ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციები წელს პირველად აღნიშნავენ სახელფასო სხვაობასთან ბრძოლის დღეს. საქსტატის ინფორმაციაზე დაყრდნობით ისინი აცხადებენ, რომ საქართველოში ქალისა და კაცის საშუალო ხელფასებს შორის სხვაობა 36%-ია, რაც ნიშნავს რომ კაცის მიერ გამომუშავებული ყოველ ერთი ლარზე, იგივე ძალისხმევის გაწევის მიუხედავად, ქალი მხოლოდ 64 თეთრს გამოიმუშავებს. მათი თქმით36% სახელფასო სხვაობა ასევე ნიშნავს, რომ დღეიდან — 23 აგვისტოდან მოყოლებული საქართველოში ქალები წლის ბოლომდე უფასოდ მუშაობენ, მაშინ როცა კაცები ჩვეულებრივ იღებენ ანაზღაურებას.

არასამთავრობოების განცხადებით, კვლევებით დასტურდება, რომ მაღალი სახელფასო სხვაობა პირდაპირ ზრდის ეკონომიკურად არააქტიური ქალების რაოდენობას. ასევე, სახელფასო სხვაობის მაღალი მაჩვენებელი ცუდად აისახება ბავშვთა სიღარიბეზე, რადგან რაც უფრო ღარიბია დედა, მით უფრო გაჭირვებაში უწევს ცხოვრება ბავშვს. გარდა ამისა, სახელფასო სხვაობა ქალებს ეკონომიკურად დამოკიდებულს ხდის ოჯახზე, რაც თავის მხრივ ზრდის ქალზე ძალადობის რისკს.

არასამთავრობოები გამოყოფენ სახელფასო სხვაობის გამომწვევ რამდენიმე მიზეზს:

  • სახელფასო დისკრიმინაციას სამუშაო ადგილზე გენდერის ნიშნით;
  • აუნაზღაურებელ საშინაო შრომის ტვირთს;
  • შუშის ჭერს, ანუ უხილავი ბარიერებს დაწინაურებაში;
  • სამსახურების დაყოფას ქალურ და კაცურ სამუშაოებად და სექტორებად.

მათი განცხადებით, ქვეყანაში არსებული სიღარიბის ფონზე გაუმართლებელია ეკონომიკურად არააქტიური ქალების მაღალი დონე (საქსტატის მონაცემებით ქალების 42% ეკონომიკურად არააქტიურია). მათივე თქმით, მთავრობამ უნდა უზრუნველყოს არადისკრიმინაციული სახელფასო და სამუშო პირობები, რაც გამოიწვევს ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას და ქვეყნის ეკონომიკის ზრდას.

არასამთავრობოები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას შემდეგი ნაბიჯები:

  • შრომის კოდექსით აიკრძალოს სახელფასო დისკრიმინაცია;
  • შეიქმნას სახელფასო სხვაობასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმა, რომელიც განსაზღვრავს სახელფასო სხვაობის გამომწვევ ფაქტორებთან ბრძოლის მექანიზმებს;
  • სახელმწიფომ მოიზიდოს და განახორციელოს ინვესტიციები სოციალური ინფრასტრუქტურის გასავითარებლად, რაც ქალების საშინაო ტვირთის გადანაწილებას შეუწყობს ხელს და შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს;
  • შეიქმნას დიასახლისებზე და ეკონომიკურად არააქტიურ ქალებზე მორგებული პროფესიული გადამზადების პროგრამები;
  • ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ აიღოს პასუხისმგებლობა, შეიმუშაოს და გაგვაცნოს ქალების ეკონომიკური გაძლიერების სტრატეგია.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • ქალთა მოძრაობა;
  • საფარი;
  • ქალთა მზერა;
  • ქალთა ფონდი საქართველოში.