დესტაბილიზაცია, პროვოკაცია, გადატრიალების მცდელობა — ხელისუფლება რ2-ში პუტინის მიმართ გინებაზე
რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს აგინა. არავინ დავობს, რომ წამყვანის სიტყვები არაეთიკური და შეურაცხმყოფელი იყო. თავად რუსთავი 2-მაც მონოლოგი დაუშვებლად მიიჩნია და გაემიჯნა.
ამ ფონზე ხელისუფლებამ რუსთავი 2-ის ეთერში მოსმენილი სიტყვები ქვეყნის წინააღმდეგ ომად, პროვოკაციად და დეესკალაციად შეაფასა. როგორც წესი, მათი გზავნილების შინაარსი იდენტურია, მხოლოდ სიტყვებია განსხვავებული. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უფრო შორსაც წავიდა და საერთაშორისო პარტნიორებს კერძო ტელევიზიის საავტორო გადაცემაში პუტინისა და მისი გარდაცვლილი მშობლების გინების სასწრაფო შეფასება მოსთხოვა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შეფასებით, გაბუნიას განცხადება არაეთიკურია და აღვივებს არა რუსეთთან დაძაბულობას, არამედ ხელისუფლების მისწრაფებებს შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება. ოპოზიცია იზიარებს ეთიკის ქარტიის შეფასებას, არ ეთანხმება გიორგი გაბუნიას გამოხატვის ფორმას, თუმცა ხელისუფლების პოზიციას "სამარცხვინოსა" და "კატასტროფულს" უწოდებს.
რუსთავი 2-ის განცხადებით, გაბუნიას მიმართვას არხის თვითრეგულირების ორგანო განიხილავს, მთავრობის წარმომადგენლების მსგავსი შეფასებები კი სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევად მიაჩნიათ.
ხელისუფლება გიორგი გაბუნიას გინებაზე
რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის რუსულად გინებას სოციალურ ქსელში ერთმანეთის მიყოლებით, გასაკვირი ოპერატიულობით გამოეხმაურნენ ხელისუფლების წარმომადგენლები. მათ შორის ერთ-ერთი პირველი საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე იყო. მან განცხადება ტვიტერზე, ინგლისურ ენაზე გაავრცელა.
მამუკა ბახტაძე, პრემიერ-მინისტრი
"რაც დღეს ვიხილეთ რუსთავი 2-ის ეთერში, მეტი არაფერია, თუ არა პროვოკაციის ამაზრზენი გამოხატულება და ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობა. ეს სრულიად მიუღებელია!".
არჩილ თალაკვაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
"რაც დღეს რუსთავი 2-ის ეთერში მოვისმინეთ, არის პირდაპირი პროვოკაცია საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ. კითხვები აღარ არსებობს, რომ ეს პოლიტიკური ჯგუფი საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს".
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
"პრეზიდენტი გმობს ერთ-ერთი ტელეკომპანიის წამყვანის მიერ მეზობელი ქვეყნის მეთაურის პროვოკაციული და შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოხსენიებას. პატრიოტიზმი სხვა რამ არის და ქვეყნის ინტერესების დაცვა აგრესიით, დესტაბილიზაციით და არეულობით არ ხდება. ჩვენი გზა მშვიდობიანი გზა არის, ჩვენი პერსპექტივა ევროპა, ჩვენი ძალა კი სტაბილურობა. ქვეყნის დაშლა ორ ბანაკად, გარე დაპირისპირების წაქეზება და რეგიონში დაძაბულობის გაღვივება ჩვენი მხრიდან დაუშვებელია! ეს ან ახალი ომის პროვოცირებას ემსახურება, ან რევანშია დაუსრულებელ გადატრიალებაზე? ყოველ შემთხვევაში, ეს არის ქმედება ქვეყნის წინააღმდეგ! საქართველოსთვის რაც უკადრებელია, ის იკადრა! სახელმწიფოს ინტერესების დაზიანება ამას ჰქვია!".
საგარეო საქმეთა სამინისტრო
"მკაცრად ვგმობთ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მხრიდან გამოყენებულ გამონათქვამებს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სიტყვის თავისუფლებასთან და წარმოადგენს წმინდა წყლის პროვოკაციას, რომელიც მიმართულია საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებული ისედაც რთული ვითარების კიდევ უფრო დაძაბვისაკენ.
მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას და პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, სათანადო შეფასება მისცეს ტელეკომპანიის და კონკრეტულად ამ ჟურნალისტის საქციელს, რომელმაც უხეშად უგულებელჰყო საერთაშორისო პროფესიული ნორმები და სტანდარტები.
ცხადია, რომ ადგილი აქვს მიზანმიმართულ ქმედებას ქვეყანაში დესტაბილიზაციის განცდის დამკვიდრების მიზნით , იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ცდილობს დაძაბულობის დეესკალაციას".
კახა კალაძე, თბილისის მერი
"ჩვენი ქვეყანა ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, დაუშვებელია პატრიოტიზმით შენიღბული ამ მასშტაბის პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დავტოვოთ. ამას მარტივი სახელი ჰქვია – საკუთარი ქვეყნის მტრობა. ერთხელ უკვე ვნახეთ იგივე პოლიტიკური ძალის მიერ ასეთი მტრობით უმძიმეს მდგომარეობამდე მიყვანილი ქვეყანა. მეორედ ამის დაშვება არ შეიძლება. არც დავუშვებთ!".
ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში თბილისის მერმა ახალი, უფრო ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა. ამჯერად, ხელისუფლების მხრიდან მედიაზე ზეწოლის მცდელობის შესახებ გაკეთებული განცხადებები შეაფასა.
"ძალიან უსუსურად გამოიყურება ნაციონალური მოძრაობის უსუსური მცდელობა, საზოგადოების სრულიად ჯანსაღი რეაქცია მათ პროვოკაციაზე, ხელისუფლების მხრიდან მედიაზე ზეწოლად შეფუთოს.
ეს არის სრული უტიფრობა და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ პროვოკაციის რეალურ მიზნებს.
ჩვენი ხელისუფლება განუხრელად იცავს საქართველოს კონსტიტუციას და შესაბამისად, ნებისმიერი მოქალაქის, ჟურნალისტის, თუ მედიის გამოხატვის თავისუფლებას, თუ ის კანონის ჩარჩოებს არ სცდება.
ამიტომ, ტყუილად ირჯებით ბატონებო, რამდენიც არ უნდა ეცადოთ,არავინ აპირებს კანონის დარღვევას, ვინმესთან მედიაში დაუკითხავად შეჭრას და იმ მეთოდებით მოქმედებას, რომელშიც კარგად იყავით გაწაფულები ხელისუფლებაში ყოფნისას".
თამარ ჩუგოშვილი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი
"ამაზრზენი და პროვოკაციული ქმედება დღეს რუსთავი 2-ზე, პოსტსკრიპტუმში. დესტრუქციული და რადიკალური ძალების მხრიდან ქვეყნის დესტაბილიზაციის კიდევ ერთი მცდელობა".
ირაკლი ღარიბაშვილი, ქართული ოცნების პოლიტიკური მდივანი
ყოველგვარი "პოლიტკორექტულობის" გარეშე მინდა, ღიად დავაფიქსირო ჩემი პირადი მოსაზრება: არ არსებობს დღეს ქვეყანაში იმაზე უფრო ბინძური და ანტისახელმწიფოებრივი ძალა, ვიდრე ნაციონალური მოძრაობა და მათი ტელეარხი რუსთავი 2.
ეს არის დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომელიც ყოველდღე გეგმავს და ახორციელებს საშიშ პროვოკაციებს სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ.
