ჩინეთს მზის კოსმოსური ელექტროსადგურის შექმნა სურს, რომელიც დიდძალ ენერგიას გამოიმუშავებს

ფოტო: Fenice Energy
ჩინელ მეცნიერებს აქვთ გეგმა, რომლის მიხედვითაც კოსმოსში მზის უზარმაზარი ელექტროსადგური აშენდება. მისი სიგანე 1 კილომეტრი იქნება, ხოლო დანიშნულება — მიკროტალღების მეშვეობით დედამიწისთვის ენერგიის უწყვეტი მიწოდება.
სადგურის კომპონენტები პლანეტის გეოსტაციონარულ ორბიტაზე სუპერ მძიმე რაკეტების გამოყენებით გაიგზავნება. სპეციალისტებმა ეს პროექტი ჩინეთის "სამი ხეობის კაშხლის" მასშტაბს შეადარეს, ოღონდ ამჯერად — კოსმოსში. ის მდინარე იანძზე, ცენტრალურ ჩინეთში, მდებარეობს და მსოფლიოში უდიდესი ჰიდროენერგეტიკული პროექტია. კერძოდ, ის ყოველწლიურად 100 მილიარდ კილოვატ/საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. NASA-ს ერთ-ერთი მეცნიერის თქმით, კაშხლის სრულად შევსების შემთხვევაში, მისი მასა დედამიწის დღის ხანგრძლივობას 0.06 მიკროწამით გაზრდიდა.
ჩინურ რაკეტა Long March-ის მთავარ დიზაინერ ლონგ ლეჰაოს თქმით, ეს კოსმოსური ელექტროსადგური მნიშვნელობით ისეთივე იქნება, როგორიც "სამი ხეობის კაშხალი". სხვაობა ისაა, რომ სათანადო სტრუქტურა ორბიტაზე, დედამიწიდან 36 000 კილომეტრის მოშორებით, განთავსდება. ის ამბობს, რომ ასეთი სადგურის მიერ ერთი წლის განმავლობაში გამომუშავებული ენერგია დედამიწის წიაღიდან მოპოვებული მთლიანი ნავთობის ტოლფასი იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ მზის ენერგია დღითიდღე უფრო იაფი და ეფექტიანი ხდება, მას სერიოზული გამოწვევები ჯერ კიდევ ახლავს თან. მაგალითად, ღრუბლები ენერგიის შეგროვებას ხელს უშლის, ხოლო ატმოსფერო მზის შუქის დიდ ნაწილს შთანთქავს. კოსმოსში განთავსებული მზის ენერგიის სისტემები (SBSP) ამ პრობლემებს მთლიანად გამორიცხავს, რადგან იქ მზის ენერგია დედამიწაზე არსებულზე 10-ჯერ უფრო ინტენსიურია.
და მაინც, ასეთი პროექტის განხორციელება რთულია, რადგან სადგური ძალიან დიდი უნდა იყოს, ამიტომ მისი აშენება არაერთ მისიას საჭიროებს. ამისთვის ლონგი და მისი გუნდი Long March-9 (CZ-9)-ზე მუშაობენ, რომელიც მრავალჯერადი გამოყენების რაკეტაა და 150 ტონა ტვირთის გადატანას შეძლებს.
მისი მთავარი დანიშნულება თანამგზავრების გაშვებაა, თუმცა ის ჩინეთის მთვარის კვლევითი გეგმებისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება. ცნობისთვის, ჩინეთი 2035 წლისთვის მთვარის საერთაშორისო კვლევითი ბაზის შექმნასაც გეგმავს.
მზის ენერგიის ტექნოლოგიის განვითარებაზე მხოლოდ ჩინეთი არ მუშაობს. ამ მიმართულებით კვლევებს ისეთი ამერიკული კომპანიები ატარებს, როგორიც Lockheed Martin და Northrop Grumman-ია. ასევე, ევროპისა და იაპონიის კოსმოსური სააგენტოები.
კომენტარები