რადიო თავისუფლებამ გაასაჯაროვა ექსპერტიზის დასკვნა ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული უკრაინელი ქალის იულია სუსლიაკის საქმეზე. დასკვნაში წერია, რომ 10 ბავშვიდან 4 იური და იულია სუსლიაკის შვილები არიან, ხოლო 6 ბავშვი მხოლოდ იური სუსლიაკის.

ფოტო: რადიო თავისუფლება

იულია სუსლიაკის ადვოკატს, ზურაბ თოდუას ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა უკვე გადაეცა. ის ამბობს, რომ სხვა მტკიცებულებებს ნამდვილობაც დადასტურდება და საქმე უნდა შეწყდეს.

ექსპერტიზა ჩატარდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.

რადიო თავისუფლების ცნობით, ადვოკატმა სასამართლოში შეიტანა შუამდგომლობა იულია სუსლიაკისთვის საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით. სასამართლოს პოზიცია უახლოეს საათებში გაირკვევა.

ტრეფიკინგის საქმე

ტრეფიკინგში ბრალდებულ უკრაინელ ქალს, იულია სუსლიაკს, რომელიც მოსკოვიდან საქართველოში 10 ბავშვით ჩამოვიდა, აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

1982 წელს დაბადებულ უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკს არასრულწლოვნით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) ედება ბრალად. დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ათივე ბავშვი მისი შვილია.

ბრალდებული, მიმდინარე წლის 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იულია სუსლიაკი საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა.

საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი იულია სუსლიაკის შვილია და მის გვარს ატარებს, თუმცა მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც სამართალდამცველებს ტრეფიკინგის ეჭვი გაუჩინა. როგორც ბრალდებულის ადვოკატი ზურაბ თოდუა განმარტავს, 4 ბავშვი იულია სუსლიაკის ბიოლოგიური შვილია, ხოლო დანარჩენი 6 კი სუროგაციის გზით გაჩნდა.

შსს-ს ცნობით, იულია სუსლიაკი უკრაინიდან რუსეთში 11 ბავშვის თანხლებით გადავიდა, საქართველოში კი 10 ბავშვი ჩამოიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტერპოლის არხებით ცდილობს მოიძიოს ინფორმაცია იმ ერთი ბავშვის შესახებ, რომელიც ამ დრომდე არ ჩანს. დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ ბავშვი გარდაცვლილია და ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენას სასამართლოში აპირებს.

გამოძიება ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე 2-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.