტრიცერატოპები.
დინოზავრები ამ დროს ანტარქტიდაშიც კი ცხოვრობდნენ. ბოლო წლებში პალეონტოლოგებმა კონტინენტზე დინოზავრების ნამარხების დიდი რაოდენობა აღმოაჩინეს. ბოლომდე გაურკვეველია, თუ როგორ ახერხებდნენ დინოზავრები ოთხ თვიანი პოლარული ღამეების გადატანას, თუმცა, შესაძლოა, ისინი ზამთარში მიგრირებდნენ.
დღეს ანტარქტიდაზე ბევრ მცენარეს ნამდვილად ვერ შეხვდებით. თუმცა, კლიმატის ცვლილებასთან ერთად კონტინენტზე სულ უფრო მეტი ყინული დნება.
დღეისთვის მცენარეების მხოლოდ ორი სახეობაა ამ რეგიონში: ანტარქტიდის ბალახი და ანტარქტიდის Sagina procumbens. ტემპერატურის ზრდის გამო ეს ორი მცენარე ანტარქტიდაზე სულ უფრო ვრცელდება. გარდა ამისა, კონტინენტზე შემოიჭრა 100-ზე მეტი სხვა მცენარეული სახეობა, რომლებიც აქამდე აქ არ იყო.
სამხრეთ პოლუსზე კვლავ დომინირებს გიგანტური ყინულის ფენები. ამიტომ, ძნელი წარმოსადგენია, რომ ანტარქტიდა კვლავ გამწვანდეს. და მაინც, ანტარქტიდას წარსული გვაფიქრებს, რომ სამყაროში არაფერია უცვლელი, მათ შორის დედამიწის კლიმატიც.
კომენტარები