ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ლევან სანიკიძე აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტიკისთვის მოქმედების ტრადიციული სივრცე აღარ დარჩა. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს დღეს "ტექნიკური მთავრობა" ჰყავს და ქვეყნის მართვისთვის ცნობადი პოლიტიკოსებიც კი აღარ სჭირდება.

"დღეს საქართველოში პოლიტიკა მკვდარია. პოლიტიკოსის "პროფესია" კლასიკური ფორმით აღარ არსებობს. სად უნდა მოსინჯო შენი შესაძლებლობა, სად უნდა შეამოწმო შენი მხარდაჭერა?

არც არჩევნებია, არც პარლამენტი, არც საკრებულო - ეს შესაძლებლობები 2012-2024 წლამდე არსებობდა, ახლა ესეც აღარაა. რჩება მხოლოდ ქუჩის ტრიბუნა, სადაც, თუკი ვინმე იღებს ინიციატივას, იმას მაშინვე იჭერენ. მედიასაც ბოლომდე გუდავენ, პარტიებს აუქმებენ. ამ ჩაკეტილი წრიდან გარღვევას ის პოლიტიკოსი გააკეთებს, რომელიც - ჯერ დაამარცხებს პროპაგანდას, მოიპოვებს საზოგადოების ტოტალურ ნდობას და შეძლებს ნორმალური ადამიანების კონსოლიდაციას. სათქმელად მარტივია, შესასრულებლად ურთულესი. და ამ დროს ისევ გრძელდება მარჩიელობა, კობახიძეს მოხსნიან თუ არა. ოღონდ ამაზე ბრძნულ მოსაზრებებს ზუსტად ის ხალხი აფრქვევს, რომლებიც გუშინ ამბობდნენ, ივანიშვილი კობახიძის და მდინარაძის ტყვეობაშიაო.

მოკლედ, სასაცილოა. სინამდვილეში, დღეს ივანიშვილს ჰყავს საკუთარი ტექნიკური მთავრობა. ქართული ოცნება პოლიტიკოსების სამჭედლო არასდროს ყოფილა, მაგრამ დღეს მინისტრთა კაბინეტის უმრავლესობის სახელი და გვარი მამალმა ქოცებმაც აღარ იციან.

მიზეზი მარტივია: არათუ პოლიტიკოსი, ივანიშვილს ცნობადი ქოციც კი აღარ სჭირდება ქვეყნის სამართავად. მაფიოზური მმართველობა ახალ ეტაპზე გადავიდა", — აცხადებს სანიკიძე.