დღეს რაც მოვისმინეთ რ2-ის ეთერში არის ჩვენი ქვეყნისა და თანამოქალაქეების წინააღმდეგ დაგეგმილი მორიგი მზაკვრული შეთქმულების ნაწილი, ისევე როგორც ხვალ დაანონსებული ე.წ. ლგბტ წარმომადგენლების "პროვოკაციული მარში", რომელიც რეალურად იმართება ნაციონალური მოძრაობის ორგანიზებით.
მაია ცქიტიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
"ის, რაც დღეს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში ვიხილეთ, დარწმუნებული ვარ, მიუღებელია ყველასთვის. ეს არის სხვა არაფერი, თუ არა პროვოკაცია, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის ისედაც რთული ვითარების კიდევ უფრო გამწვავებას ემსახურება".
გია ვოლსკი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი
"ის, რაც გუშინ რუსთავი 2-ის ეთერში ვიხილეთ, არ არის არც ჟურნალისტური და არც კერძო ტელეკომპანიის სარედაქციო ექსესი — ეს არის მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის მიერ საქართველოს ეროვნული ინტერესების და ქართველი ხალხის წინააღმდეგ წარმოებული მრავალწლიანი ომის ნაწილი, საინფორმაციო ფრონტი მათ მიერვე მიტაცებულ ტელევიზია — რუსთავი 2-ზე გადის და სრულად ჯდება ზიზღის, სიცრუისა და ძალადობის პარტიული მანქანის სარედაქციო პოლიტიკაში. ამის ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულება, ტელეკომპანიის დირექტორისა და იმავდროულად ნაციონალური მმართველობის პერიოდის პროკურორის, ნიკა გვარამიას საეთერო პრაქტიკაა.
მათ საზოგადოება უკვე შეაჩვიეს პირდაპირი ეთერიდან დედის გინებას, მათ შორის ჩვენი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მისამართით, მაგრამ პირდაპირ ეთერში წინაპრების საფლავების შეურაცხყოფა არის ვერბალური ვანდალიზმის აქტი და სცდება როგორც ქართულ და კავკასიურ, ასევე ზოგად ცივილიზაციურ ჩარჩოებს.
უბინძურესი პოლიტიკური პროვოკაცია, რაც რუსთავი 2-ის ეთერში იხილა ქართულმა საზოგადოებამ, წარმოადგენს ქართველი სამართალდამცავების მიერ აღკვეთილი სახელმწიფო გადატრიალების ხელახალ მცდელობას. ნაციონალური მოძრაობა მიზნად ისახავს დესტაბილიზაციას, სახელმწიფოთა შორის კონფლიქტის ახალი ტალღის გამოწვევას, საქართველოს მოქალაქეებისთვის ეკონომიკური პრობლემების შექმნას, სანქციების პროვოცირებას. ეს განცხადება პირდაპირი და გარდაუვალი რისკის ქვეშ აყენებს რუსეთში მცხოვრებ მილიონამდე ჩვენს თანამემამულეს.
ის, რაც გუშინ რ2-ის ეთერში მოხდა, არ არის მხოლოდ ერთი მტრული და მოღალატეობრივი პოლიტიკური ძალის ლუსტრაცია, ეს არის მთელი ჩვენი საზოგადოების პრობლემა, რადგან დაშვებული იქნა, რომ ჩვენს თვალწინ ამ დესტრუქციულ ძალას და მის პოლიტიკურ, თუ საზოგადოებრივ სატელიტებს მოეხდინათ ეროვნულობის, პატრიოტიზმის მონოპოლიზაცია და საყოველთაო ისტერიის ფონზე, ამ საფარქვეშ შეერყიათ ჩვენი სახელმწიფოს საფუძვლები.
სახეზეა მცდელობა, რომ ამ პროვოკაციაზე ხელისუფლების და საზოგადოების ჯანსაღი რეაქცია სიტყვის თავისუფლებაზე შეტევად გაასაღონ. კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება სრულად არის დაცული და სწორედ ხელისუფლებაა ამ თავისუფლების გარანტი - ჩვენ ქვეყანასაც დავიცათ, ხალხსაც და სახელმწიფოს მშვიდობიანი და დემოკრატიული განვთარების პერსპექტივასაც".
ირაკლი კობახიძე, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე
"იმაში, რაც დღეს "ნაცმოძრაობამ" და მისმა ტელევიზიამ გააკეთეს, სინამდვილეში, ახალი არაფერია. ეს იყო უბრალოდ კულმინაცია, კულმინაცია იმ ყველაფრის, რასაც ავანტურისტების ეს "შპანა" მთელი ამ წლების განმავლობაში აკეთებდა. ამ ყველაფერს ორი სახელი შეიძლება დავარქვათ:
- ქაჯობა;
- საკუთარი ქვეყნის მტრობა.
სამწუხაროა, რომ ამ ყველაფრისთვის პასუხის გაცემა მთელი ეს წლები რაღაცნაირად გვეთაკილებოდა. თუ უფრო თამამად დავუპირისპირდებით ქაჯობას და მტრობას, ჩვენი ქვეყანა უფრო სწრაფად წავა წინ – სიმშვიდისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროპისკენ და ნატოსკენ!".
აკაკი ზოიძე, ქართული ოცნების დეპუტატი
რუსთავი 2-ის, ანუ ნაცმოძრაობის მიერ დაგეგმილი პროვოკაცია, უფრო საშიში და შორსმიმავალია, ვიდრე ზოგიერთ "პოლიტიკოსს" თუ "ანალიტიკოსს" ჰგონია, რომელიც ახლა "გვამშვიდებს", რომ ერთი ჟურნალისტის გინების გამო არ დაგვბომბავენ და ომს არ დაიწყებენ. სახელდობრ, წინასწარ დაგეგმილი და პარტიულ ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული ეს "გინება აქცია" (ვისაც ჯერა, რომ ეს აქცია არ იყო შეთანხმებული რუსთავი 2-ის, ანუ ნაცმოძრაობის ფიურერებთან, ჯობია აქვე შეწყვიტოს კითხვა) ემსახურებოდა და ემსახურება რამდენიმე მიზანს:
- დღეიდან ნებისმიერი ქმედება, მიმართული ნაციონალური მოძრაობის და მისი პარტიული ტელევიზიის მიმართ, — სტრასბურგის სასმართლოს გადაწყვეტილების და მისი აღსრულების ჩათვლით, — გადაიქცეს პუტინის დავალების შესრულებად. არ არის გამორიცხული, რომ გააფთრებული პუტინის დავალების შემსრულებლად გამოიყვანონ არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება, არამედ სტრასბურგის სასამართლოც, რომლის გადაწყვეტილებაც, როგორც ჩანს უკვე იციან;
- სახელმწიფოს მეთაურის გარდაცვლილი დედის საფლავის შეგინება საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ყურებად არხზე (სამწუხაროდ) ნებისმიერი რუსეთის მოქალაქისათვის, თუნდაც პუტინის შეურიგებელი ოპონენტისათვის, არის წონადი ემოციური არგუმენტი, თუ რატომ უნდა "დაისაჯონ" "უმადური" ქართველები უფრო მკაცრი ეკონომიკური სანქციებით და რუსი ტურისტების მხრიდან სრული ბოიკოტით.
მიუხედავად ფრენების აკრძალვისა, ნაცმოძრაობის ამ მორიგ პროვოკაციამდე, ბოიკოტის მხარდამჭერი არ იყო და პუტინის მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავდა ძალიან ბევრი რიგითი რუსი მოქალაქე, რომელიც მართლაც შეყვარებულია ჩვენს ქვეყანაზე და წარმოადგენდნენ ჩვენს ყველაზე ქმედით ელჩებს ამ ქვეყენაში და იმედის საფუძველს, რომ კრიტიკული მასის მიღწევის შემთხვევაში ადრე თუ გვიან შეიცვლებოდა ოკუპაციაზე მიმართული პოლიტიკა.
