საქართველოში უკვე შეგიძლიათ, პაპილომავირუსის 9-ვალენტიანი ვაქცინით უფასოდ აიცრათ
ადამიანის პაპილომავირუსის ვაქცინა Gardasil 9, რომელიც ვირუსის 9 ტიპისგან დაგვიცავს, საქართველოში უკვე უფასოდაა ხელმისაწვდომი.

ფოტო: Whispyhistory / CC BY-SA 4.0
საქართველოში უკვე უფასოდაც შეგვიძლია ავიცრათ ვაქცინით, რომელიც ადამიანის პაპილომავირუსის 9 ტიპისგან დაგვიცავს. საუბარია ვაქცინაზე, სახელად Gardasil 9. ინფორმაცია ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC) დაადასტურა NEXT.On.ge-სთან საუბრისას.
რა არის ადამიანის პაპილომავირუსი (HPV)?
ადამიანის პაპილომავირუსი (HPV) ვირუსების ჯგუფია. CDC-ს მიხედვით, იგი ვირუსის 200-ამდე სხვადასხვა ტიპს აერთიანებს. ორგანიზმში მოხვედრისას ზოგიერთი მათგანი მეჭეჭებს აჩენს, იქნება ეს ხელებზე, ფეხებსა თუ სასქესო ორგანოებზე. მეტად საზიანო შტამებმა შეიძლება საშვილოსნოს ყელის, ანუსის, ხორხისა და პენისის სიმსივნეებიც კი გამოიწვიოს.
HPV სქესობრივი გზით გადამდები საკმაოდ ხშირი დაავადებაა. ცნობილია, რომ ცხოვრების განმავლობაში იგი ერთხელ მაინც შეხვდებათ სქესობრივად აქტიური კაცების 90%-სა და სქესობრივად აქტიური ქალების 80%-ს.
ფოტო: Shutterstock
ზოგჯერ ადამიანებს HPV-ს ქონა ვიზუალურად ან სიმპტომურად სულაც არ უვლინდებათ, თუმცა მაინც შესაძლებელია, მათ ვირუსი სხვებს გადასდონ. პაპილომავირუსები ინფიცირებული ადამიანის კანთან კონტაქტით ვრცელდება, ხშირად სქესობრივი გზით. რადგან HPV კანზე შეხებით გადადის, პრეზერვატივი და სხვა კონტრაცეპტივები მისგან ვერ დაგვიცავს, ამიტომ სავალალო შედეგების ასარიდებლად ვირუსის პრევენციაა გამოსავალი. ამისათვის ეფექტიანია ვაქცინაცია — ცნობილია, რომ აცრა საშვილოსნოს ყელის კიბოს სიხშირეს 90%-ით ამცირებს.
ასევე იხილეთ: პაპილომავირუსის ვაქცინა საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევებს 90%-ით ამცირებს
რისგან გვიცავს Gardasil 9?
იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აქამდე უფასოდ მხოლოდ Gardasil 4 ვაქცინა იყო ხელმისაწვდომი, რომელიც HPV-ს 4 ტიპისგან გვიცავს. ესენია: 6, 11, 16 და 18. მეორე მხრივ, Gardasil 9-ს დამატებით სხვა 5 შტამის პრევენცია შეუძლია: 6, 11, 16, 18, 31, 33, 45, 52 და 58.
CDC-ს მიხედვით, გენიტალიებისა და ანუსის მიდამოში მეჭეჭებს ყველაზე ხშირად, შემთხვევათა 90%-ში, ადამიანის პაპილომავირუსის 6 და 11 ტიპები იწვევს. 16 და 18 შტამები გაცილებით სარისკოა; ეს ორი ჯამში საშვილოსნოს კიბოს შემთხვევათა 66%-ს განაპირობებს.
Gardasil 9-ში შემავალი დანარჩენი 5 ტიპი (31, 33, 45, 52 და 58) ასევე მაღალი რისკის შემცველია. ისინი საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა 15%-ს იწვევს, ასევე HPV-სთან დაკავშირებული ყველა სიმსივნის 11%-ს. ზოგადად, HPV-ს მაღალრისკიანი ტიპები ვლინდება იმ ადამიანთა 99%-ში, რომელთაც საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე მდგომარეობა აღენიშნებათ.
რა ასაკში რა ინტერვალით ტარდება ვაქცინაცია?
სახელმწიფო პროგრამების 2025 წლის დადგენილებაში ვკითხულობთ, რომ პაპილომავირუსზე ვაქცინაცია სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში შემდეგი სქემით ტარდება:
მდედრობითი სქესის 13-45 წლის ადამიანებში:
- 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში — ვაქცინის ორი დოზა მინიმუმ 6-თვიანი შუალედით;
- 15-45 წლის ასაკობრივ ჯგუფში — ვაქცინის სამი დოზა სქემით: 0-2-6 თვე (ანუ ვაქცინის მეორე დოზა საწყისიდან 2 თვის შემდეგ მიიღება, მესამე კი — მე-6 თვეს).
მამრობითი სქესის 13-26 წლის ადამიანებში:
- 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში — ვაქცინის ორი დოზა მინიმუმ 6-თვიანი შუალედით;
- 15-26 წლის ასაკობრივ ჯგუფში — ვაქცინის სამი დოზა სქემით: 0-2-6 თვე.
როდის არ შეიძლება Gardasil 9-ის გაკეთება?
Gardasil 9-ის საინფორმაციო ვებსაიტის მიხედვით, ამ ვაქცინის გამოყენება არ შეიძლება იმ შემთხვევაში, თუკი მის რომელიმე კომპონენტზე ალერგია გაქვთ ან ძლიერი ალერგია გაქვთ საფუარზე. ამ აცრის გაკეთება არ შეიძლება ორსულებისთვის, რადგან პრეპარატი მათზე არ შეუმოწმებიათ და რთული სათქმელია, რამდენად უსაფრთხოა იგი ქალისა და თავისი ნაყოფისთვის.
ექიმმა, შესაძლოა, აცრის გადავადება ჩათვალოს საჭიროდ, თუ, მაგალითად, რაიმე სერიოზული დაავადება გაწუხებთ. მსგავსი დეტალები, უმჯობესია, სპეციალისტთან დააზუსტოთ.
შეიძლება თუ არა HPV ვაქცინის მიღება სქესობრივი ცხოვრების დაწყების შემდეგ?
HPV ვაქცინები ყველაზე შედეგიანი მაშინაა, როცა ადამიანი ვაქცინაციას სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე იტარებს. მეორე მხრივ, აცრა ამის შემდეგაც ეფექტიანია — ადამიანს შეიძლება უკვე ჰქონდეს HPV-ს რომელიმე შტამი (რომელსაც ვაქცინა არ განკურნავს), თუმცა Gardasil 9 ვირუსის არაერთი ტიპისგან გვიცავს, ანუ მათ მიმართ კვლავ შეიძლება იმუნიტეტის შექმნა.
რა გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს?
CDC-ს მიხედვით, Gardasil 9-ის ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია: ინიექციის ადგილას ტკივილი, შესივება, სიწითლე, ქავილი, დალურჯება, სისხლდენა; თავის ტკივილი; მაღალი ტემპერატურა; გულისრევა და თავბრუსხვევა.
ცნობილია, რომ Gardasil 9-ის მიღების შემდეგ შეიძლება გონების დაკარგვა განვითარდეს, რომელსაც ზოგჯერ კანკალი ან გაშეშება ახლავს თან. ამ რისკის გამო ინიექციიდან 15 წუთის განმავლობაში სამედიცინო მეთვალყურეობაა საჭირო.
CDC-ს მიხედვით, ანაფილაქსიური შოკი (სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქცია) მილიონიდან 1.7 შემთხვევაში იჩენს თავს; ეს მაჩვენებელი სხვა ვაქცინების შემთხვევაშიც ანალოგიურია. Gardasil 9-ის კვლევებში არ დაფიქსირებულა სიკვდილი, რომელიც ვაქცინასთან იქნებოდა დაკავშირებული.
სად შეგვიძლია მივიღოთ Gardasil 9?
სანამ Gardasil 9-ის მარაგები ყველგან შეივსება, ვაქცინის მიღება უკვე არაერთ კლინიკაშია (რეგიონებსა და თბილისში) შესაძლებელი. NCDC-ს წარმომადგენელმა ჩვენთან სატელეფონო საუბრისას მათი არასრული სია მოგვაწოდა. ესენია: მედისონ ჰოლდინგი, ევექსი, სილკ მედიკალი, რეიმანი, კავკასიის მედიცინის ცენტრი, მედკო ჰელს ქეარი, მედკაპიტალი, გაგუას კლინიკა, ჟორდანიას სახელობის კლინიკა, საოჯახო მედიცინის ქართულ-ამერიკული კლინიკა, ჰერა 2011 და სამედიცინო ცენტრი ციტო.
HPV ვაქცინის პროვაიდერების სიას სრულად NCDC-ს ამ ბმულზე იხილავთ. შეგიძლიათ, ადგილზე მისვლამდე ჯერ კლინიკას დაუკავშირდეთ, რათა დააზუსტოთ, აქვთ თუ არა 9-ვალენტიანი ვაქცინის მარაგი.
თუკი ვაქცინის მიღების თაობაზე დამატებითი კითხვები გექნებათ, შეგიძლიათ ჯანდაცვის სამინისტროს (1505) ან NCDC-ს ცხელ ხაზზე (116 001) დარეკოთ. თქვენზე მორგებული რეკომენდაციებისთვის, უმჯობესია, საკუთარ მკურნალ ექიმს მიმართოთ.
კომენტარები