მწერლები, რომლებსაც კატები ძალიან უყვარდათ — და უყვართ
თუ გუგლში სიტყვა კატას დავძებნით და ქართული ვიკიპედიის გვერდს გავხსნით, ამ ოთხფეხა ძუძუმწოვრის აღწერილობაში მსგავს სტრიქონებს გადავაწყდებით: "[კატა] გამოირჩევა მისტიციზმითა და უცნაურობით. მასზე შექმნილი და დაწერილია მრავალი მითი". კატებისთვის დამახასიათებელ ამ განსაკუთრებულ თვისებებს ალბათ ისინიც კი ვერ უარყოფენ, ვინც მათი შეყვარება ჯერ ვერ მოახერხა (თუ, რა თქმა უნდა, ასეთები საერთოდ არსებობენ). ჯერ კიდევ უძველესი ცივილიზაციებიდან მოყოლებული, ადამიანები ყოველთვის მოჯადოებულები იყვნენ ამ არსებებით და ხანდახან - თუნდაც ძველეგვიპტური კულტურის მაგალითი რომ მოვიშველიოთ - პირდაპირი მნიშვნელობით, აღმერთებდნენ კიდეც მათ.
თანამედროვე ეპოქაში კი, როცა ადამიანები განსაკუთრებით ხშირად საუბრობენ ერთმანეთს შორის გაუცხოებასა და მუდმივი მარტოსულობის შეგრძნებაზე, რიგ შემთხვევებში სწორედ კატები აღმოჩნდებიან ხოლმე ის ერთგული მეგობრები, რომლებიც თავიანთ მზრუნველ პატრონებთან ერთად იდეალურად თანაცხოვრობენ. ამ მხრივ გამონაკლისები არც მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსები ან, უბრალოდ, ჩვენი საყვარელი მწერლები არიან: გარდა იმისა, რომ ისინი თავიანთ წიგნებში კატებზე არც ისე იშვიათად წერენ, თურმე ყოველდღიურ ცხოვრებაშიც მათ მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდათ და აქვთ. ჩვენც სწორედ ასეთი მწერლების კატებთან ურთიერთობის ისტორიებს გიამბობთ.
მარკ ტვენი
მართალია, რაც უნდა გასაკვირი იყოს, საბავშვო ლიტერატურის კლასიკოს მწერალზე, მარკ ტვენზე ხშირად ამბობდნენ, რომ ბავშვები დიდად არ უყვარდა, მაგრამ იმავეს ვერ ვიტყვით კატების მიმართ მის დამოკიდებულებაზე: კონექტიკუტის შტატში მდებარე თავის ფერმაში ტვენი თერთმეტ კნუტს ზრდიდა და როცა მისი ერთ-ერთი საყვარელი კატა, ბამბინო დაიკარგა, მპოვნელის დასაჩუქრების თაობაზე განცხადებებიც კი გამოაქვეყნა.
ერნესტ ჰემინგუეი
ცნობილი ამერიკელი მწერალი, ერნესტ ჰემინგუეი, რომელსაც განსაკუთრებით იტაცებდა ნადირობა და თევზაობა, თავდაპირველად კატების დიდი მოყვარული სულაც არ ყოფილა. ყველაფერი 1930-იანებში შეიცვალა, როცა ერთ-ერთი გემის კაპიტანმა მას თანდაყოლილი პოლიდაქტილიის - თათზე მეექვსე ბრჭყალის მქონე კნუტი აჩუქა: მეზღვაურებს სწამდათ, რომ მსგავსი კატები წარმატების მომტანები არიან. ჰემინგუეიმ პატარა კნუტს ფიფქია დაარქვა და მას შემდეგ სიცოცხლის ბოლომდე ორმოცდაათამდე კატის შეფარება მოასწრო.
ხორხე ლუის ბორხესი
არგენტინელი მწერალი, ხორხე ლუის ბორხესი ცხოვრების დიდ ნაწილს მაგიური რეალიზმითა და მითოლოგიური დეტალებით გაჯერებული შთამბეჭდავი წიგნების წერაში ატარებდა, მაგრამ თავისუფალ დროს უმეტესად თავის კატებს უთმობდა: მას არაერთი კატა ჰყავდა, ერთ-ერთს კი ბაირონის პოემის საპატივცემულოდ ბეპო დაარქვა და თავის ამ საყვარელ ფისოს თავადაც მიუძღვნა ლექსი, სახელწოდებით To A Cat.
