რატომაა რთული იმის თქმა, წარმოადგენს თუ არა ზიგოტა ადამიანის სიცოცხლეს
როდის იწყება ადამიანის სიცოცხლე? — ეს ის კითხვაა, რომელზეც ადამიანები, რომელთათვისაც აბორტი, გარკვეულ შემთხვევაში, დასაშვებია და ადამიანები, რომლებიც აბორტს კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან, მუდმივად დავობენ.
ისინი, ვინც აბორტს კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ხშირად მტკიცებით საუბრობენ იმაზე, რომ ადამიანის სიცოცხლე კვერცხუჯრედის განაყოფიერებისას იწყება. ამით განაყოფიერებული კვერცხუჯრედის დაბადებულ ბავშვთან გაიგივება ხდება.
თუმცა მათი უმეტესობა ვერ იაზრებს, თუ რამდენად დაუსაბუთებელია მოსაზრება იმის შესახებ, რომ აბორტი მკვლელობაა, განაყოფიერებული კვერცხუჯრედი — ადამიანი.
ამ მხარის მთავარი არგუმენტები ორ დაშვებაზეა აგებული: პირველი ისაა, რომ განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ერთი მთელი სიცოცხლეა, მეორე კი ის, რომ ეს კონკრეტული სიცოცხლე ადამიანია.
საქმე ისაა, რომ ამ მოსაზრებებს დადასტურება სჭირდება, რაც იმაზე უფრო რთულია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ჩვენ დაზუსტებით არ შეგვიძლია ვთქვათ, სიმართლეა თუ არა ეს ორი დაშვება.
სტატიაში სიტყვა ჩვილსა და ბავშვს ადამიანის სიცოცხლის პირველ ფაზად მოვიხსენიებთ, ანუ ისე, როგორც ეს სიტყვები ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენება.
რატომაა რთული იმის დამტკიცება, რომ სიცოცხლე კვერცხუჯრედის განაყოფიერებისას იწყება, ან რატომ არ შეგვიძლია ზიგოტა ბავშვთან გავაიგივოთ?
კომპოზიციის პრობლემა
ამ თემაზე ხშირად არ საუბრობენ, თუმცა აბორტის ეთიკაზე საუბრისას ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც განსაკუთრებით რელევანტური ორსულობის პირველ ეტაპებზეა.
ადამიანები ხშირად ფაქტად იღებენ მოსაზრებას, რომ კვერცხუჯრედის განაყოფიერებისას ერთეული, ცალკეული სიცოცხლე იქმნება, რომელიც შემდეგ ზრდასრულ ადამიანად ყალიბდება.
რეალობა ასეთი ცალსახა არაა.
მეტაფიზიკა ფილოსოფიის დარგია, რომელიც რეალობის არსს და ბუნებას შეისწავლის — მათ შორის იმასაც, თუ რა ობიექტები არსებობს ჩვენს გარშემო და რატომ. აქვე ვხვდებით მეტაფიზიკის ქვედარგს, რომელსაც მეროლოგია ეწოდება. მეროლოგია შეისწავლის, თუ როგორ ფორმირდება ნაწილებისგან მთელი და თუ რა კავშირებია მათ შორის. მეროლოგიაში ერთ-ერთ მთავარი საკითხი ე.წ. კომპოზიციის პრობლემაა, რომელიც 1990 წელს ფილოსოფოსმა პიტერ ვან ინვაგენმა ფორმალურად ჩამოაყალიბა. უხეშად რომ ვთქვათ, კითხვა შემდეგში მდგომარეობს: რა შემთხვევაში მიიღება გარკვეული ნაწილების შეერთებით ახალი, ცალკეული, მთელი ობიექტი?
თითქოს მარტივად ჟღერს, თუმცა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა წარმოუდგენლად რთულია. ამ შემთხვევაში არც მეცნიერული მეთოდი გვადგება, არც რაიმე ფორმულა და არც ინტუიცია.
