მომდევნო დღეებში აშშ-ის უზენაესი სასამართლო გადაწყვეტს, აიკრძალება თუ არა ქვეყანაში TikTok. მოსალოდნელი შეზღუდვის ფონზე აპლიკაციის ამერიკელი მომხმარებლები სხვა პლატფორმაზე, RedNote-ზე გადადიან (ჩინურად სიაოხუნგშუ, Xiaohongshu, 小红书). ისინი თავს "TikTok-იდან ლტოლვილებს" უწოდებენ.

ასევე იხილეთ: რა ბედი ეწევა TikTok-ს აშშ-ში 19 იანვრისთვის?

Xiaohongshu ონლაინსივრცეში 2013 წელს გაჩნდა, როგორ შოპინგის პლატფორმა. დღესდღეობით იგი ჩინეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური აპლიკაციაა, რომელზეც ფოტოებს, ვიდეოებსა და წერილობით პოსტებს აქვეყნებენ.

პლატფორმის მომხმარებელთა უმრავლესობა ჩინურად საუბრობს, თუმცა აშშ-ში TikTok-ის პოტენციური აკრძალვის ფონზე აპლიკაცია მსოფლიოს სხვა წერტილებიდანაც იკრებს მომხმარებლებს. Reuters-ის მოხსენებით, სულ რაღაც ორ დღეში Xiaohongshu-ს 700 ათასი მომხმარებელი დაემატა. TikTok-ს, თავისივე ცნობით, 2023 წლის დასაწყისში 150 მილიონი ამერიკელი მომხმარებელი ჰყავდა.

Xiaohongshu ჩინურ ენაზე ითარგმნება, როგორც "პატარა წითელი წიგნი". CNN აღნიშნავს, რომ შესაძლებელია, ეს ხუმრობით მიანიშნებდეს პატარა წითელყდიან წიგნზე, რომელშიც მაო წეტუნგის, კომუნისტური ჩინეთის დამაარსებლის, ციტატებია გაერთიანებული.

აშშ-იდან ბევრი მომხმარებელი, როგორც ჩანს, ამ ჩინურ პლატფორმას TikTok-ის შესაძლო აკრძალვის გასაპროტესტებლად და ნაწილობრივ სახუმაროდაც იყენებს.

ფოტო: The Verge

გარდა ჩინურენოვანი პოსტებისა, რომლებიც ტანისამოსს, საკვებსა და მიმებს ასახავს, პლატფორმაზე უკვე "TikTok-იდან ლტოლვილების" მიერ გამოქვეყნებული შიგთავსიც გვხვდება: ზოგი RedNote-ზე გადმოსვლის შესახებ ხუმრობს; ზოგს აინტერესებს, როგორ რეაგირებენ ჩინელი მომხმარებლები იმაზე, რომ კომუნიკაციას თავად ინგლისურ ენაზე ამყარებენ; ზოგი უბრალოდ ესალმება ახალ საზოგადოებას.

RedNote-ის მომხმარებლები "TikTok-იდან ლტოლვილებს" კეთილგანწყობილები ხვდებიან. მაგალითად, მზად არიან, ხალხს აპლიკაცია გააცნონ და სხვადასხვა რჩევა თუ ხრიკი გაუზიარონ. ერთ-ერთი "კრეატორის" თქმით, RedNote -ის მეშვეობით, თანაც ჩინური ახალი წლის მოახლოების ფონზე, "ახლა შესანიშნავი დროა ჩინური კულტურის გასაცნობად". ზოგი მომხმარებელი "ლტოლვილებს" ჩინური ენის სწავლებასაც კი სთავაზობს.

როგორც ჩანს, RedNote-ის ჩინელი მომხმარებლებით "TikTok-იდან ლტოლვილებიც" ინტერესდებიან.

"ჩინელო მეგობრებო, თქვენი დღევანდელი სადილის ან სასუსნავების ფოტოები გამოაქვეყნეთ! გვაინტერესებს, რას ჭამთ ხოლმე ჩვეულებრივ", — წერს ერთ-ერთი მომხმარებელი, მეორე კი კითხულობს: "ამერიკელი ვარ. მოგწონვართ, ზოგადად? ვიცით, რომ მტრები არ ხართ. შეგვიძლია ვიმეგობროთ?"

ჯერჯერობით რთული სათქმელია, რამდენად შეძლებს Xiaohongshu ტიკტოკის "ჩანაცვლებასა" და ახალი მომხმარებლების შენარჩუნებას. თუკი თავადაც მოისურვებთ RedNote-ის გამოცდას, ანდროიდისათვის მას ამ ბმულიდან გადმოწერთ, iOS-ზე კი — აქედან. შთაბეჭდილებები შეგიძლიათ კომენტარებში გაგვიზიაროთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.