ეს ჩიპი ტვინში ჩანერგვისას მეხსიერებას 37%-ით აუმჯობესებს
მინესოტაში, მაიოს კლინიკაში გადაღებულ შავ-თეთრ ვიდეოში ჩანს საავადმყოფოს საწოლზე მჯდარი პაციენტი, შეხვეული თავით. ის ცდილობს გაიხსენოს მეხსიერების ტესტის დროს მისთვის ნათქვამი 12 სიტყვა, თუმცა მხოლოდ სამის გახსენებას ახერხებს: ვეშაპი, ხრამი და ზოოპარკი.
მეორე ვიდეოში ის 12-ვე სიტყვას მარტივად იხსენებს — მკვლევარი აღტაცებულია. ამჯერად პაციენტს ტვინში მეხსიერების გასაუმჯობესებელი სპეციალური ჩიპი ჰქონდა ჩამაგრებული.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აშშ-ს დაწინაურებული კვლევის პროექტების სააგენტომ (DARPA) ტვინის ტრამვის მქონე პაციენტებისათვის მეხსიერების აღმდგენი მოწყობილობების გასავითარებლად $77 მილიონი დახარჯა. 2018 წელს კი მკვლევარების ორმა ჯგუფმა ადამიანებში ჩატარებული ექსპერიმენტების დამაიმედებელი შედეგები გამოაქვეყნა.
გამოყენებული ჩიპი პენსილვანიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორის, მაიკლ კაჰანას და ტექნოლოგიური კომპანია Medtronic Plc-ის მიერ იყო შექმნილი. ტვინის საფეთქლის წილთან შეერთებით მოწყობილობა ელექტრულ აქტივობას ზომავს და ვარაუდობს, მოხდება თუ არა ხანგრძლივი დამახსოვრება.
"როგორც მეტეოროლოგები წინასწარმეტყველებენ ამინდს გარემოში სხვადასხვა სენსორის დახმარებით, ჩვენც ასევე ვაკვირდებით ტვინს და მასში ჩაშენებული სენსორის წყალობით მის ელექტრულ აქტივობას ვზომავთ", — აცხადებს კაჰანა.
თუ სენსორი ინფორმაციის მეხსიერებაში გადასვლისათვის ოპტიმალურ ელექტრულ აქტივობას ვერ აფიქსირებს, ჩიპი პაციენტისთვის შეუმჩნევლად ტვინს უმცირეს ელექტრულ შოკს აყენებს, რაც ინფორმაციის დამახსოვრების შანსს ზრდის. ორ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ კვლევაში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ამ მოწყობილობის პროტოტიპი მეხსიერებას 15% და 18%-ით სტაბილურად აუმჯობესებდა.
უეიქ ფორესტის ბაპტისტური სამედიცინო ცენტრისა და სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის გაერთიანებულმა გუნდმა ტესტირებით კიდევ უფრო უკეთესი შედეგი აჩვენა. წინა წელს გამოქვეყნებულ კვლევაში ავტორები აცხადებენ, რომ მათ პაციენტების მეხსიერება 37%-ით გააუმჯობესეს. კვლევის მთავარი ავტორის, რობერტ ჰამპსონის თქმით, ისინი პაციენტებს ეკითხებოდნენ, მაგალითად, სად დააყენეს მანქანა, სად შეინახეს გასაღებები, ან მედიკამენტები.
მეხსიერების ჩამოსაყალიბებლად რამდენიმე ნეირონის სპეციფიკური აქტივაციაა საჭირო, ეს ერთგვარი კოდია, რომელიც ყველა მეხსიერებისა და ადამიანისთვის უნიკალურია.
გუნდმა ჰიპოკამის (რეგიონი, რომელიც მეხსიერების ჩამოყალიბებაში მონაწილეობს) რამდენიმე ათეულ ნეირონზე დაკვირვებით თითოეულ პაციენტში ინდივიდუალურად ისწავლა, რომელი ტიპის აქტივობა იწვევდა ინფორმაციის ხანგრძლივად დამახსოვრებას და რომელი — არა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში კი მეცნიერები ჩიპს ააქტიურებდნენ.
გუნდმა პაციენტებისთვის სხვადასხვა ფოტოს ჩვენების შედეგად გარკვეული ნეირული აქტივობის რომელიმე კონკრეტულ მეხსიერებასთან დაკავშირებაც კი შეძლო.
"ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ელექტრული აქტივობა, მაგალითად, ყვითელ სახლსა და მის წინ მდგომ მანქანას აღნიშნავს", — აცხადებს სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის ბიოინჟინერიის პროფესორი თეოდორ ბერგერი, რომელიც კვლევისთვის მათემატიკურ მოდელებს ქმნიდა.
ორივე ჯგუფმა ექსპერიმენტი ეპილეფსიის მქონე პაციენტებზე ჩაატარა, რადგან მათ ტვინში სპეციალურ იმპლანტები უკვე ჩამონტაჟებუილ ჰქონდათ. ამჟამად იმპლანტის ფუნქციონირებისთვის საკმაოდ მოზრდილი ზომის მოწყობილობაა საჭირო, რომელიც სხეულის გარეთ უნდა განთავსდეს. შემდეგი ნაბიჯი უფრო პორტატული იმპლანტების შექმნა და აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციისგან უფლების მოპოვებაა, რომ მსგავსი მოწყობილობები ბაზარზე ხელმისაწვდომი გახდეს.
სტარტაპი, სახელად Nia Therapeutics კაჰანას ტექნოლოგიის კომერციალიზაციას უკვე ცდილობს. DARPA-ს ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი ჯასტინ სანჩესი აცხადებს, რომ ასეთ იმპლანტებს პირველ რიგში ომის ვეტერანები გამოიყენებენ. ამის შემდეგ, ის ხელმისაწვდომი ალბათ ინსულტისა და ალცჰაიმერის პაციენტებისთვის გახდება. საბოლოო ჯამში კი მისი შეძენა ალბათ ყველას შეეძლება.
"თუმცა არ მგონია, ვინმე ტვინის ოპერაციას ნებაყოფლობით დათანხმდეს. ეს ტექნოლოგია მასობრივად ხელმისაწვდომი და პოპულარული მაშინ გახდება, როდესაც ის ნაკლებად ინვაზიური იქნება", — აცხადებს სანჩესი.
კომენტარები