წლების განმავლობაში გამოთქმული ვარაუდების შემდეგ, არქეოლოგებმა პერუს ქალაქ კუსკოს ქვეშ უზარმაზარი მიწისქვეშა გვირაბული სისტემის არსებობა საბოლოოდ დაადასტურეს.

ეს ლაბირინთი — ჩინკანა — ინკების ცივილიზაციის მიერაა შექმნილი. ის მზის ტაძრიდან (კორიკანჩა) იწყება და თითქმის 2 კილომეტრ მანძილზე ვრცელდება, ქალაქის კიდესთან მდებარე საქსაუამანის ციხესიმაგრემდე.

მეცნიერებმა აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია პრესკონფერენციაზე გაასაჯაროვეს. მათ ისაუბრეს, როგორ მიაგნეს გვირაბებს, რისთვისაც კვლევის სამი ეტაპი დასჭირდათ. პირველი ნაბიჯი ისტორიული წყაროების შესწავლა იყო. მე-16-დან მე-18 საუკუნემდე შექმნილ ტექსტებში ჩინკანას არსებობაზე არაერთი მინიშნება მოიძებნა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი 1594 წელს ესპანელმა იეზუიტმა დაწერა. მასში აღწერილია გვირაბი, რომელიც კორიკანჩას ტაძრიდან იწყება და საქსაუამანის ციხემდე მიდის, დაახლოებით 1.75 კილომეტრ მანძილზე.

მეორე ეტაპზე მკვლევრებმა აკუსტიკური კვლევის მეთოდები გამოიყენეს და მიწის ზედაპირზე დარტყმით ღრუ სივრცეების ადგილმდებარეობა განსაზღვრეს. ბოლო ეტაპზე კი მათ თანამედროვე ტექნოლოგიებს მიმართეს, კერძოდ მიწაში შეღწევადი რადარის მეშვეობით გვირაბების სისტემა უფრო დეტალურად შეისწავლეს. შედეგად, გაირკვა არა მხოლოდ მთავარი გვირაბის მდებარეობა (კორიკანჩასა და საქსაუამანს შორის), არამედ სამი მცირე გვირაბისაც, რომლებიც სხვა უბნებს უერთდება.

კუსკო, რომელიც მე-15 საუკუნეში ინკების იმპერიის დედაქალაქი იყო, დღეს ცნობილი ტურისტული ცენტრია. მიუხედავად იმისა, რომ წარსულში მიწისქვეშა გვირაბების შესახებ ვარაუდები არსებობდა, ეს აღმოჩენა პირველია, რომელიც ამ თეორიას ადასტურებს. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ინკებმა ჯერ თხრილი შექმნეს და შემდეგ ისინი ქვის კედლებითა და საგულდაგულოდ დამუშავებული "სახურავებით" გაამაგრეს. სავარაუდოდ, გვირაბების განლაგება კუსკოს ქუჩებისა და ბილიკების სტრუქტურით იყო შთაგონებული.

რაც შეეხება ჩინკანას დანიშნულებას, ეს ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება. არქეოლოგი მილდრედ ფერნანდეს პალომინო გუნდთან ერთად გეგმავს, რომ უახლოეს მომავალში, მარტში ან აპრილში, გვირაბებში შეაღწიოს და მათ შესახებ მეტი გაიგოს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.