მათი უმრავლესობა, მიუხედავად პუტინის მიმართ სიმპათია-ანტიპათიისა, უკვე ან უარყოფითად განეწყო ჩვენი ქვეყნის მიმართ, ან ძალიან გაუჭირდება საქართველოს მხარდაჭერის გახმოვანება. ეს კი, თავის მხრივ, დიდი ხნით გააღრმავებს პოლიტიკურ კონფრონტაციას, გაურკვეველი ვადით გადაწევს ოკუპირებული რეგიონების პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის პერსპექტივის გამოჩენასაც კი და გაცილებით უფრო მძიმე დარტყმას მიაყენებს საქართველოს ეკონომიკას და ძალიან ბევრი მოქალაქის ეკონომიკურ მდგომარეობას, რაც, თავის მხრივ, აუცილებლად გამოწვევს ხელისუფლებით უკმაყოფილების მკვეთრ გაღრმავებას, და "ომის პარტიის" გაძლიერებას, რაც არის კიდეც ამ დესტრუქციული ძალის ძირითადი მიზანი. - თითქმის 100%-იანი გარანტიით ეს პროვოკაცია გამოიწვევს რუსეთში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველების მიმართ აგრესიას, არამხოლოდ რუსი ნაციონალისტებისა და სეპარატისტების მხრიდან და პუტინის რეჟიმს მისცემს "ლეგიტიმურ" საფუძველს რომ მიიღონ 2006 წლის მსგავსი დრაკონული ზომები, რაც ნაცმოძრაობისათვის იდეალურ შემთხვევაში, უნდა დამთავრდეს რუსეთიდან ქართველების ფართომასშტაბიანი დეპორტაციით, რომელიც ასევე მკვეთრად გაზრდის ამ ხელისუფლებით უკმაყოფილო ხალხის მასას;
- ამ პროვოკაციების (მათ შორის გავრილოვის ირგვლივ განვითარებული მოვლენების) დამგეგმავ ნაცებს ამოძრავებთ იმედი, რომ ხელისუფლება წამოეგება პროვოკაციას (გუშინ მაუწყებლობის შეწყვეტა და მათი დღევანდელი შემტევი განცხადებები ხელისუფლების მისამართით ამ სცენარში ჯდება) და მართლაც გულწრფელად აღშფოთებული ადამიანების მოთხოვნით განახორციელებს ისეთ ღონისძიებებს გაბუნია/გვარამიას მიმართ, რომელიც მათ ეკლის გვირგვინებს დაადგამს და სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის წამებულის მანტიებში გაახვევს (რაც არ გამოუვიდათ მელიას შემთხვევაში). ეს, მათი აზრით, გარანტირებულად უზრუნველყოფს საზოგადოების თანაგრძნობას (პარადოქსი - ჩვენთან რაც არ უნდა ავაზაკი იყო, თუ თავს მოისაწყლებ და ჩაგრულად გასაღდები, საზოგადოების სიმპათია მაშინვე შენკენ ტრიალდება) და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას, რომელთაც სიმართლე გითხრათ უკვე მობეზრდათ ნაცმოძრაობის დესტრუქციული ქცევა;
არ მიყვარს "შეთქმულების თეორიები", მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების და ამ მიზანმიმართული პროვოკაციების შემდეგ, მე მგონი აღარ უნდა დარჩეს ვინმე (ნაცსექტანტების გარდა), ვინც დაიჯერებს, რომ ნაცმოძრაობა მხოლოდ "სასარგებლო იდიოტის" როლს თამაშობდა პუტინის რეჟიმისათვის მთელი ამ წლების განმავლობაში, როდესაც ეწეოდა რუსეთთან მტრობის შეგნებულ ესკალაციას, "ფსევდოპატრიოტიზმის" გაღვივების და მასზე პარაზიტირების მიზნით.
სწორედ, ამიტომ მჯერა, რომ მთლიანად საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ნაცმოძრაობა, როგორც ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მტრობის გაღვივების მუდმივი წყარო, პოლიტიკურად დავამთავროთ არჩევნების გზით და პასუხი ვაგებინოთ ყველა ამ ქვეყნის წინაშე დამნაშავეს, რომელთაც ეს მოძრაობა ასეთი შესაშური სისტემატურობით აწარმოებს".
რატი იონათამაშვილი, ქართული ოცნების დეპუტატი
"არა ოკუპაციას არ ნიშნავს, დავთანხმდეთ უღირსობას და ყოველგვარ უზნეობას. რუსთავი 2-ში რაც ხდება ყველაფრის ფსკერია უკვე. ერთია, რომ მკვდარი ადამიანების გინება და წყევლა არაფერში წერია და მეორე — ეს პროვოკაცია მცდელობაა საკუთარი ქვეყანა პოლიგონად აქციონ აქ და საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები კი სამიზნეებად იქ. რუსეთში მცხოვრები ერთი ქართველის სიცოცხლესაც, რომ საფრთხე დაემუქროს, თქვენს სინდისზე იქნება ისიც!".
ნუკრი ქანთარია, ქართული ოცნების დეპუტატი
"ის, რაც რუსთავი 2-ის ეთერში ვიხილეთ, ეს არის პროვოკაცია, შემაშფოთებელი გზავნილი და მანიაკალური წყურვილი ქვეყნის არევის, დესტაბილიზაციის. ეს არის ნიადაგის შექმნა ქვეყნის საწინააღმდეგო პროვოკაციული ქმედებებისთვის და უსაფრთხოების საფრთხის ქვეშ დაყენება.
გაბუნიას ქმედება ცდება ჟურნალისტიკის და ტელეწამყვანის ჩარჩოებს. ტელეკომპანიის ქმედება და კონკრეტული ჟურნალისტის შეფასებები საერთაშორისო დანაშაულის ჭრილში იკვებება და ვფიქრობ, აუცილებლად უნდა აგოს პასუხი ქვეყნის მშვიდობისთვის საფრთხის შექმნისთვის. ეს კონკრეტული ტელევიზია უკვე დიდი ხანია გამოირჩევა არასახელმწიფოებრივი მიდგომებით და ახლა კი უკვე ყველა ზღვარს გაცდა.
რეალურად, სახეზე გვაქვს ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი პოლიტიკა დამოუკიდებელი ტელევიზიის საფარქვეშ. ალბათ, რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობა და პოლიტიკური პატრონები აცნობიერებენ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მათთვის სასურველ გადაწყვეტილებას არ გამოიტანს და ამიტომ ასეთ მძიმე პროვოკაციასაც არ ერიდებიან.
იმედი მაქვს, პროვოკაცია, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის და მიზანმიმართულად მძიმე შედეგებზეა გათვლილი, სათანადოდ იქნება შესწავლილი და გამოძიებული!".
გენადი მარგველაშვილი, ქართული ოცნების დეპუტატი
"ის, რაც გუშინ მოვისმინეთ რუსთავი 2-ის ეთერში, იყო კარგად გათვლილი და დაგეგმილი პროვოკაცია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში არეულობის შექმნას და რუსეთ-საქართველოს შორის პოლიტიკური თუ ეკონომიკური ურთიერთობის დაძაბვას.
