კვლევა: დმანისში აღმოჩენილი ნამარხიდან გამოყოფილი დნმ მსოფლიოში უძველესია
დმანისში აღმოჩენილი ადრეპლეისტოცენური პერიოდის მარტორქის კბილის მინანქრიდან მეცნიერებმა 1,77 მილიონი წლის წინანდელი დნმ-ის ნიმუშის გამოყოფა შეძლეს.
აღსანიშნავია, რომ ეს ამ დრომდე ნამარხიდან მიღებული ყველაზე ძველი დნმ-ია. ამ აღმოჩენამდე ყველაზე ძველი დნმ კანადაში, კუნძულ უკონზე, 700 000 წლის წინანდელი ცხენიდან იყო აღებული.
აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ჟურნალში, Nature-ში გამოქვეყნდა.
მიღებული დნმ-ით მეცნიერებმა პლეისტოცენის ეპოქაში მცხოვრები მარტორქების ფილოგენეზის ახსნა შეძლეს. მეცნიერების თქმით, აღმოჩენა ცხადყოფს, რომ კბილის ემალის (რომელიც ნამარხებში მრავლადაა) პროტეომული ანალიზით ევოლუციის პროცესის მოლეკულურ დონეზე შესწავლა ისეთი ადრეული პერიოდის ნიმუშებშიც შეიძლება, როგორიც, მაგალითად, პლეისტოცენია.
პროექტი კოპენჰაგენის და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარეობს. კვლევებში ჩართული იყვნენ იტალიელი და ამერიკელი მეცნიერებიც.
დმანისის პროექტის მხარდამჭერები არიან შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
დმანისის, როგორც პრეისტორიული ძეგლის აღმოჩენის ისტორია 1983 წელს დაიწყო, როდესაც პროფესორმა აბესალომ ვეკუამ შუა საუკუნეების სამეურნეო ორმოში მარტორქის კბილი აღმოაჩინა. სიმბოლურია, რომ პირველი გენეტიკური ინფორმაციაც სწორედ მარტორქიდანაა მიღებული.
კომენტარები