ხულიო კორტასარი
ლათინოამერიკული ლიტერატურის ნამდვილ მარგალიტს, კიდევ ერთ შესანიშნავ არგენტინელ მწერალ ხულიო კორტასარს კატების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა. მან თავის ერთ-ერთ საყვარელ კატას ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსის, თეოდორ ადორნოს სახელი დაარქვა და მის შესახებ წიგნშიც, Around the Day in Eighty Worlds, დაწერა: "ხანდახან ძალიან მინდოდა ვინმე ჩემნაირს, თავისი ასაკისთვის უცნაური ჭკუის პატრონს შევხვედროდი, მაგრამ ასეთი ვინმეს პოვნა ძალიან რთულია. თუმცა მალევე აღმოვაჩინე კატები, რომლებიც ზუსტად უგებდნენ ჩემს სულში არსებულ მდგომარეობას".
უილიამ ბეროუზი
მეოცე საუკუნის უდაოდ ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა მწერალმა, უილიამ ბეროუზმა ბიტნიკების თაობისა და ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ დაწერილი ცნობილი ნაწარმოებების გვერდით ერთი წიგნი კატებსაც მიუძღვნა. The Cat Inside - ასე ჰქვია წიგნს, რომელშიც კატების მიმართ მისი განსაკუთრებული ურთიერთობის დეტალებია თავმოყრილი. როცა ერთხელ ბეროუზს ასევე საკულტო მწერალმა და მისმა მეგობარმა, ალენ გინზბერგმა ჰკითხა, სურდა თუ არა, რომ ვინმეს ჰყვარებოდა, ბეროუზმა ასე უპასუხა: "გააჩნია ვის ან რას... რა თქმა უნდა, მინდა, რომ ჩემს კატებს ვუყვარდე".
დორის ლესინგი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა, დორის ლესინგმა ბავშვობა აფრიკის სამხრეთში, ზიმბაბვეში გაატარა. ამ პერიოდში ის ფერმასთან ახლოს იზრდებოდა, რამაც თავიდანვე განაპირობა კიდეც ცხოველების მიმართ მომავალი მწერლის თბილი დამოკიდებულება. განსაკუთრებით კი კატები შეიყვარა და სიცოცხლის ბოლომდე მათთან ერთად ცხოვრობდა. ერთ-ერთ ინტერვიუში ლესინგმა თავის საყვარელ კატაზე ისაუბრა კიდეც: "ჩემს კატებს შორის ელ მაგნიფიკო იყო, ვისთანაც კომუნიკაცია საუკეთესოდ გამომდიოდა. ის საოცრად ჭკვიანი კატა იყო და ყოველთვის ცდილობდა, ჩემთვის თავისი სათქმელი მიეხვედრებინა".
ჯეკ კერუაკი
ბიტნიკების თაობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი, ჯეკ კერუაკი, ბოჰემური ცხოვრების მიუხედავად, კატების მზრუნველი პატრონიც იყო. მას გამორჩეულად უყვარდა კატა, სახელად Tyke, რომლის გარდაცვალებაც იმდენად განიცადა, რომ მის შესახებ თავის წიგნშიც - დიდი სური - დაწერა: "მთელი გულით მიყვარდა ჩემი ფისო, რომელსაც ჯერ კიდევ კნუტობიდან ჩემს მკლავებში ეძინა და საათობით კრუტუნებდა".