პასუხისმგებლობას მხოლოდ გიორგი გაბუნიას ვერ დავაკისრებთ, მიუხედავად იმისა, რომ ის საავატორო გადაცემის წამყვანია, მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ნაციონალურ მოძრაობას და მათ მიერ მიტაცებულ ტელევიზიას, რომლებიც წლებია ემსახურებიან ქვეყნის შიგნით დესტაბილიზაციის შექმნას და ქვეყნის გარეთ ურთიერთობის დაძაბვას. ეს მათი უბინძურესი პოლიტიკაა, რომელიც ორ სახელმწიფოს შორის კონფლიქტის განახლებას ემსახურება.
ჟურნალისტის გუშინდელი გადაცემა, უპასუხისმგებლო ნაციონალური მოძრაობის ქცევის შედეგია. ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის. ნაციონალურმა მოძრაობამ თავისი მმართველობის პერიოდში მიგვიყვანა იმ მძიმე შედეგამდე, რასაც 2008 წლის ომი ჰქვია, ჩვენი მიზანი კი ყოველგვარი კონფლიქტის თავიდან აცილებაა. ახლაც დიდი საფრთხის წინაშე დგას ქართული სახელმწიფო, მითუმეტეს, რომ უკვე მივიღეთ რუსეთის სახელმწიფოსგან რეაქცია, რამაც, პირველ რიგში, ქართულ ეკონომიკას მიაყენა ზიანი.
ეს იყო საქართველოს და ქართველი ხალხის წინაშე წარმოებული „ჭკვიანურად დაგეგმილი“ პროვოკაცია, რომლის უკან არა, მხოლოდ ერთი გადაცემის წამყვანი, არამედ ნაციონალური მოძრაობა“ დგას. მათ მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი, პირდაპირ აზიანებს სახელმწიფო ინტერესებს მსოფლიო ასპარეზზე.
და ბოლოს, ყველაზე მთავარი კითხვა, რაც გაჩნდა ამ მოვლენების შემდეგ:
- რატომ გააკეთა მსგავსი განცხადება ტელეკომპანია რუსთავი 2-მა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე დღით ადრე (ცნობილია, რომ 18 ივლისს რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოქვეყნდება)?
- რას ემსახურება რუსთავი 2-ის ეთერში გასული პროვოკაციული გადაცემა, იმ ფონზე, როცა რუსეთ-საქართველოს შორის ეკონომიკური უეთიერთობა დაიძაბა? განვითარებულმა მოვლენებმა კი საფუძველი მისცა რუსულ სახელმწიფოს შეეწყვიტა საქართველოსთან ავიამიმოსვლა. ასევე შესაძლოა შეწყდეს ქართული ღვინისა და წყლის შეტანა და აიკრძალოს ფულადი გზავნილები".
მასალა განახლებადია
-
გადახედვაგორის სასამართლომ 15 უბანზე ბათილი ბიულეტენების გადათვლის შესახებ ISFED-ის სარჩელი დააკმაყოფილა გორის სასამართლომ 15 უბანზე ბათილი ბიულეტენების გადათვლის შესახებ ISFED-ის სარჩელი დააკმაყოფილა
-
გადახედვათეთრიწყაროს სასამართლომ დააკმაყოფილა საია-ს სარჩელი ხმის ფარულობაზე თეთრიწყაროს სასამართლომ დააკმაყოფილა საია-ს სარჩელი ხმის ფარულობაზე
-
გადახედვამამუკა ხაზარაძის განცხადებით, ბარათაშვილის ხიდზე "გამაფრთხილებელი პიკეტირება მოეწყობა" მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ბარათაშვილის ხიდზე "გამაფრთხილებელი პიკეტირება მოეწყობა"
-
გადახედვაოპოზიციურმა პარტიებმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს სამოქმედო გეგმა გააცნეს ოპოზიციურმა პარტიებმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს სამოქმედო გეგმა გააცნეს
-
გადახედვაზურა ჯაფარიძე: მოგვიწევს ქუჩაში ბრძოლა და ამისთვის იყავით მზად ზურა ჯაფარიძე: მოგვიწევს ქუჩაში ბრძოლა და ამისთვის იყავით მზად
