პარლამენტის წინ მიმდინარე ჰომოფობიური აქციის მონაწილეების ნაწილი ჟურნალისტების მიმართ აგრესიულია და პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელს უშლის. მათ შორისაა On.ge-ს ჟურნალისტი, თამუნა გეგიძე.

ის ადგილიდან იუწყება, რომ ჭყლეტის დროს რამდენიმე პირმა მას შემდეგ ჰკრა ხელი, რაც უთხრა, რომ მომხდარს აშუქებდა.

"ხელს მიშლიდნენ. მეუბნებოდნენ "გაეთრიე საერთოდ", მეძახდნენ პროპაგანდისტს და სიტუაციის დამძაბველ პროვოკატორსაც. მათივე მხარდამჭერებმა სცადეს დაეშოშმინებინათ, სასულიერო პირებიც მოუწოდებდნენ გასულიყვნენ, თუმცა აგრძელებდნენ ყვირილს ჩემი მისამართით", — ამბობს თამუნა გეგიძე. მისივე თქმით, ხელი ჰკრეს და ტელეფონი დააგდებინეს.

ჟურნალისტმა პოლიციას მიმართა, რომელმაც ადგილიდან გაცლა ურჩია "მისივე უსაფრთხოებისთვის".

თამუნა გეგიძის თქმით, აგრესიულ პირებს ქართული მარშის წარწერიანი მაისური ეცვათ. ამასთან დაკავშირებით ქართული მარშის ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, რომ მომხდარს შეისწავლის და მათ რიგებს დაატოვებინებს იმ ადამიანებს, ვინც ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა.

ვიდეო ასახავს On.ge-ს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებს.