მილიარდერ ჯეფ ბეზოსის კომპანიის რაკეტა New Glenn-ის სადებიუტო ფრენა შედგა.

Blue Origin-ის მიერ შექმნილი აპარატი თბილის დროით 16 იანვრის 11:03 საათზე კანავერალის კონცხიდან ჰაერში წარმატებით აიჭრა. 12.5 წუთის შემდეგ რაკეტის ზედა საფეხურმა კოსმოსში უსაფრთხოდ გააღწია, რაც დღევანდელი მისიის უმთავრესი მიზანი იყო.

რაც შეეხება მრავალჯერადი გამოყენების პირველ საფეხურს, ის ატლანტის ოკეანის ზედაპირზე განთავსებულ სპეციალურ პლატფორმაზე უნდა დაშვებულიყო. მართალია, მან ატმოსფეროში შემოსასვლელად სამი ძრავა აამუშავა, მაგრამ გეგმის მიხედვით დაშვება ვერ მოახერხა. ამის მიუხედავად, კომპანიაში ამბობენ, რომ ამას ელოდნენ და, სამაგიეროდ, ღირებული მონაცემები შეაგროვეს.

98-მეტრიანმა New Glenn-მა აქამდე გრძელი გზა განვლო. ის პირველად ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა გაეშვათ, თუმცა პირველი საფეხურის ძრავების შექმნის დაყოვნებამ მისიის გადავადება გამოიწვია. სხვადასხვა მიზეზის გამო, ფრენა 10 და 13 იანვარსაც გადაიდო, მაგრამ დღევანდელმა მცდელობამ, საბოლოოდ, გაამართლა.

ეს რაკეტა ილონ მასკის კომპანიის მიერ შექმნილი Falcon 9-ის პოტენციური კონკურენტია, რადგან ისიც მრავალჯერადი გამოყენებისაა. Blue Origin-ს სულ მცირე 25 ფრენა აქვს დაგეგმილი და კლიენტებიც ჰყავს, მათ შორის NASA, აშშ-ის სამთავრობო სააგენტოები, AST SpaceMobile და სხვა სატელეკომუნიკაციო კომპანიები. ასევე, შესაძლოა, ორბიტაზე მან გაიტანოს Amazon-ის პროექტ Kuiper-ის სატელიტებიც, რომლებიც ილონ მასკის Starlink-ს გაუწევს კონკურენციას.

New Glenn-ის ტვირთის ტევადობა 50 ტონაა, რომელსაც დედამიწის დაბალ ორბიტაზე გაიტანს. 2025 წლის გაზაფხულზე ამ რაკეტით კოსმოსში მარსის ზონდებს გაუშვებენ, რაც მისია ESCAPADE-ს ფარგლებში იგეგმება.

უკანასკნელი ფრენა Blue Ring Pathfinder-ის სახელით ცნობილი ხომალდის სატესტო ვერსიის გამოცდასაც ემსახურებოდა. მის საკომუნიკაციო-ტექნიკურ შესაძლებლობებზე დაკვირვება 6 საათს უნდა გაგრძელდეს. იგი თავდაცვითი ინოვაციების განყოფილების პროგრამის ფარგლებში იქმნება და გეოსტაციონარულ ორბიტაზე დაახლოებით 3000 კილოგრამის გატანას შეძლებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.