ნახეთ: ასტრონავტმა დედამიწის ორბიტიდან კაშკაშა კომეტა გადაიღო

ფოტო: Don Petit/NASA
დედამიწის ორბიტაზე მოძრავ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში მყოფმა ასტრონავტმა სიკაშკაშით გამორჩეული კომეტა გადაიღო. მას C/2024 G3 ATLAS ეწოდება, რომელიც NASA-სთვის მომუშავე დონ პეტიტმა დააფიქსირა და შთამბეჭდავი სურათი სოციალურ ქსელში 11 იანვარს გამოაქვეყნა.
"ორბიტიდან კომეტის დანახვა სრულიად გასაოცარია. Atlas C2024-G3 გვსტუმრობს", — წერს საერთაშორისო კოსმოსური სადგურის 72-ე ექსპედიციის მონაწილე ასტრონავტი X-ზე.
პეტიტის მიერ აღბეჭდილ კადრში ჩვენი პლანეტის ფონზე კომეტის ელვარება მოჩანს. განსაკუთრებით კი მისი გრძელი კუდი, რომელიც შესამჩნევად კაშკაშებს. ის ობიექტის გარშემო არსებული მტვრისა და აირის ნაწილაკებისგან შედგება, რომლებიც მზესთან მიახლოებისას ყინულის აორთქლებისას გამოიყოფა. ფოტოზე დედამიწის ჰორიზონტზე სინათლესაც ვხედავთ, რომელიც მაშინ ჩნდება, როცა ატმოსფეროს ზედა შრეების ატომებთან და მოლეკულებთან მზის სინათლე ურთიერთქმედებს.
ასტრონომთა გამოთვლების თანახმად, Atlas C2024-G3 საკუთარ ორბიტაზე მოძრაობას თითქმის 160 000 წელს ანდომებს. ისინი ვარაუდობენ, რომ ეს ობიექტი საკმაოდ ხნიერია და წარსულში მზეს სულ მცირე ერთხელ მაინც მიახლოებია.
კომეტამ თავისი სიკაშკაშის პიკს 13 იანვარს მიაღწია, როცა ჩვენს ვარსკვლავთან ყველაზე ახლოს ჩაიარა. NASA/ESA-ს ჰელიოსფერულმა ობსერვატორიამ (SOHO) 11-13 იანვარს მზის გვირგვინზე დაკვირვებისას Atlas C2024-G3-იც დააფიქსირა, რომელიც ამ პერიოდში განსაკუთრებულად ელვარებდა.
ამის მიუხედავად, მსგავსი კომეტების დანახვას მზის სინათლე უშლის ხელს, როცა ისინი ერთმანეთთან ზედმეტად ახლოსაა. მასზე დღისით დაკვირვება საშიშიც კი არის, ვინაიდან თუ ვარსკვლავი ობიექტივში სპეციალური ფილტრის გარეშე მოხვდება, ეს ჩვენს თვალებსა და, პოტენციურად, ტელესკოპსაც ვნებს. შესაძლოა, ამან სიბრმავეც გამოიწვიოს.
საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში მყოფ ასტრონავტებს მსგავსი პრობლემა ნაკლებად აქვთ, რისი დასტურიც სწორედ პეტიტის უკანასკნელი ფოტოა.
კომენტარები