ამჟამად ჩვენი მზის სისტემის პლანეტების არცერთ ბუნებრივ თანამგზავრს არ აქვს რგოლი. ამის მიუხედავად, ახალი კვლევა აჩვენებს, რომ თუ ოდესმე რგოლები წარმოიქმნებოდა, ისინი სტაბილურად მილიონი წლის განმავლობაში შენარჩუნდებოდა — მაშინაც კი, თუ მათზე სხვა ციური სხეულების გრავიტაცია იმოქმედებდა.

მზის სისტემის პლანეტებში რგოლები საკმაოდ გავრცელებულია. ყველაზე ცნობილი მაგალითი სატურნია, თუმცა ვოიაჯერის მისიის მონაცემებმა ცხადყო, რომ რგოლები იუპიტერს, ურანსა და ნეპტუნსაც აქვს. ეს გროვები ყინულოვანი და კლდოვანი ნაწილაკებისგან შედგება, ხოლო მათ ფორმასა და სტაბილურობას ციური სხეულების თანამგზავრების გრავიტაციული ძალები განაპირობებს.

უკანასკნელი კვლევების შედეგად რგოლები იუპიტერის მიღმა მდებარე ასტეროიდებისა (მათ კენტავრები ეწოდება) და ჯუჯა პლანეტების, მათ შორის კვერცხის ფორმის ჰაუმეას, გარშემო აღმოაჩინეს. მტკიცებულებები ასევე მიუთითებს, რომ რგოლები შესაძლოა, წარსულში დედამიწასა და მარსსაც ჰქონოდა. ამის მიუხედავად, არ მოგვეპოვება მტკიცებულება, რომელიც მზის სისტემაში არსებულ 300-ზე მეტ თანამგზავრზე იმავეს თქმის საშუალებას მოგვცემს (2008 წლის კვლევა, რომლის თანახმადაც იუპიტერის თანამგზავრ რეას რგოლები ჰქონდა, მოგვიანებით მცდარი აღმოჩნდა).

ეს ფაქტი განსაკუთრებით დამაბნეველია, რადგან რგოლების წარმომქმნელი ფიზიკური პროცესები, თეორიულად, შეიძლება წარიმართოს როგორც პლანეტების, ისე მათი თანამგზავრების გარშემო. ამ უკანასკნელთა ირგვლივ რგოლი მაშინ შეიძლება ჩამოყალიბდეს, თუ შეჯახების ან კრიოვულკანების ამოფრქვევის შედეგად გამოყოფილი ფრაგმენტების გროვა ობიექტის გარშემო დაიწყებს ბრუნვას. დროთა განმავლობაში გრავიტაცია ფრაგმენტებს სიბრტყეზე განლაგებისკენ უბიძგებს და რგოლად აქცევს.

ეს საკითხი ასტროფიზიკოსმა მარიო სუსერკიამ კოლეგებთან ერთად შეისწავლა. მათმა 2022 წლის კვლევამ აჩვენა, რომ იზოლირებულ თანამგზავრებს შესაძლოა, სტაბილური რგოლები ჰქონდეს, მაგრამ ის ახლომდებარე ობიექტების გრავიტაციულ ზემოქმედებას არ ითვალისწინებდა. ახლა რგოლების სტაბილურობა პლანეტა-თანამგზავრის ხუთ სისტემაში გამოიკვლიეს, მათ შორის დედამიწისა და მთვარის მაგალითზე.

შედეგებმა აჩვენა, რომ რთულ გრავიტაციულ გარემოშიც კი, მზის სისტემაში არსებული რამდენიმე თანამგზავრის რგოლი სტაბილური იქნებოდა. მთვარის შემთხვევაში ამის შანსი 95% აღმოჩნდა. სიმულაციებში ზოგიერთი რგოლი იმდენად დახვეწილად ჩამოყალიბდა, რომ სატურნის რგოლების მსგავსი სტრუქტურა შეიძინა.

და მაინც, რატომ არაა რგოლები დღეს თანამგზავრების გარშემო?

მკვლევრები ფიქრობენ, რომ არაგრავიტაციული ფაქტორები, როგორიც მზის გამოსხივება და პლანეტების მაგნიტური ველების დამუხტული ნაწილაკებია, შესაძლოა, წარსულში რგოლების დაშლის მიზეზი გამხდარიყო. ზოგიერთი მეცნიერი, მაგალითად მეთიუ ტისკარენო, ამბობს, რომ თავად თანამგზავრების გრავიტაციული მიზიდულობაც მნიშვნელოვანი ფაქტორია. მისი თქმით, ამ ობიექტების ნელი ბრუნვის გამო რგოლის შემადგენელი ნაწილაკების ორბიტა დროთა განმავლობაში შეიცვლებოდა და, საბოლოოდ, ისინი ზედაპირზე ჩაცვივდებოდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.