ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა რაკეტა Starship-ის მეშვიდე სატესტო ფრენა განახორციელა. მათ შეძლეს, რომ აპარატის პირველი საფეხური უკან უსაფრთხოდ დაებრუნებინათ, თუმცა აფრენიდან მალევე მეორე საფეხურთან კონტაქტი გაწყდა და ის ატმოსფეროში აფეთქდა.

მისია ბოკა-ჩიკაში მდებარე კოსმოდრომიდან თბილისის დროით 17 იანვრის 02:37 საათზე შედგა. გაშვებიდან დაახლოებით 7 წუთში რაკეტის ამაჩქარებელმა Super Heavy-მ ზებგერითი სიჩქარე შეანელა და სპეციალური დამჭერების მქონე კოშკში დაეშვა. ამგვარი წარმატებული მანევრი წინა ჯერზე ოქტომბერში ვიხილეთ, ახლა კი რაკეტის პირველმა საფეხურმა იგივე წარმატებით გაიმეორა.

აქედან მალევე, პირდაპირი ტრანსლაციისას, ცნობილი გახდა, რომ Starship-ის მეორე საფეხურს ძრავებთან დაკავშირებული ანომალიის გამო პრობლემა შეექმნა. ხმელეთზე მისგან სიგნალს ვეღარ იღებდნენ, ცოტა ხანში კი ცაში გაჩენილმა სანახაობამ ცხადყო, რომ იგი აფეთქდა.

ამ დროის განმავლობაში იმ მიდამოებში მოძრავი თვითმფრინავების ტრაექტორია უსაფრთხოებისთვის შეიცვალა. სოციალურ ქსელში აფეთქებისას გამოთავისუფლებული აალებული ფრაგმენტების არაერთი ვიდეო გავრცელდა. კადრებში ვხედავთ, როგორ ცვივა ქვევით რაკეტის ცეცხლმოკიდებული ნაწილები.

"წარმატება საეჭვოა, თუმცა სანახაობა გარანტირებულია!", — დაწერა მასკმა X-ზე გამოქვეყნებული ერთ-ერთი ასეთი ვიდეოს აღწერაში.

Super Heavy, რომელიც მრავალჯერადი გამოყენებისაა, Raptor-ის ტიპის 33 ძრავითაა აღჭურვილი, მეორე საფეხურ Ship-ში კი 6 ძრავაა. Starship-ის დახმარებით Artemis 3-ის ეკიპაჟი დედამიწის ერთადერთ ბუნებრივ თანამგზავრზე დაეშვება, რითაც იქ კაცობრიობის დიდი დაბრუნება შედგება, ხოლო მარსზე მასკს კოლონიის დაარსება სურს. ამისთვის იქ ტვირთის, მათ შორის ბაზების ასაშენებლად საჭირო მასალებისა და, რაც მთავარია, ადამიანების ტრანსპორტირებას სწორედ Starship ითავებს.

მნიშვნელოვანია, რომ მის მეშვიდე მისიამდე სულ რაღაც ერთი დღით ადრე ჯეფ ბეზოსის კომპანიის რაკეტა New Glenn-ის დებიუტი შედგა. შესაძლოა, მომავალში ის Falcon 9-ის კონკურენტად იქცეს, რომელიც SpaceX-ის პოპულარული აპარატია. მას NASA აქტიურად იყენებს ისევე, როგორც კერძო კომპანიები. ასეა თუ ისე, მასკისთვის Starship უფრო მომავლის რაკეტაა, რომლის გაუმჯობესებაზეც ინტენსიურად მუშაობს. როგორც ცნობილია, წელს მას 25 სატესტო ფრენის შესრულება სურს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.