ურსულა ლე გუინი
ცნობილი ამერიკელი მწერალი, ურსულა ლე გუინი არა მხოლოდ ჟანრული ლიტერატურის გამორჩეული ავტორი, არამედ კატების დიდი მოყვარულიც იყო. ის მთელი სიცოცხლის განმავლობაში არაერთ კატასთან ერთად ცხოვრობდა, მათ შორის უკანასკნელს კი Pardner ერქვა, რომელზეც თავის ავტობიოგრაფიულ წიგნშიც დაწერა: "როდესაც კომპიუტერთან ვმუშაობ, მას ყოველთვის მაგიდაზე ჩემ გვერდით სძინავს. თუ წერის პროცესში მოულოდნელად ავღელდები, ეს მას არ სიამოვნებს და მაშინვე ხელზე, რომელშიც მაუსი მიჭირავს, კრუტუნით ჯდება". მას ერთხელ ისიც ჰკითხეს, თუ რატომ აქვთ მწერლებსა და კატებს განსაკუთრებული ურთიერთობა, რაზეც ასე უპასუხა: "ალბათ იმიტომ, რომ მწერლებს არ უნდათ, ძაღლების გასეირნების გამო წერის პროცესი შეწყვიტონ".
ფრანსუაზ საგანი
ფრანგი მწერლის, ფრანსუაზ საგანის კატების მიმართ დამოკიდებულებაზე მისი ეს ფოტოც ყველაფერს ცხადყოფს: ის ახალ წიგნზე მუშაობის პროცესშიც გვერდიდან არ იშორებდა თავის საყვარელ კატას. იქნებ ეს არის კიდეც მისი საოცრად დახვეწილი და ემოციური რომანების შექმნის საიდუმლო?!
მარგარეტ ეტვუდი
კანადელი მწერალი, მარგარეტ ეტვუდი, რომელმაც თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურას არაერთი შთამბეჭდავი ნაწარმოები შემატა, ერთ-ერთ სტატიაში კატების მიმართ თავის დამოკიდებულებაზე საუბრობს: "ორმოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში კატების მოყვარული ვიყავი: მხოლოდ სტუდენტობისას და ახლა არ მყავს კატები. ისინი მუდამ სიამოვნებასა და კომფორტის განცდას მანიჭებდნენ, რაც წიგნების წერაშიც მეხმარებოდა. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ახლა არც ერთ მათგანთან ერთად არ ვცხოვრობ, ისაა, რომ ასაკის გათვალისწინებით, არ მინდა შემთხვევით ფეხი დავაბიჯო ან მალევე ობლად დავტოვო".
ელის უოკერი
ელის უოკერმა თავის შემოქმედებაში წამოჭრილი მწვავე პრობლემებითა და თხრობის სტილით ამერიკულ ლიტერატურაში ერთგვარი გადატრიალება გამოიწვია. ეს გამორჩეული ავტორი თავის ცხოვრებაში კატებს დიდ ადგილს უთმობს და 2007 წელს ჩაწერილ ინტერვიუში თავის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ფისოზე, ფრიდაზეც ისაუბრა, რომელსაც ფრიდა კალოს საპატივცემულოდ შეურჩია სახელი: "სანამ მას სახლში მოვიყვანდი, ეტყობოდა, რომ მძიმე ცხოვრება გამოიარა: კბილები მეჩხერი - ალაგ-ალაგ ჩამტვრეული და სხვადასხვა ზომისა ჰქონდა. ვიღაცას მისი შეხედვისას შეიძლება ეფიქრა, რომ ის ნაკლული და არასრულყოფილი იყო, მაგრამ მე, რომელიც მთელი ცხოვრება აუტსაიდერი ვიყავი და საზოგადოების მკაცრი ნორმების გამო ხშირად მიუღებლად მივიჩნეოდი, ასე წამითაც არ მიფიქრია. ჩემთვის ეს კატა სრულყოფილი იყო სწორედ თავისი ნაკლის გამო - ამით ის თავისი ცხოვრების განვლილ გზას მიყვებოდა".
სტივენ კინგი
მისტიკის, თრილერისა და საშინელებათა ჟანრის საკულტო მწერალს კატები რომ უყვარს, ალბათ არავის გააოცებს. სტივენ კინგი ბევრისთვის სწორედ მისტიკურობასთან ასოცირებული ამ ცხოველის შესახებ ხშირად წერს. თანაც მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნის, შინაური ცხოველების სასაფლაო, დაწერის შთაგონების წყარო ბავშვობის დროინდელი ტრავმა იყო, რომელიც მაშინ გადაიტანა, როცა მის საყვარელ კატას მანქანა დაეჯახა.
