SpaceX-ის რაკეტა Falcon 9-მ კოსმოსში მთვარის ორი კერძო აპარატი გაიტანა. ფრენა თბილისის დროით 15 იანვრის 10:11 საათზე კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან შედგა, რომელიც ფლორიდის სანაპიროზე მდებარეობს.

მთვარისკენ გაშვებული აპარატებია Blue Ghost და Resilience, რომელთაგანაც პირველი კომპანია Firefly Aerospace-ს ეკუთვნის, მეორე კი — ispace-ს. ეს ორივე მოდული დედამიწის თანამგზავრის ზედაპირზე დასაშვებადაა შექმნილი.

აფრენიდან დაახლოებით 8.5 წუთში Falcon 9-ის პირველი საფეხური უკან უსაფრთხოდ დაბრუნდა, ხოლო მეორე საფეხურმა ტვირთი ორბიტაზე 27 და 65 წუთის შემდეგ გაიტანა.

Blue Ghost.

ფოტო: Firefly Aerospace

Blue Ghost-ის მისია NASA-ს პროგრამა CLPS-ის ნაწილია. მან თან აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს 10 ხელსაწყოც გაიყოლა, რომლებიც მთვარის გარემოს უკეთ შესასწავლადაა შექმნილი. ეს მნიშვნელოვანია, რადგან NASA არტემისის პროგრამის ფარგლებში მთვარეზე ასტრონავტების გასაგზავნად ემზადება.

Blue Ghost დედამიწის ორბიტაზე 25 დღეს გაატარებს, რის შემდეგაც მთვარისკენ 4-დღიან მოგზაურობას დაიწყებს. ის ორბიტაზე 16 დღე დარჩება, სანამ ვულკანურ წარმონაქმნ Mons Latreille-ის მიმდებარედ დაჯდება, რომელიც 3 მილიარდზე მეტი წლის წინაა ფორმირებული.

აპარატი დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში იმუშავებს, რაც მთვარის ერთი სრული დღის ტოლფასია. ამ პერიოდში ის ეცდება, რომ ჩვენი პლანეტის ერთადერთი თანამგზავრის გრუნტისა (რეგოლიტის) და მზის ქართან მისი ურთიერთქმედების შესახებ ინფორმაცია შეაგროვოს. ასევე, მონაცემებს მოიპოვებს დედამიწის მაგნიტურ ველზეც, მისიის დასასრულს კი მოდული მთვარეზე დაისსა და მასთან ასოცირებულ ცვლილებებს დააკვირდება.

Resilience.

ფოტო: ESA

რაც შეეხება Resilience-ს, ის ენერგოეფექტიან მარშრუტს მიჰყვება, ამიტომ მთვარეზე Blue Ghost-ის შემდეგ დაეშვება. ეს მოდული მთვარის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მდებარე Mare Frigoris-ის რეგიონში 4.5 თვის შემდეგ დაჯდება. მისიას თან ახლავს მინიმავალი, სახელად Tenacious, რომელიც მთვარის რეგოლიტის ნიმუშების შეგროვებისთვისაა განკუთვნილი.

Blue Ghost-ისა და Resilience-ის გაშვება დატვირთული წლის დასაწყისია, მათ შორის მთვარის მისიების მხრივ. მაგალითად, თებერვალში მთვარის მორიგი მისია იგეგმება. ესაა კომპანია Intuitive Machines-ის IM-2, რომელსაც ციური სხეულის სამხრეთ პოლუსზე გაგზავნიან. ის რეგოლიტში არსებულ აქროლად ქიმიურ ნაერთებს შეისწავლის, რისთვისაც სპეციალურ ბურღსა და სპექტრომეტრს გამოიყენებს. მასთან ერთად გაშვებული პატარა თანამგზავრი Lunar Trailblaz წყლის დანალექების ადგილმდებარეობას დაადგენს და NASA-ს Artemis-ის მისიებისთვის დაშვებისთვის შესაბამისი ადგილების იდენტიფიცირებაში დაეხმარება.

მოგვიანებით შეიძლება შედგეს მთვარის მისია IM-3-იც. ასევე, 2025 წელსაა ჩანიშნული Blue Origin-ის Blue Moon Mark 1-ისა და Astrobotic Technology-ის Griffin Mission 1-ის გაშვება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.