უმრავლესობის დეპუტატი, სოფო კილაძე აცხადებს, რომ სასწრაფოდ უნდა გაირკვეს, ვინ დაუშვა სერგეი გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელზე დაჯდომა და უნდა დადგეს ამ ადამიანის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. ამის შესახებ კილაძე Facebook-ზე წერს.

"ყველაზე საშინელ კოშმარშიც გამიჭირდებოდა იმის წარმოდგენა, რომ ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილს დაიკავებდა. სამშობლოსთვის დაღუპული გმირების სულები ალბათ ადგილს ვერ პოულობენ", — წერს კილაძე.

მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში რუსი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდნენ. ასამბლეის წევრი, სერგეი გავრილოვი პარლამენტში, ირაკლი კობახიძის სავარძელში ჩაჯდა. პროტესტის შემდეგ ასამბლეის წევრებმა პარლამენტის შენობა დატოვეს.