დააკავეს მამაკაცი, რომელმაც არასრულწლოვანთან ერთად სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრლადებული ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თანხმლებ არასრულწლოვანთან ერთად ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მეშვეობით საკუთარ ანგარიშებზე გარკვეული რაოდენობის თანხა ჩარიცხეს, შემდეგ კი აღნიშნული აპარატი დააზიანეს და მასში არსებულ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.

კომპანიისთვის მიყენებულმა ზარალმა 3784 ლარი შეადგინა.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო თანხმლები არასრულწლოვნის მიმართ კანონით განსაზღვრული ღონისძიებები ტარდება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.