ჰარუკი მურაკამი
თანამედროვე იაპონური ლიტერატურის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი, ჰარუკი მურაკამი თავის ერთ-ერთ ესეში, მოხუცი კატის საიდუმლო, წერს, რომ ერთხელ გამომცემლობამ ახალი წიგნის დასაწერად მოგზაურობა შესთავაზა. მწერალი ამ შემოთავაზებას მხოლოდ მას შემდეგ დასთანხმდა, რაც თავისი კატის წაყვანის უფლებაც მისცეს. მოგზაურობის განმავლობაში მურაკამიმ რომანი მართლაც დაწერა და მთელი პროცესის განმავლობაში საყვარელი ოთხფეხაც გვერდით ჰყავდა. ეს წიგნი ნორვეგიული ტყის სახელწოდებით გამოქვეყნდა და იაპონელ ავტორს პირველი დიდი მსოფლიო აღიარება მოუტანა.
ორჰან ფამუქი
სტამბოლი მთელს მსოფლიოში კატებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მეგობრულ ქალაქად ითვლება: თუ ერთხელ მაინც ხართ იქ ნამყოფი, ამაში თავადაც დარწმუნდებოდით. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ამ ქალაქზე განსაკუთრებულად შეყვარებულ მწერალს, ორჰან ფამუქს, იქაური კატებიც განსაკუთრებულად უყვარს. მეტიც, ხშირად მწერალი წიგნზე მუშაობისას გვერდიდან საყვარელ ფისოსაც არ იშორებს.
ნილ გეიმანი
კორალაინის ავტორს კატები რომ უყვარს, ალბათ, ეს ფაქტი განსაკუთრებული სიახლე არ იქნება თქვენთვის, მაგრამ ის თუ იცოდით, შესანიშნავ რომანებთან ერთად ნილ გეიმანი თავის ბლოგზე კატებზეც რომ წერს? დიახ, ეს გავლენიანი თანამედროვე მწერალი თავის ოთხფეხა მეგობრებზე, რომლებსაც ჰერმიონი, ზოე, ქოქოსი და პრინცესა ჰქვიათ, აქტიურად აქვეყნებს სხვადასხვა შინაარსის ყოველდღიურ ისტორიებს.
დავით გაბუნია
არ იფიქროთ, რომ კატების მოყვარული მწერლები ქართულ ლიტერატურაში არ მოიძებნებიან: მთარგმნელი, დრამატურგი და ლიტერატურული პრემია საბას ლაურეატი თანამედროვე ავტორი, დავით გაბუნია უკვე წლებია, თავის კატასთან ერთად ცხოვრობს. ოთხფეხა მეგობრისადმი მის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ისიც ცხადყოფს, რომ თავისი სადებიუტო რომანი, ბოლო წლების ბესტსელერი წიგნი, დაშლა, სწორედ საყვარელ ფისოს მიუძღვნა. წიგნის დასაწყისში ვკითხულობთ: "ბლანშს, ჩემს კატას, რომელიც მიყურებს."
დათო გორგილაძე
კიდევ ერთმა გამორჩეულმა თანამედროვე ქართველმა ავტორმა, დათო გორგილაძემ კი თავისი ძვირფასი კატების შესახებ თავადვე გვიამბო: "სამი კატა მყავს. სამივეს სხვადასხვა ხასიათი აქვს - იდეალური პერსონაჟები არიან მოთხრობისთვის, მაგრამ მათზე არ ვწერ, ოსტატობა არ მყოფნის. ბაზ ლაითერი - ჩემს კატებს შორის ყველაზე ფრთხილი არსება, რომლის ნდობისა და სიყვარულის მოსაპოვებლად ყველაზე მეტი დრო დამჭირდა - ჩემს საწერ მაგიდაზე ცხოვრობს. სტივენი წერის დროს სულ გვერდით მიზის და რადგანაც მე არარეალური მოვლენების მწამს, გულის სიღრმეში იმისაც მჯერა, რომ ნაწერს კითხულობს. ნაზის, მესამე კატას... ნაზის ლიტერატურა არ აინტერესებს".
კომენტარები