ასტრონომებმა ასობით "ფარული" ზემასიური შავი ხვრელი დააფიქსირეს

ფოტო: NASA/JPL-Caltech
ასტრონომებმა ღრმა კოსმოსში "ფარულად" არსებული ასობით ზემასიური შავი ხვრელი დააფიქსირეს. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ასეთი ობიექტები შეიძლება, მილიარდობით ან ტრილიონობით იყოს, თუმცა მათი აღმოჩენა რთული ამოცანაა.
შავი ხვრელები სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ობიექტებია. მათი გრავიტაცია იმდენად ძლიერია, რომ მას თავს სინათლეც ვერ აღწევს. ზოგჯერ მეცნიერებს შავი ხვრელების არსებობაზე მატერიის შთანთქმის პროცესი მიანიშნებს. საქმე ისაა, რომ ამ დროს ეს მტვერი და აირი სინათლეს გამოყოფს, მაგრამ არა ყოველთვის.
ასტრონომები დარწმუნებული არიან, რომ სამყაროში მილიარდობით ზემასიური შავი ხვრელია, რომელთა მასაც ჩვენი მზისას მინიმუმ 100 000-ჯერ აღემატება. ისინი, როგორც წესი, დიდი გალაქტიკების ცენტრში გვხვდება, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობის დათვლა შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, სპეციალისტები ახლომდებარე გალაქტიკებს იკვლევენ, რათა ამ ობიექტების სიმრავლეზე წარმოდგენა შეექმნათ.
პრობლემა ისაა, რომ შავი ხვრელების გარშემო მიზიდულ მატერიაზე დაკვირვება ყოველთვის ვერ ხერხდება. შესაძლოა, მიზეზი ის იყოს, რომ ეს რეგიონი ჯერ იმდენად გააქტიურებული არაა, რომ იკაშკაშოს. ახალი კვლევის თანახმად, ზემასიური შავი ხვრელების დაახლოებით 35% სწორედ ამის გამოა "დაფარული". ადრე ეს მაჩვენებელი მხოლოდ 15%-ს შეადგენდა, თუმცა ახლა მეცნიერები ფიქრობენ, რომ შესაძლოა, 50%-მდეც კი აღწევდეს.
მართალია, ისინი ხილულ შუქს არ ასხივებს, მაგრამ სქელ ღრუბლებში ინფრაწითელი სინათლე მაინც აღწევს. მეცნიერებმა NASA-ს ძველი ინფრაწითელი ასტრონომიული თანამგზავრისა (IRAS) და რენტგენულ ტელესკოპ NuSTAR-ის მონაცემები გამოიყენეს.
ამ ინფორმაციის მეშვეობით მეცნიერებმა ასობით "ფარული" შავი ხვრელი გამოავლინეს. დამატებითი დაკვირვებებით ზოგიერთი მათგანი სინამდვილეში გალაქტიკა აღმოჩნდა, რომელშიც ახალი ვარსკვლავების წარმოქმნის პროცესი მიმდინარეობს. დანარჩენები სწორედ შავი ხვრელები იყო.
ასტროფიზიკოს პიტერ ბურმანის თქმით, IRAS-მა მათ კვლევაში დიდი წვლილი შეიტანა, მიუხედავად იმისა, რომ 40 წლის წინ ფუნქციონირებდა. ეს აღმოჩენები მეცნიერებს დაეხმარება, უკეთ გაიგონ, რამდენად გავრცელებულია ზემასიური შავი ხვრელები და როგორია მათი როლი გალაქტიკების ჩამოყალიბებაში.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Astrophysical Journal გამოქვეყნდა.
კომენტარები