მაგალითად, თუ ვიტყვით, რომ ორი სხვადასხვა ობიექტის შეერთებით მიიღება მესამე ობიექტი, რომლის შემადგენელი კომპონენტებიც თავდაპირველი ობიექტები არიან, მზად ვართ თუ არა, რომ ამ ლოგიკას ყოველთვის მივყვეთ? თუ ორ ადამიანს ქირურგიულად ერთმანეთს მივაბამთ, მივიღებთ თუ არა მესამე ობიექტს, რომელიც მთელია?
უმეტესობა ჩვენგანი ფიქრობს, რომ გარკვეული ობიექტების შეერთებით ხშირად არც არაფერი მიიღება. მაგალითად, მაგიდაზე მარილის კრისტალების ერთმანეთთან შეჯგუფებით, ჩვენ არ ვთვლით, რომ რაიმე ახალი, მთელი შევქმენით. თუ რვეულზე კალამს დავდებ, ეს არ ნიშნავს, რომ კალამი და რვეული ერთად რაიმე ახალ, მთელ ობიექტს ქმნის. შესაბამისად რვეულიდან კალმის აღებით, ბუნებრივია, რომ არაფერს ვანადგურებ.
რა შუაშია ეს აბორტთან?
როდესაც აბორტის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ "სიცოცხლე კვერცხუჯრედის განაყოფიერებისას იწყება," ისინი, როგორც წესი, გულისხმობენ, რომ ჩვენ, როგორც ადამიანები, არსებობას სწორედ ამ მომენტში — კვერცხუჯრედის განაყოფიერებისას ვიწყებთ. თუმცა იმისათვის, რომ ეს სიმართლე იყოს, კვერცხუჯრედის განაყოფიერების შედეგად ერთ, ცალკეულ, მთელ სიცოცხლეს უნდა ვიღებდეთ — ისეთივეს, როგორიც მე და შენ ვართ.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ორსულობის ამ კონკრეტულ ფაზაში საქმე უბრალოდ უჯრედებთან გვაქვს და არა ერთ მთელ, ცალკეულ ორგანიზმთან, იმის თქმა, რომ ამ დროს ჩვენ უკვე ვარსებობთ, მცდარია.
კითხვა შემდეგში მდგომარეობს — ქმნიან თუ არა ეს უჯრედები ერთ ორგანიზმს? ამ დროს საქმე ერთ სიცოცხლესთან გვაქვს, თუ რამდენიმესთან?
განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს ზიგოტა ეწოდება. ზიგოტა არსებობას ერთეულ უჯრედად იწყებს — ამ ეტაპზე ჩვენ ერთი, მთელი სიცოცხლე გვაქვს, რომელიც ერთი უჯრედითაა წარმოდგენილი. თუმცა ამ მომენტიდან მალევე უჯრედი გაყოფას იწყებს და უჯრედების გროვას ვიღებთ. როდესაც უჯრედების რაოდენობა 16-ს აღწევს, ამ ეტაპს მორულა ეწოდება, რამდენიმე დღის შემდეგ კი უკვე ბლასტოციტს ვიღებთ.
როდესაც ზიგოტა გაყოფას იწყებს, მანამ, სანამ უჯრედები დიფერენცირებას დაიწყებენ, თავს ერთი საინტერესო შესაძლებლობა იჩენს. მორულას ეტაპამდე და მისი ჩათვლით, ღეროვან უჯრედებს საკუთარი "ბედი" გადაწყვეტილი არ აქვთ, ამ დროს უჯრედები ერთ სრულ ემბრიონად გახდომის გზას არ ადგანან. ეს ის ეტაპია, რომლის დროსაც, პირდაპირი გაგებით, უჯრედების გაცალკევება არაფერს ანადგურებს.
უცნობია, ამ დროს წარმოადგენს თუ არა უჯრედების გროვა ერთ, ცალკეულ ორგანიზმს.
