ჩინეთში აღმოაჩინეს ისეთი პატარა კატის ნაშთები, რომელიც ხელისგულზე თავისუფლად დაეტეოდა. ნამარხს მიაგნეს გამოქვაბულში, რომელიც ოდესღაც ადრინდელი ადამიანების საცხოვრებელი იყო.

მცირე ზომის კატა ახალი სახეობის წარმომადგენელია, რომელსაც Prionailurus kurteni უწოდეს. მეცნიერების თქმით, გადაშენებული ცხოველის ნაშთები დაახლოებით 300 000 წლის წინანდელია. შესაძლოა, ეს ყველაზე პატარა კატა იყოს, რომელიც ოდესმე აღმოუჩენიათ.

აღნიშნული სახეობა ბენგალურ კატისებრთა Prionailurus-ის გვარს მიეკუთვნება, რომელიც სამხრეთ აზიის ტყეებში დღესაც გავრცელებულია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ცხოველთა ზომა შინაური კატების მსგავსია (დაახლოებით 70სმ. სიგრძისა და 2კგ. წონის), ახლად გამოვლენილი სახეობა ბევრად პატარა იყო.

ის ზომით ყველაზე მომცრო ცოცხალ კატებს უნდა მგვანებოდა. ესაა Prionailurus rubiginosus, რომლის სიგრძეც 35-დან 52 სმ-მდე მერყეობს, პრეისტორიული კატის სხეულის სიგრძე კი 35-დან 50 სმ-მდე უნდა ყოფილიყო, ან უფრო ნაკლები.

ფოტო: Chinese Academy of Sciences

პალეონტოლოგებმა კატა ქვედა ყბის ფრაგმენტის საფუძველზე შეისწავლეს, რომელზეც ორი კბილი იყო შემორჩენილი. ნაშთებს აღმოსავლეთ ჩინეთში მდებარე პალეონტოლოგიურ ზონაში არსებულ გამოქვაბულში მიაგნეს. იმავე პერიოდის ადგილებში კატების ნამარხები იშვიათობა არაა, მაგრამ ასეთი პატარა კატისა — კი.

ეს იმიტომ, რომ ბენგალური კატების წინაპარი პოპულაციები ხშირად ტყიან ადგილებში ბინადრობდნენ, სადაც მათი ძვლები სწრაფად იშლებოდა. ამისგან განსხვავებით, გამოქვაბულში დამცავი პირობებია, რამაც პრეისტორიული ცხოველის ნაშთები დღემდე შემოინახა და მისი შესწავლა გახდა შესაძლებელი.

სავარაუდოდ, Prionailurus kurteni გამოქვაბულში ვირთხებს ან თაგვებს დაეძებდა, რომლებიც ადრეული ადამიანების საკვების ნარჩენებით იკვებებოდნენ. კატის ერთ-ერთი კბილის დახრილი ფორმა მას შინაური კატისა და მანულის (Otocolobus manul) საერთო წინაპართან აკავშირებს. ბენგალური კატების ოჯახი აზიის ტყეებში ყველაზე მრავალფეროვანია და 5 ცოცხალ სახეობას აერთიანებს. ახალი ნამარხი ამ გვარის ევოლუციის უკეთ გასაგებად მნიშვნელოვან მონაცემებს გვაწვდის.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Annales Zoologici Fennici გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.