-
გადახედვამე აქ ვარ იმისათვის, რომ მხარი დავუჭირო დემოკრატიისათვის ბრძოლას და ქართველების თავისუფლებას — გრეტა ტუნბერგი აქციაზე მივიდა მე აქ ვარ იმისათვის, რომ მხარი დავუჭირო დემოკრატიისათვის ბრძოლას და ქართველების თავისუფლებას — გრეტა ტუნბერგი აქციაზე მივიდა
-
გადახედვანიკა მელია: ხვალ 14 საათზე სპორტის სასახლესთან შევიკრიბებით ნიკა მელია: ხვალ 14 საათზე სპორტის სასახლესთან შევიკრიბებით
-
გადახედვაგიორგი მარგველაშვილი: პროტესტი მოიტანს შედეგს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ის იქნება ხანგრძლივი, დამქანცველი, თავისი "პიკებით" და ჩავარდნებით გიორგი მარგველაშვილი: პროტესტი მოიტანს შედეგს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ის იქნება ხანგრძლივი, დამქანცველი, თავისი "პიკებით" და ჩავარდნებით
-
გადახედვაურსულა ფონ დერ ლაიენი: არჩევნების შემდგომი სიტუაცია კვლავ შემაშფოთებელია ურსულა ფონ დერ ლაიენი: არჩევნების შემდგომი სიტუაცია კვლავ შემაშფოთებელია
-
გადახედვარუსთაველის გამზირი გადაიკეტა რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
-
გადახედვაWednesday-ს მეორე სეზონი 23 ნოემბერს გამოდის Wednesday-ს მეორე სეზონი 23 ნოემბერს გამოდის
-
გადახედვაროცა მჩაგვრელი რეჟიმის წინაშე შიშვლდები — აჰუ დერიაის ისტორია როცა მჩაგვრელი რეჟიმის წინაშე შიშვლდები — აჰუ დერიაის ისტორია
-
გადახედვანონა ქურდოვანიძე: საიას შუამდგომლობა ერთადერთმა სასამართლომ დააკმაყოფილა ნონა ქურდოვანიძე: საიას შუამდგომლობა ერთადერთმა სასამართლომ დააკმაყოფილა
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: წინააღმდეგობა გაგრძელდება დღესაც და მომავალ დღეებშიც - ჩვენი მომავალი ვერ იქნება დამპყრობელთან მამუკა ხაზარაძე: წინააღმდეგობა გაგრძელდება დღესაც და მომავალ დღეებშიც - ჩვენი მომავალი ვერ იქნება დამპყრობელთან
-
გადახედვაეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენს ესაუბრა სალომე ზურაბიშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენს ესაუბრა
-
გადახედვაბათუმში ლიფტის ჩავარდნის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა ბათუმში ლიფტის ჩავარდნის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა
-
გადახედვაკალაძე პრეზიდენტზე: კეთილი ინებოს, აწიოს ერთი ადგილი, მივიდეს და პასუხი გასცეს შეკითხვებს კალაძე პრეზიდენტზე: კეთილი ინებოს, აწიოს ერთი ადგილი, მივიდეს და პასუხი გასცეს შეკითხვებს
-
გადახედვასაპროტესტო აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან საპროტესტო აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან
-
გადახედვარუსეთის საგარეო უწყების საერთო ევროპული თანამშრომლობის დეპარტამენტს "ევროპულ პრობლემათა დეპარტამენტი" დაერქვა რუსეთის საგარეო უწყების საერთო ევროპული თანამშრომლობის დეპარტამენტს "ევროპულ პრობლემათა დეპარტამენტი" დაერქვა
-
გადახედვავიდეო: რიანა Savage x Fenty-ს კამპანიაში შვილებთან ერთად გადაიღეს ვიდეო: რიანა Savage x Fenty-ს კამპანიაში შვილებთან ერთად გადაიღეს
კომენტარები