თუ მორულას ერთ ღეროვან უჯრედს გამოვაცლით, დანარჩენი უჯრედები გამრავლებას ჩვეულებრივად გააგრძელებენ. ხოლო თუ გამოცალკევებულ ღეროვან უჯრედს შესაბამის გარემოში მოვათავსებთ, ის გაყოფას თავიდან დაიწყებს, განვითარდება და თავდაპირველის იდენტურ ემბრიონს, საბოლოოდ კი იდენტურ ტყუპს მოგვცემს.
ამ დროს შეგვიძლია არა ერთი, არამედ რამდენიმე ღეროვანი უჯრედი გამოვაცალკევოთ, ამ პროცესის გამეორება კი თითოეული ახალი მორულადანაც შესაძლებელია. ამ დროს, თეორიულად, შეგვიძლია უსასრულო რაოდენობის ტყუპები მივიღოთ. ეს ის დროა, როდესაც უჯრედების გაცალკევება ემბრიონის განვითარებას არ აფერხებს.
შესაბამისად, თუ ამ ეტაპზე უჯრედების გაცალკევებით რაიმეს ვანადგურებთ, ეს ადამიანის სიცოცხლე ვერ იქნება. აქედან გამომდინარე კი, უცნაურია საერთოდ ვიფიქროთ, რომ განვითარების ამ ეტაპზე საქმე თითქოს ადამიანის სიცოცხლესთან გვაქვს. ხოლო თუ არ გვაქვს, ესე იგი ადამიანის სიცოცხლე კვერცხუჯრედის განაყოფიერებისას არ იწყება.
ადამიანია თუ არა ზიგოტა?
ჩავთვალოთ, რომ ემბრიონის განვითარების ადრეულ ეტაპებზე არსებული უჯრედების გროვა ერთ მთელ სიცოცხლეს წარმოადგენს. მაგრამ არის თუ არა ის ადამიანი?
ზიგოტადან ემბრიონის ჩამოყალიბების პროცესი რთულია. ამისთვის უამრავი, უამრავი უჯრედული ციკლია საჭირო. ამ პროცესის დროს მუდმივად ვიღებთ უფრო და უფრო კომპლექსურ, ახალ უჯრედებს, რომლებიც ერთმანეთთან უფრო და უფრო ჩახლართულ კავშირში იმყოფებიან.
ადამიანები ზიგოტებისგან უამრავი მახასიათებლით განვსხვავდებით — ადრეულ ეტაპზე მთავარი, რაც ემბრიონულ ღეროვან უჯრედს გააჩნია, შეუზღუდავი პოტენციალის მქონე გენეტიკური კოდია, რომელიც უჯრედების დიფერენცირებასთან ერთად უფრო და უფრო "დარეგულირებული," (თუმცა არა ნაკლებად ინფორმატიული) ხდება.
ნამდვილად, ჩვენ, როგორც მთელ, კომპლექსურ ორგანიზმებს შეუზღუდავი პოტენციალის მქონე გენეტიკური კოდი არ გაგვაჩნია, რადგან ჩვენი უჯრედები სხვადასხვა კუთხით არიან დიფერენცირებულნი. გამოდის, რომ ერთადერთი რამ, რაც ზიგოტებს ჩვეულებრივი უჯრედებისგან განასხვავებს ისაა, რაც ჩვენ საერთოდ არ გვახასიათებს.
ამ მოცემულობაზე დაყრდნობით, ზიგოტა ბევრად უფრო ჰგავს ჩვენს სხეულში არსებულ ინდივიდუალურ უჯრედებს, ვიდრე ჩვენ. ადამიანის ზიგოტა ისევეა ადამიანი, როგორც სისხლის უჯრედი, თუმცა ჩევნსავით კომპლექსურ, მთელ ორგანიზმს არც ერთი მათგანი არ წარმოადგენს.
თუ ეს ყველაფერი სიმართლეა, ადამიანის სიცოცხლე კვერცხუჯრედის განაყოფიერებისას არ იწყება. შესაბამისად, ის რომელიმე მომდევნო ეტაპზე უნდა იწყებოდეს, თუმცა დაზუსტებით ვერავინ გეტყვით, თუ რა ეტაპზე ხდება ეს.
