პროკურატურამ შსს-ს თანამშრომლების მხრიდან აქტივისტ სერგეი ყანჩელის მიმართ განხორციელებულ შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაიწყო.

"სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რომლის შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას", — წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ აქტივისტმა სერგეი ყანჩელმა სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ 27 სექტემბერს პოლიციამ გააჩერა, სასაფლაოზე აიყვანა და ფიზიკურად და სექსუალურად შეავიწროვა. ყანჩელი მომხდარს მის სამოქალაქო პოზიციას უკავშირებს.