ილონ მასკმა განაცხადა, რომ Neuralink-ს მესამე პაციენტი ჰყავს. მან ასევე დაამატა, რომ მისი კომპანია წელს ტვინის იმპლანტს კიდევ 30-მდე ადამიანს ჩაუდგამს.

"ჩვენ უკვე სამი პაციენტი გვყავს და ყველა იმპლანტი კარგად მუშაობს", — თქვა მან ინტერვიუს დროს ლას-ვეგასში გამართულ ღონისძიებაზე.

დაახლოებით ერთი წელი გავიდა, რაც Neuralink-მა პირველ პაციენტს ჩაუდგა იმპლანტი. მასკის თქმით, მას შემდეგ კომპანიამ კიდევ უფრო დახვეწა თავისი ტექნოლოგია, განაახლა რა მოწყობილობა მეტი ელექტროდებით და უფრო მაღალი გამტარუნარიანობით.

მესამე პაციენტზე მასკს მეტი ინფორმაცია არ გაუვრცელებია, თუმცა ბევრად მეტი ვიცით პირველ ორ პაციენტზე. მეორე პაციენტი — რომელსაც ზურგის ტვინის დაზიანება აქვს და იმპლანტი ჩაუდგეს გასულ ზაფხულს — თამაშობდა ვიდეო თამაშებს მოწყობილობის დახმარებით და სწავლობდა 3D დიზაინს. პირველმა პაციენტმა, რომელიც ასევე პარალიზებულია ზურგის ტვინის ტრავმის შემდეგ, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ განაცხადა, რომ იმპლანტის გამოყენებით ვიდეო თამაშებს და ჭადრაკს თამაშობდა.

ნახეთ: Neuralink-ის პირველი პაციენტი Mario Kart-ს "ტელეპათიურად" თამაშობს

დღეს ძალიან ბევრ ადამიანს საკუთარ სხეულზე კონტროლი არ გააჩნია. მხოლოდ აშშ-ში 5.4 მილიონი პარალიზის მქონე ადამიანი ცხოვრობს. ამის მიზეზი ძირითადად ინსულტი, გაფანტული სკლეროზი და ზურგის ტვინის დაზიანებაა.

ეს ძალიან მძიმე დაავადებებია, რა დროსაც მედიცინა ძირითადად უძლურია. ადამიანებს ამ მდგომარეობაში მთელი დარჩენილი ცხოვრების გატარება უწევთ, რაც მათ დამოუკიდებლად გადაადგილებისა თუ ელემენტარულად კიდურების გამოძრავების საშუალებასაც არ აძლევს. სწორედ ამ მიმართულებით ცდილობს Neuralink ადამიანების დახმარებას. კომპანიის მიზანია ადამიანებს ტექნოლოგიების გაკონტროლების საშუალება მხოლოდ ფიქრითაც ჰქონდეთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.