ჩვენ შეგვიძლია ემბრიონის განვითარების პროცესში რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი გამოვყოთ — ტვინისა და ნერვული სისტემის ჩამოყალიბება, გულის ცემა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ცალკეულად არც ერთი ეს ორგანო ორგანიზმს არ ქმნის.
პირველი დარტყმა
ექოსკოპიის შექმნამდე დიდი ხნით ადრე, დრო, როდესაც ადამიანის სიცოცხლე იწყება, ბევრად უფრო ადვილი განსამარტი იყო. ეს იყო მომენტი, როდესაც დედა მუცელში ბავშვის დარტყმას პირველად იგრძნობდა.
როდესაც ინგლისის მეფის, ჰენრი VIII-ის ცოლმა ბავშვის დარტყმა პირველად იგრძნო, ლონდონში სადღესასწაულო კოცონები აანთეს და ზეიმი დაიწყეს. მე-19-ე საუკუნემდე ბრიტანეთში აბორტი სწორედ ამ მომენტამდე იყო დასაშვები.
თუმცა, ახლა სიცოცხლის საწყისის განსასაზღვრად ეს კრიტერიუმი აღარ გამოგვადგება. მანამ, სანამ დედა მუცელში ბავშვის მოძრაობას პირველად იგრძნობს, მას ექოსკოპიაზე მისი შვილის სახის ბუნდოვანი გამომეტყველების და გულისცემის დანახვა ბევრად უფრო ადრე შეუძლია.
ერთი რამ, რაც შეგვიძლია ვთქვათ, ის არის, რომ ის, რაც კვერცხუჯრედის განაყოფიერებისას იწყება, არა ადამიანის სიცოცხლე, არამედ პროცესია, რომელიც საბოლოოდ ადამიანს მოგვცემს.
პოტენციური ადამიანი?
პოტენციალებზე საუბარს მხოლოდ და მხოლოდ პრობლემებამდე მივყავართ. მაგალითად, ყოველ ღეროვან უჯრედს აქვს პოტენციალი, რომ ბავშვი წარმოქმნას. უფრო მეტიც, უჯრედების დედიფერენციაციის გზით, თეორიულად, ყველა უჯრედს აქვს პოტენციალი, რომ ღეროვან უჯრედად იქცეს, შემდეგ კი მისგან ბავშვი მივიღოთ.
ემბრიონის ადრეულ ეტაპზე ღეროვანი უჯრედების ერთმანეთისგან განცალკევებაზე უარის თქმა ამ უჯრედებს ადამიანად ჩამოყალიბების პოტენციალს ართმევს. ნამდვილად, ყველა ეს უჯრედი პოტენციური ადამიანია, თუმცა არავინ ამბობს, რომ ჩვენ მათი განცალკევებაზე პასუხისმგებლები უნდა ვიყოთ.
არ შეიძლება პოტენციურობაზე დაყრდნობილ არგუმენტებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიყენებდეთ, როდესაც ეს გვაწყობს. შესაბამისად, უმჯობესია, რომ ეს არგუმენტი კამათისას საერთოდაც არ გამოვიყენოთ.
კამათი იმის შესახებ, წარმოადგენს თუ არა ერთ მთელ სიცოცხლეს ზიგოტა, ან არის თუ არა ის ადამიანის სწორი, ალბათ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება. მთავარია არ დაგვავიწყდეს, რომ საკითხს ყოველთვის მრავალი სხვადასხვა კუთხით უნდა შევხედოთ და კრიტიკის ქარცეცხლში პირველ რიგში საკუთარი მოსაზრებები გავატაროთ.
ამ სტატიით კი ვეცადე, რომ ეს საკითხი თქვენთვის სხვა კუთხით წარმომედგინა და გამეზიარებინა არგუმენტები, რომლებიც, შესაძლოა, აქამდე არ გსმენიათ.
კომენტარები